Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“მზადყოფნა შემდგომი ეტაპისთვის” - “24 საათი” თბილისში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის


“მზადყოფნა შემდგომი ეტაპისთვის” - “24 საათი” თბილისში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ინიციატივით მიმდინარე ე.წ. “როუზ-როთის” სემინარს ეხმაურება.

პუბლიკაციის ავტორი შენიშნავს, რომ, ხელისუფლების წარმომადგენელთა გარდა, სემინარს დადებითად აფასებენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც და ერთ-ერთ მაგალითად მოჰყავს დემოკრატიის, მშვიდობისა და განვითარების კავკასიის ინსტიტუტის დირექტორის გია ნოდიას კომენტარი: “ევროპაში არიან ქვეყნები, რომლებიც ფეხს ითრევენ, რომ საქართველოსთვის ნატოს კარი გააღონ. ევროპაში საქართველოს სასარგებლოდ ერთიანი აზრის ჩამოსაყალიბებლად გარკვეული მუშაობაა საჭირო. ასეთი ფორუმები სწორედ ამ საქმეს ემსახურება და საინფორმაციო კამპანიის ნაწილს წარმოადგენს”, - უთქვამს გია ნოდიას “24 საათისთვის”.

საქართველოს ნატოში ინტეგრაციის თემას ეხება “ახალი ვერსიისთვის” მიცემულ ინტერვიუში პარლამენტის ოპოზიციონერი წევრი დავით ბერძენიშვილი, რომელიც ამბობს: “აშშ ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორია. მთელი პოლიტიკური სპექტრი მოსურნეა, რომ საქართველო ნატოში შევიდეს, მაგრამ, ამასთანავე, დემოკრატიული ოპოზიციის სურვილია, აშშ-მა და ევროპამ საქართველოში დემოკრატიული სტანდარტის გაზრდას ხელი შეუწყოს. საქართველო, ჩვენი საზოგადოება, თავისი პოლიტიკური კულტურით, მზად არის იმისთვის, რომ ჩვენ ისეთი სტანდარტების დაკმაყოფილება მოგვთხოვონ, როგორიც თავის დროზე რუმინეთს და ბულგარეთს მოსთხოვეს”, - ამბობს დავით ბერძენიშვილი “ახალ ვერსიასთან” ინტერვიუში, რომლის ძირითადი თემა პარლამენტის რეგლამენტის იმგვარად შეცვლა გახლავთ, რომ ოპოზიციას უმცირესობის შექმნისა და რიგი კომიტეტების ხელმძღვანელი პოსტების დაკავების საშუალება მიეცეს. ბერძენიშვილი ამბობს: “ჩვენ რეგლამენტის გაუმჯობესების იმიტაცია კი არ გვსურს, არამედ მისი რეალური გაუმჯობესება. ერთი დამატებითი სავარძელი სპიკერატში კი მხოლოდ იმიტაცია არის და მეტი არაფერი. ხელისუფლებას პარლამენტში უმცირესობის არსებობა აწყობს. ამ შემთხვევაში პარლამენტი დემოკრატიულ ორგანოდ ჩაითვლება. ამის გამოა, რომ უმრავლესობა ერთ სავარძელს გვაძლევს, ჩვენ კი ეს არ გვაკმაყოფილებს”. ინტერვიუს დავით ბერძენიშვილთან “ახალი ვერსია” აქვეყნებს.

პარლამენტის უმრავლესობის ერთ-ერთ ლიდერ გიგა ბოკერიასთან ვრცელ ინტერვიუს აქვეყნებს “24 საათი”. საუბარში ბოკერია რამდენჯერმე ეხება მედიის პროფესიონალიზმს. “სამწუხაროდ, ჩვენი პოლიტიკური სპექტრის ნაწილს და ჩვენს მედიას ისტერიკა ახასიათებს. გამოცდილება ვერ დააგროვეს, რომ ამით ვერანაირ შედეგს ვერ მიაღწევენ”, - ამბობს გიგა ბოკერია “24 საათის” კორესპონდენტთან საუბარში, რომელიც სტრასბურგშია ჩაწერილი.

ქვეყნის შიდა პოლიტიკის საკითხებს მიმოიხილავს პარლამენტის ფრაქცია “დამოუკიდებელი მაჟორიტარების” წარმომადგენელი ვალერი გელბახიანი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში, საიდანაც ვიგებთ, რომ სულ მალე ქვეყნის თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი პარტიის ჩამოყალიბების შესახებ განაცხადებს.

“რეზონანსი” მკითხველს ატყობინებს, რომ “პური ძალიან მალე გაძვირდება”. გაზეთი წერს: “გარდა გაზის ტარიფის მატებისა, სექტემბრისთვის მთავრობაში ელექტროენერგიის საფასურსაც გადახედავენ. ექსპერტები ფიქრობენ, რომ გაზისა და დენის გაძვირებული ტარიფები საქართველოს მოქალაქეებს არა მარტო გადასახადების სახით დააწვება, არამედ სამომხმარებლო კალათაში ფასების ავტომატურ ზრდასაც გამოიწვევს. პურპროდუქტებში ენერგეტიკის საერთო წილი 10-12 პროცენტს შეადგენს”, - წერს “რეზონანსი”.

სოციალურ თემას განავრცობს “ახალი 7 დღის” მიმომხილველიც პუბლიკაციაში, სათაურით “ქართული პედოკრატია და მასათა ამბოხი”. “თუ იმას, რასაც ხელისუფლება თანამოქალაქეებს სთავაზობს, “სოციალურ-ეკონომიკურ პოლიტიკას” დავარქმევთ, მაშინ თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ “პოლიტიკამ” კრახი განიცადა. საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, არც იმის გაგება უნდა გაუჭირდეს ვინმეს, რომ ჩვენი ქვეყანა (თუ ვითარება კარდინალურად არ შეიცვალა უკეთესობისკენ) ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე დგას. გაზის ტარიფის უსაშველოდ გაძვირება მხოლოდ პირველი ეტაპია, რომელსაც ლოგიკურად, ბუნებრივად მოჰყვება “სოციალური ქვესკნელისთვის” დამახასიათებელი ყველა დანარჩენი “ჯოჯოხეთის წრეებიც”, - წერს “ახალი 7 დღის” მიმომხილველი.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG