Accessibility links

logo-print

ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მიღების მოლოდინი საქართველოში


უახლოესი ერთი წლის მანძილზე საქართველოს ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმაზე გადასვლა რეალურია,

ამის შესახებ განცხადებებს საქართველოს ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლები და მათთან ერთად ექსპერტები ერთმანეთის მიყოლებით აკეთებენ. არიან სკეპტიკოსებიც, თუმცა ნატოსკენ საქართველოს კიდევ უფრო დაჩქარებული ტემპით სვლის მომლოდინეებში ოპტიმიზმი თბილისში მიმდინარე ”როუზ-როთის” 65-ე სემინარმა და მასზე გამოთქმულმა მინიშნებებმა გაამყარა. რამდენად საფუძვლიანია უახლოესი ერთი წლის მანძილზე საქართველოს ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმაზე გადასვლის მოლოდინი?



საქართველო ამჯერად ნატოსთან ინტენსიური დიალოგის ეტაპს გადის, ეტაპს, რომელიც სექტემბერში უნდა დასრულდეს. ინტენსიური დიალოგის შემდეგ სხვა ეტაპი უნდა დადგეს. შემდეგი ნატოსკენ სავალ გზაზე საქართველოსთვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის შეთავაზება უნდა იყოს. სამოქმედო გეგმა არის ერთგვარი ბილეთი ნატოში, ამ ბილეთის მიღება კი იოლი არ არის, თუმცა ოპტიმისტები ელიან, რომ საქართველო მას უახლოესი ერთი წლის განმავლობაში მიიღებს. ”ეს არ იქნება იმის დადასტურება, რომ საქართველომ ყველა დავალება ერთნაირი წარმატებით შეასრულა, ყველა რეფორმა წარმატებით გაიარა. ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება. საქართველოსთვის ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის შეთავაზება იქნება უფრო ნატოში გაწევრიანების ბილეთის ავანსად გაცემა, ვიდრე საქართველოში მიღწეულის კაპიტალიზაცია,” - ამბობს პოლიტოლოგი თემურ იაკობაშვილი. შეკითხვას, რით შეიძლება აიხსნას მოლოდინი იმისა, რომ საქართველოს მიმართ მიღებული იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება, თემურ იაკობაშვილი უპასუხებს:

[თემურ იაკობაშვილის ხმა] ”პირველ რიგში, საქართველოს სურვილით, მეორე რიგში, საქართველოს სურვილით და, მესამე რიგშიც, საქართველოს სურვილით, რადგან, თუ პოლიტიკურ კონიუნქტურაზეა ლაპარაკი, პოლიტიკური კონიუნქტურა უფრო სასწრაფო და საჭირო კიევთან მიმართებაში იყო, ვიდრე საქართველოსთან მიმართებაში. ”(სტილი დაცულია)

სურვილი გამოხატულია ციფრებითაც. ახლო წარსულში ჩატარებული ცნობილი გამოკვლევით დადასტურებულია, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანებას მისი მოსახლეობის 83 პროცენტი უჭერს მხარს. რაც შეეხება იმას, როგორ გამოხატავს სურვილს საქართველოს ხელისუფლება, როგორც თბილისში მიმდინარე ”როუზ-როთის” 65 -ე სემინაზე წარმოთქმულ მისასალმებელ სიტყვაში საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმ აღნიშნა, ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით საქართველოს გეზი ურყევია და ამ გეზიდან გადახვევა არ მოხდება, იმის მიუხედავად, როგორი იქნება გაზის ფასი საქართველოსთვის. ერთია განცხადებები, მეორე - საქმე. საქართველოში არის პრობლემები, რომელთა გადაჭრის გარეშეც, პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლების აზრით, ნატოში გაწევრიანებაზე ოცნება ოცნებად დარჩება. ხელისუფლების წარმომადგენლები კი ირწმუნებიან, რომ ოცნება ახდება და არცთუ შორეულ მომავალში. ”როუზ-როთის” სემინარზე, რომელსაც ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დიდი დელეგაცია ესწრება, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ნიკა რურუას თქმით, დადებითად იქნა შეფასებული საქართველოში მიმდინარე ცვლილებები:

[ნიკა რურუას ხმა] ”განწყობა იყო ისეთი, რომ ჩვენმა სტუმრება - მათ შორის, რუსებმაც - აღიარეს, რომ საქართველო არის ჩრდილოატლანტიკური სივრცის ნაწილი და, უბრალოდ, დროის ამბავია, როდის გახდება ის წევრი. ყველა ცვლილება და რეფორმა იქნა მოწონებული, განსაკუთრებით სამხედრო სფეროში. ”

20 აპრილს ”როუზ-როთის” სემინარზე, სახელწოდებით ”საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე”, საქართველოში გაყინული კონფლიქტების თემა განიხილებოდა. საინტერესოა, რომ განხილვას სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული ალტერნატიული პრეზიდენტი დიმიტრი სანაკოევიც დაესწრო. ცალკეული პოლიტიკოსები საქართველოში ხშირად სვამენ კითხვას, მოუტანს თუ არა ნატო საქართველოს სარგებლობას კონფლიქტების მოგვარების მიმართულებით. ამიტომ საუბრის დასასრულს შემოგთავაზებთ ამ შეკითხვაზე პოლიტოლოგ თემურ იაკობაშვილის პასუხს:

{თემურ იაკობაშვილის ხმა] ”რუსეთი ამ კონფლიქტებით მანიპულირებას ეწევა, რომ საქართველო ნატოში არ შევიდეს. ამიტომ, თუ იქნება მიღებული გადაწყვეტილება, რომ საქართველო ნატოში შედის, რუსეთი დაკარგავს სახელმწიფო ინტერესს მანიპულირებისთვის და მეორე რა არჩევანი აქვთ აფხაზებს და ოსებს? რა ურჩევნიათ მათ? დარჩნენ რუსეთის ინტერესებში, დარჩნენ ჩრდილოეთ კავკასიის ნაწილად თუ დანარჩენ საქართველოსთან ერთად წამოვიდნენ ჩრდილოატლანტიკურ სტრუქტურებში, სადაც მათი უსაფრთხოების, ეთნიკური თვითმყოფადობის შენარჩუნებისა და ეკონომიკური განვითარების გაცილებით მეტი შანსებია, ვიდრე ეს არის რუსეთის ფედერაციაში.”
XS
SM
MD
LG