Accessibility links

logo-print

ქართველი და ამერიკელი სამხედროების ბოლო რანდევუ კრწანისის პოლიგონზე


აპრილის თვეში სრულდება

ქართულ-ამერიკული ”სტაბილურობის შენარჩუნების ოპერაციის” სამხედრო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც დაახლოებით 3000 ქართველი სამხედრო მოსამსახურე გაიწვრთნა. ერთმანეთს დაემშვიდობნენ ამერიკელი და ქართველი სამხედროები, რომლებსაც ორი წლის განმავლობაში ხშირად უხდებოდათ ოფლის ღვრა პოლიგონსა და საველე ლაშქრობებში. ამერიკელი ინსტრუქტორები მუდმივი დისლოკაციის ადგილს დაუბრუნდებიან, ქართული ბატალიონი კი სულ მალე სამშვიდობო მისიით ერაყში გაემგზავრება. თუმცა, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ამით არ სრულდება ამერიკული სამხედრო პროგრამები საქართველოში და, შესაბამისად, კრწანისის პოლიგონზეც, რომელსაც ხალხში ამერიკულ სამხედრო ბაზას უწოდებენ, კვლავ იფრიალებს ქართული და ამერიკული დროშები. დღეს ამერიკულ პროგრამაში მონაწილე ქართველ და ამერიკელ სამხედროებსა და მათ საბრძოლო მეგობრობაზე გესაუბრებით.


14 და 20 აპრილს კრწანისის სასწავლო ცენტრის პოლიგონზე ორი საზეიმო ცერემონია გაიმართა. ქართულ-ამერიკული ”სტაბილურობის შენარჩუნების ოპერაციის პროგრამის” დასრულება თავდაპირველად მე-3 ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონმა აღნიშნა, ერთი კვირის თავზე კი -მესანგრეთა ასეულმა. ორივე ღონისძიება ერთმანეთს წააგავდა: ორკესტრით, საპატიო სტუმრებით, საზეიმო მიტინგით, მისასალმებელი სიტყვებით, სამახსოვრო ფოტოებითა და სერტიფიკატებით. მაგრამ საზეიმო სცენარის შაბლონური ელემენტების მიუხედავად, ეს მაინც არ იყო ჩვეულებრივი ღონისძიება. მიზეზი მარტივია: ორივე გამოშვების ქართველი სამხედროები პოლიგონზე შეძენილ უნარ-ჩვევებს მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილში, ერაყში, გამოავლენენ. ეს არის შეგნებული არჩევანი, რაც აუცილებელი პირობა იყო ყველა რეკრუტისთვის ქართულ-ამერიკულ პროგრამაში მოსახვედრად, უთხრა რადიო ”თავისუფლებას” კაპრალმა მამუკა ბანძელაძემ, რომელსაც საერთაშორისო კონფლიქტებში მონაწილეობის გამოცდილება არა აქვს:
[მამუკა ბანძელაძის ხმა] ”შეეგუა ოჯახი. სხვა გზაც არ იყო და, რა ვიცი. და არაფერს არ ამბობენ ისეთს, რომ აი, საშიშროებას წარმოადგენს ან რაღაც. შეეგუა ოჯახი. იციან, რომ მივდივარ და დამილოცავენ გზას.”(სტილი დაცულია)

საერაყედ გამზადებული ქართველი სამხედროებისთვის გზის დალოცვა, სავარაუდოდ, ზაფხულში მოხდება, როდესაც ერაყში ქართული სამხედრო კონტინგენტის მორიგი როტაცია განხორციელდება. მანამდე კი ქართველ შეგირდებს გზა ამერიკელმა ინსტრუქტორებმა დაულოცეს. ამერიკელ ინსტრუქტორთა მეთაურმა, მაიორმა ქრეგ ჯონსმა მაღალი შეფასება მისცა ქართული ბატალიონის მომზადებას, ხოლო რამდენიმე გამორჩეულ სერჟანტსა და ოფიცერს საზეიმო ვითარებაში პირადად გადასცა ქების სერტიფიკატები.

[ქრეგ ჯონსი] ”თქვენ ხართ საუკეთესო ჯარისკაცი თქვენს ასეულში და აუცილებლად უნდა მოხდეს ამის აღიარება. იმედია, თქვენ მოგეწონათ ის სწავლება, რაც ჩვენ ერთად გავიარეთ. ასე რომ, წარმატებას გისურვებ ერაყში.”

კრწანისის პოლიგინზე მე მაიორ ქრეგ ჯონსს ვთხოვე მთლიანობაში დაეხასიათებინა ქართული ბატალიონი. განსაკუთრებით მაინტერესებდა დისციპლინისადმი ქართველი სამხედროების დამოკიდებულება, რადგან სტერეოტიპი, რომ ქართველებს ყველაზე მეტად უჭირთ დისციპლინასთან შეგუება, ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ და, ხშირ შემთხვევაში, არცთუ უსაფუძვლო შეფასებად ითვლება. ამერიკელმა ქრეგ ჯონსმა, რომელიც 10 თვის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ქართული ქვედანაყოფების წვრთნის პროცესს, მითხრა, რომ ამაყობს ქართველი სამხედროების სიჩაუქით და რომ მათთან ერთად ერაყშიც კი სიამოვნებით იმსახურებდა.

[ქრეგ ჯონსის ხმა] ”როგორც ჩემს გამოსვლაშიც აღვნიშნე, იმ 10 თვის განმავლობაში, რაც ჩვენ აქ ვიმყოფებით, სასიამოვნო იყო მუშაობა და წვრთნა ქართველი სამხედროების გვერდით. თქვენი ჯარისკაცები ძალიან კარგად დისციპლინირებულები არიან, ბევრს მუშაობენ და სწრაფად ითვისებენ. მათ შეიძინეს ყველა ის გამოცდილება, რაც ერაყში წარმატებისთვის იქნება საჭირო.”

მაგრამ როგორი შთაბეჭდილება დარჩათ თავად ქართველ სამხედროებს ამერიკელ ინსტრუქტორებზე? - დიდი ქვეყნის წარმომადგენლებზე, რომელთა სამხედრო ბარაკები და საყოფაცხოვრებო პირობები ბევრად აღემატება ქართველებისას, ანაზღაურებაში სხვაობაზე რომ არაფერი ვთქვათ. თუ ქართველი პროფესიონალი ჯარისკაცის ხელფასი 500 ლარს აღწევს, მისი ამერიკელი კოლეგა, სამივლინებო დანამატის ჩათვლით, სულ მცირე, 15 -ჯერ მეტ ხელფასს იღებს. ასეთი სხვაობა ხშირად იწვევს ანტაგონიზმს ადამიანებს შორის, თუნდაც ისინი ერთი ერის წარმომადგენლები იყვნენ. ქართველი სამხედროები, ვისაც მე ამ შეკითხვაზე აზრის გამოთქმა ვთხოვე, ამერიკელ ინსტრუქტორებს ალალ და გულღია, ყოველგვარი შოვინისტური გამოვლინებებისაგან თავისუფალ ადამიანებად ახასიათებდნენ. კაპრალმა ემზარ დემეტრაძემ რადიო ”თავისუფლებას” უთხრა, რომ ყოველთვის დაელოდება ამერიკელ მეგობრებს, რომლებიც მან პროგრამაში შეიძინა.

[ემზარ დემეტრაძის ხმა] ” გული გვწყდება იმიტომ, რომ ეს ჩვენი ინსტრუქტორები, რომლებიც ჩვენთან ერთად იმყოფებოდნენ, სამწუხაროდ, უნდა დავცილდეთ ერთმანეთს და აღარ გვექნება შესაძლებლობა, რომ კვლავ შევიკრიბოთ. მაგრამ თუ კიდევ ჩამოვლენ, ჩვენ მოვალთ და აუცილებლად მოვინახულებთ და მეგობრულ ურთიერთობებს შევინარჩუნებთ. მათთან არა მხოლოდ საბრძოლო მეგობრობა ჩამოგვიყალიბდა, არამედ ადამიანური. თითქოს მეგობარი შემეძინოს.”(სტილი დაცულია)

თუმცა სულ მალე მე-3 ქვეითი ბრიგადის მეომრები ახალ მეგობრებს და თანამებრძოლებს ერაყში შეიძენენ და არამხოლოდ ამერიკელების სახით. საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ზაფხულში ერაყში, ალკუტში, ქართული ბრიგადა გაემგზავრება, 2000 კაცის შემადგენლობით. როგორც საქართველოს გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, ვიცე-პოლკოვნიკმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ რადიო ”თავისუფლებას” უთხრა, ქართული ქვედანაყოფის დაქვემდებარებაში შევა დაახლოებით 9 ქვეყნის კონტინგენტი და საკმაოდ ვრცელი ტერიტორია მდინარე ტიგროსის სანაპიროზე. ქალაქ ალკუტში, რომელიც ბაღდადის ჩრდილოეთით მდებარეობს და მისგან 110 კილომეტრით არის დაშორებული, მოქმედებს მაჰდის გასამხედროებული არმია, რომელიც დღემდე გააფთრებულ წინააღმდეგობას უწევს კოალიციას და ერაყის უსაფრთხოების ძალებს.
XS
SM
MD
LG