Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გენოციდის საკითხი მძიმე ტვირთად აწევს თურქეთ-სომხეთის ურთიერთობას


24 აპრილს სომხები მთელ მსოფლიოში აღნიშნავენ პირველი მსფოლიო ომის პერიოდში თურქეთში მცხოვრები მათი თანამემამულეების მასობრივი გაჟლეტის 92-ე წლისთავს.

მათი ისტორიის ამ ტრაგიკულ ფურცელს ისინი უწოდებენ გენოციდს - ტერმინს, რომელსაც თურქეთი უარყოფს. ამ მოვლენამ და მის ისტორიულ კვალიფიკაციასთან დაკავშირებულმა დავამ სერიოზული დაძაბულობა წარმოშვა ორ მეზობელ ქვეყანას შორის. თუმცა არსებობს იმის ნიშნები, რომ ორივე მხარეს არის მზადყოფნა, გადაილახოს ეს მრავალწლიანი დაპირისპირება.

იყო თუ არა 1915 წლის დეპორტაციები და მასობრივი მკვლელობები გენოციდი? ეს შეკითხვა დღემდე არის თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობებში დაძაბულობის მთავარი წყარო. ამის ცხადი გამოხატულებაა ორ ქვეყანას შორის გაწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობები და 268 კილომეტრიანი საზღვარი, რომელიც 1993 წლიდან ჩაკეტილია.

სომხები ამბობენ, რომ 1915 წელს, როცა ოსმალეთის იმპერია ნგრევას იწყებდა, თურქებმა მილიონნახევარი სომეხი გაჟლიტეს. თურქები ამბობენ, რომ სომხების გაჟლეტა ნაწილი იყო უფრო ფართო კონფლიქტისა, პირველი მსოფლიო ომისა, და რომ მხოლოდ 300 ათასი სომეხი დაიღუპა.

დღეისთვის ამ დაპირისპირებამ გლობალური მასშტაები შეიძინა. მთელი რიგი ქვეყნები აღიარებენ, რომ სომხების გაჟლეტა იყო გენოციდი - ანუ რასობრივი, პოლიტიკური და კულტურული ჯგუფის გეგმაზომიერი და სისტემატური განადგურება. რიგი ქვეყნები კი არ ემხრობიან ამგვარ კვალიფიკაციას.

მაგალითად, რუსეთმა და კანადამ საკანონმდებლო დონეზე აღიარეს გენოციდის ფაქტი. საფრანგეთის კანონმდებლობის თანახმად, გენოციდის ფაქტის უარყოფაში ბრალდებულს ერთ წლამდე ციხე და 64 ათას დოლარამდე ჯარიმა ემუქრება. იმავე სასჯელით ისჯება ჰოლოკოსტის უარყოფაც.

რაც შეეხება შეერთებულ შტატებს, კონგრესმა, სადაც დემოკრატები დომინირებენ, მოიწონა კანონპროექტი, რომელიც სომხების გაჟლეტას გენოციდის კვალიფიკაციას აძლევს. მაგრამ დოკუმენტი დიდ წინააღმდეგობას წააწყდა პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაციის მხრიდან, რომელიც თურქეთთან - ნატოში შეერთებული შტატების მოკავშირესთან - კარგი ურთიეორთობების შენარჩუნებას ცდილობს.

მაშინ, როცა გენოციდის საკითხმა საერთაშორისო პოლიტიკის სფეროში გადაინაცვლა, თავად სომხებს შორის ბევრი მიიჩნევს, რომ დროა, შეწყდეს ამ საკითხით სპეკულაცია. თურქეთის მხარე უფრო ჯიუტ პოზიციაზეა. ვაშინგტონელი პოლიტოლოგის, სონერ ჯაგაპტაის თქმით, თურქი პოლიტიკოსები თავს იკავებენ სომხეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებისგან, ვინაიდან ისინი თუქეთის მოსახლეობაში სომხების მიმართ არსებულ მტრულ დამოკიდებულებას უწევენ ანგარიშს.

ჯაგაპტაის ხმა 1968 "ეს ნათელყოფს, რომ საზოგადოებაც ისევე ურყევი და უკომპრომისოა ამ საკითხში, როგორც პოლიტიკოსები."

ოფიციალურად თურქეთმა განაცხადა, რომ სომხეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღსადგენად სომხეთმა უარი უნდა თქვას გენოციდის საერთაშორისო აღიარებაზე.

თუმცა ზოგი თურქი პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ ანკარამ არ უნდა წამოაყენოს ამგვარი წინაპირობები ურთიერთობების ნორმალიზებისთვის.

უკანასკნელ ხანებში მსგავსი განწყობილება შეინიშნება სომხეთის პოლიტიკურ წრეებშიც. მაგალითად, საგარეო საქმეთა მინისტრმა ვარდან ოსკანიანმა ვენაში ვიზიტისას განაცხადა, რომ ერევანი არავითარ პირობას არ აყენებს თურქეთთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად და ამასვე მოელის თურქეთისგან.

მაგრამ ორ ქვეყანას შორის დაახლოებას სერიოზულად უშლის ხელს სომხური დიასპორა, რომელსაც დიდი გავლენა აქვს რიგ დასავლეთის ქვეყნებში, განსაკუთრებით შეერთებულ შტატებში.

ხშირ შემთხვევაში სომხეთის მთავრობას და სომხურ დიასპორას განსხვავებული პოზიციები აქვთ თურქეთთან ურთიერთობების საკითხში.

დიასპორა წინააღმდეგია დათმობისა და ანკარისგან გენოციდის აღიარებას მოითხოვს.

ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს ართულებს თურქეთის ტრადიციულ მოკავშირესთან, აზერბაჯიანთან კონფლიქტიც მთიანი ყარაბაღის გამო.

მიუხედავად იმისა, რომ თურქეთსა და სომხეთს შორის საზღვარი ჩაკეტილია, ორ ქვეყანას შორის ვაჭრობა მაინც წარმოებს სხვა ქვეყნების, მათ შორის საქართველოს გავლით.

სოიაკის ხმა 1970 "ადამიანებისა და საქონლის თავისუფალი გადაადგილება აუცილებლად დიდ გავლენას მოახდენდა რეგიონის განვითარებაზე, რეგიონის ეკონომიკურ განვითარებაზე," მიაჩნია თურქეთ-სომხეთის ბიზნესის განვითარების საბჭოს წევრ ნოიან სოიაკს.

აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ თურქეთსა და სომხეთს შორის რთული ურთიერთობების მანძილზე იყო მთელი რიგი ნათელი წერტილებიც. 1999 წელს, თურქეთში მიწისძვრის შემდეგ სომხეთმა ჰუმანიტარული დახმარება გაგზავნა მეზობელ ქვეყანაში. 2007 წლის იანვარში სომხური წარმოშობის თურქი ჟურნალისტის, ჰრანტ დინკის მკვლელობის წინააღმდეგ ათიათასობით თურქმა აიმაღლა ხმა.
XS
SM
MD
LG