Accessibility links

აღდგომის დღესასწაული და ქართული საგალობლები


აღმოსავლური მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლისთვის,

ქართველი მართლმადიდებლებისთვის, აღდგომა ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი დღესასწაულია. მას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. ხუთი ათასი წლის წინათ იუდეველთა ტომები აღდგომას გაზაფხულზე აღნიშნავდნენ. ის ჯერ მკის ალოს დადგომას, შემდეგ კი ებრაელების ეგვიპტიდან გამოსვლას უკავშირდებოდა. ქრისტიანული სამყარო არა, უბრალოდ, აღდგომას, არამედ ქრისტეს აღდგომას ზეიმობს. ეს დღესასწაული მსოფლიო საეკლესიო კრებამ 325 წელს დააარსა. მართლმადიდებლები აღდგომას გაზაფხულის მთვარის მოვანების მომდევნო პირველ კვირა დღეს აღნიშნავენ. რუსული მართლმადიდებლობისგან განსხვავებით, რომელმაც ბიზანტიელებისაგან მზა - გარკვეულწილად, გაქვავებული - ქრისტიანობა მიიღო, ჩვენი, ქართული, ევანგელიკური ქრისტიანობა პირველადი წყაროებიდან იღებს სათავეს. ამ მოძღვრებაში გამუდმებით და მძლავრად ჟღერს თავისუფლების იდეა. ასეთივე მოტივით, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, განმსჭვალულია ჩვენი საგალობლებიც. ამ დღეებში დიდებულ ტაძრებსა და პატარა ეკლესიებში წირვის დროს ისმის ქართული საეკლესიო საგალობლები. ქართველებისთვის სიმღერა ლოცვის ამაღლებული და ჰარმონიული ფორმაა. ჩვენი საგალობლების სამხმიანობა შემთხვევითი როდია: ძველი ტრადიციების თანახმად, პოლიფონიის თითოეული ხმა ღმერთისკენ მიმართულ თხოვნას, მადლიერებას, სიხარულს თუ მონანიებას გამოსახავს - სიმღერა ხომ ადამიანის შინაგანი, არსობრივი ატრიბუტია, რომელსაც უშუალო ან გაშუალებული კავშირებით სხვა მრავალი ატრიბუტი უერთდება. სიმღერაში ადამიანი წარმოაჩენს თავის არსს. აქ ხდება მისი შეხვედრა ღმერთთან და ღვთის მიერ შექმნილ სამყაროსთან. სიმღერები და საგალობლები თაობიდან თაობას გადაეცემა. “შენ ხარ ვენახი”, “ წმინდაო ღმერთო”, “მამაო ჩვენო”... დღეს ვერავინ იტყვის, საქართველოს რომელ კუთხეში გაისმა პირველად ესა თუ ის სიმღერა ან საგალობელი. კახეთში, გურიაში, იმერეთში, ქართლში მისი ბგერადობა განსხვავებულია, მაგრამ, სინამდვილეში, ეს ერთი და იგივე სიმღერაა.

მუსიკალური ჩანართი [“შენ ხარ ვენახი”]

ღვთის შემოქმედება გაგრძელებას და პასუხს პოულობს ადამიანის ხელოვნებაში. “ადამიანს აქვს შინაგანი სიმები. მუსიკა რომ წარმოიშვას, ამ სიმებს უნდა შეეხოს ჰაერი”,_ აღნიშნავს ვოკალის შესანიშნავი მკვლევარი, ცნობილი მომღერალი, საქართველოს სახალხო არტისტი, პროფესორი ნოდარ ანდღულაძე. ქართველებს უზომოდ უყვართ საეკლესიო საგალობლები. ისინი განსაკუთრებული ძალით და გამომხატველობით ჟღერს არა საკონცერტო დარბაზში, არამედ ტაძარში. ჩვენი ტაძრების უმრავლესობას აქვს შესანიშნავი აკუსტიკა. ძველმა ოსტატებმა მშვენივრად იცოდნენ, ეკლესიის კედლის რა ადგილას და რა რაოდენობით უნდა განელაგებინათ თიხის სპეციალური დოქები იმისთვის, რომ გაეწმინდათ, გაეკეთილშობილებინათ ხმა.

მუსიკალური ჩანართი [ქართული საგალობელი]

დროთა განმავლობაში ქართული ხალხური სიმღერებისა და საეკლესიო საგალობლების შესრულების ტრადიციიდან ზოგი რამ, სამწუხაროდ, დაიკარგა. თუმცა ეს პრობლემები მუსიკისმცოდნეებს მივანდოთ. დღევანდელი სადღესასწაულო გადაცემა კი მინდა მერაბ მამარდაშვილის სიტყვებით დავასრულო: “ქართული მუსიკის ტრადიციულ სტრუქტურას ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ის ჩემი სულის, მთლიანობაში, ჩემი შინაგანი სამყაროს, ჩემი, როგორც ქართველის, გამოვლენა და გარე გაწვდენაა.”

მუსიკალური ჩანართი [ვახტანგ კახიძის “გლორი ალილუია”]

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG