Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტის ახალი სამშვიდობო ინიციატივები დიდ ბრიტანეთში ვიზიტის წინ


საპარლამენტო პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციებისა და საკანონმდებლო ორგანოს თანხმობის შემდეგ,





საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 23 აპრილს ცხინვალის კონფლიქტის მოწესრიგების ხუთპუნქტიანი გეგმა წარმოადგინა. დოკუმენტი, რომელსაც სააკაშვილმა ”კონკრეტული და გაბედული ნაბიჯი უწოდა”, ეთნიკურ ოსებს,ავტონომიური ოლქის სრულ აღდგენამდე, ფართო უფლებებით აღჭურვილი დროებითი ადმინისტრაციის შექმნას ჰპირდება. ნიშანდობლივია, რომ აღნიშნული გეგმა, რომლის ყველა პუნქტს საქართველოს პარლამენტი 1 მაისს უყრის კენჭს, საქართველოს პრეზიდენტმა ფართო სამსჯავროზე გამოიტანა ოფიციალური ვიზიტით დიდ ბრიტანეთში წასვლის წინ, სადაც, ვიზიტის პროგრამით, ასევე იგეგმება ”მხარდაჭერის მოპოვება კონფლიქტების დარეგულირების პროცესში.”


ქართულ-ოსური კონფლიქტის დარეგულირების გეგმა, რომელიც პრეზიდენტმა საზოგადოებას 23 აპრილს გააცნო, 5 პუნქტისაგან შედგება. მან უნდა შექმნას ავტონომიის აღდგენის საფუძველი, ავტონომიისა, რომელიც, საქართველოს უზენაესი საბჭოს გადაწყვეტილებით, 1990 წელს გაუქმდა. ამ გეგმაში მთავარი სიახლე ისაა, რომ, დროებითი ადმინისტრაციის გარდა, ეთნიკურ ოსთა გარდამავალ მმართველობით ერთეულს მაღალი წარმომადგენლობა ექნება ცენტრალურ სამინისტროებში.

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”ასევე ჩვენ ვთავაზობთ ამ დროებით ადმინისტრაციას საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებაში - საქართველოს შინაგან საქმეთა, ფინანსთა, ეკონომიკის, განათლებისა და მეცნიერების, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის, კულტურის, იუსტიციის, სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის სამინისტროებში - მოადგილეების დანიშვნას მათ მიერ, იმ მოადგილეების, რომელთაც საგანგებო მანდატი ექნებათ ამ ტერიტორიაზე.”

საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივა ასევე სთავაზობს კონფლიქტში მონაწილე ყველა პირსა და საზოგადოებრივ გაერთიანებას, მიიღოს მონაწილეობა დაკომპლექტებაში დროებითი ადმინისტრაციისა, რომელსაც, მნიშვნელოვანი ფუნქციების გარდა, როგორიცაა საბოლოო სტატუსის განსაზღვრა, ექნება ”საგანგებო ფინანსური პაკეტი” ყველა უფლებამოსილების განსახორციელებლად.

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ” დროებით ადმინისტრაციას ევალება ხელისუფლებასთან მოლაპარაკების პროცესში იმუშაოს რეგიონის რეკონსტრუქციაზე, ყველა ადამიანის უფლების სათანადო წარმოდგენაზე, საბოლოო სტატუსის გარკვევაზე, ჩამოყალიბებაზე და საბოლოო სამშვიდობო გადაწყვეტაზე. ჩვენ ვთავაზობთ ადმინისტრაციული ერთეულის შემქმნელ ძალებს საგანგებო ფინანსურ პაკეტს რეგიონის რეაბილიტაციისთვის, რეგიონის შემდგომი განვითარებისთვის.”[სტილი დაცულია]


საქართველოს პრეზიდენტს უშიშროების საბჭოს სხდომაზე არ დაუკონკრეტებია, თუ რა მოცულობის იქნება დროებითი ადმინისტრაციული ერთეულისათვის განკუთვნილი ”საგანგებო ფინანსური პაკეტი”. სავარაუდოდ, ყველა დეტალზე უფრო საგნობრივი მსჯელობა გაიმართება 1 მაისს, როდესაც საქართველოს პარლამენტს მოუწევს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი გეგმის პუნქტობრივი განხილვა და შესწორებების შეტანა ყველა იმ კანონში, რაც დროებითი ადმინისტრაციისთვის ფუნქციონირების ლეგიტიმაციას და დაფინანსებას შეეხება. მანამდე კი საქართველოს ხელისუფლება გამოდის კიდევ ერთი ამბიციური ინიციატივით - შეიცვალოს სამშვიდობო მოლაპარაკების ფორმატი და მასში დროებითი ადმინისტრაციის წარმომადგენლები ჩაერთონ.

[მიხელ სააკაშვილის ხმა] ”ჩვენი ამოცანაა, რომ ეს ხალხი სრულფასოვნად იყოს წარმოდგენილი ყველა მოლაპარაკებათა ფორმატში. ეს არის საშუალება, რომ რეალურად დავუბრუნოთ ხმა ადგილობრივ საზოგადოებას.”[სტილი დაცულია]

ერთიანი საქართველოს შიგნით თვითგამორკვევის იდეის მხარდამჭერთათვის ”ამ ხმის” დაბრუნებას კი საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა და მოლაპარაკების არსებული ფორმატის სერიოზული რევიზია სჭირდება. ამ მიმართულებით ”ნიადაგის მოსინჯვას ” მიხეილ სააკაშვილი შეეცდება დიდ ბრიტანეთში, სადაც საქართველოს ლიდერი ორშაბათს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ჩადის.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG