Accessibility links

ქართველი სტუდენტები სოხუმის იზოლატორში რჩებიან


ზუგდიდისა და გალის რაიონების ადმინისტრაციულ საზღვართან 1 მარტს დაკავებული

სამი ქართველი სტუდენტი - ლევან ღაჭავა, კობა რიგვავა და ივერი ყორშია - კვლავ პატიმრობაში რჩებიან. სტუდენტური ორგანიზაციის „ახალი თაობა ერთიანი საქართველოსთვის“ წევრები სეპარატისტებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქციის მსვლელობისას დააკავეს და სოხუმის უშიშროების იზოლატორში გადაიყვანეს. სამი ქართველი სტუდენტის სასამართლო პროცესი 23 აპრილს უნდა გამართულიყო, მაგრამ, დე ფაქტო რესპულიკის ხელმძღვანელობის ინიციატივით, პროცესი გაურკვეველი ვადით გადაიდო. პარალელურად 23 აპრილს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გაათავისუფლა გალის რაიონის სოფელ ქვემო ბარღების აფხაზური ადმინისტრაციის გამგებელი ფრიდონ ჩაკაბერია, რომელსაც 10 წლით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. იქონიებს თუ არა გავლენას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სოხუმის იზოლატორში მყოფი ქართველი სტუდენტების ბედზე?

ქართველი სტუდენტების დაკავებას წინ ინტენსიური სროლა უძღოდა.

[ისმის სროლის ხმა]

სეპარატისტებისა და საქართველოს პოლიციის შეტაკება, მართალია, მსხვერპლის გარეშე დასრულდა, მაგრამ 1 მარტს მომხდარმა ინციდენტმა მნიშვნელოვნად დაძაბა ურთიერთობა თბილისსსა და სოხუმს შორის. საქართველოს პარლამენტის წევრი მამუკა კაციტაძე ამბობს, რომ სახელმწიფო სტრუქტურებს არ უნდა დაეშვათ კონფლიქტის ზონაში თუნდაც მშვიდობიანი საპროტესტო აქციის გამართვა.

[მამუკა კაციტაძის ხმა] „ქმედებიდან დაწყებული, ტერმინოლოგიით დამთავრებული, ჩანს რომ ეს მოძრაობა იყო ერთგვარად სტიმულირებული თუ ინსპირირებული გარკვეული სახელმწიფო სტრუქტურების მიერ. ასეთ დროს ამ ტიპის აქციის ჩატარება მართლაც აღტკინებული და მართლაც გულიანი ახალგაზრდების მიერ უნდა იყოს, როგორც მინიმუმ, დაცული უსაფრთხოების თვალსაზრისით, რაც ვერ იქნა შესრულებული. და თუ ადგილი ჰქონდა სტიმულირებას სახელმწიფოს მხრიდან, ეს არის არათუ შეცდომა, არამედ დანაშაული.“(სტილი დაცულია)

დანაშაული, რომლის შესახებაც მამუკა კაციტაძე ლაპარაკობდა, საკუთარ თავზე არც ერთმა სახელმწიფო სტრუქტურამ არ აიღო. სამაგიეროდ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მხოლოდ პირობითი სასჯელი აკმარა ნარკოტიკების შენახვისათვის გასამართლებულ ფრიდონ ჩაკაბერიას - ქვემო ბარღების აფხაზური ადმინისტრაციის მეთაურს, რომლის გათავისუფლებასაც დაჟინებით მოითხოვდა დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა:

[სერგეი შამბას ხმა] „მამასახლისის გათავისუფლების სანაცვლოდ გვეგონა, რომ გამოუშვებდნენ უკანონოდ დაკავებულ ჩაკაბერიასა და სიგუას, მაგრამ ასეთი რამ არ მოხდა. ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ გაიმართოს სასამართლო პროცესი და სასჯელიც შესაბამისი იქნეს. ჩემი აზრით, ჩაკაბერიაზე ნაკლებს არავის მიუსჯიან.“


მაგრამ ფრიდონ ჩაკაბერია, როგორც უკვე ვთქვით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დარბაზიდან გაათავისუფლა. რაც შეეხება გალის რაიონის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს დავით სიგუას, იგი უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა 2007 წლის თებერვალში გაიტაცეს. გალის სეპარატისტული ადმინისტრაციის უფროსი რუსლან ქიშმარია დარწმუნებულია, რომ სიგუას გაუჩინარებაში საქართველოს სპეცსამსახურების ხელი ურევია:

[რუსლან ქიშმარიას ხმა] „ჩვენ ვთქვით, რომ სტუდენტებზე ვილაპარაკებდით სიგუას ბედის მიხედვით. რაც შეეხება ჩაკაბერიას, მის სანაცვლოდ მამასახლისი გავუშვით. სიგუა თბილისშია. გამზირზე გაიარეთ, სადღაც მანდ ახლოს უნდა იყოს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: გამორიცხულია სტუდენტების გათავისუფლება, ვიდრე სიგუას ბედი არ გაირკვევა. სტუდენტებს გავასამართლებთ და ჩავსვამთ, თუმცა, თუ სასამართლომდე სიგუას მოძებნიან და გაუშვებენ, მაშინ ჩვენ გადავწყვეტთ სტუდენტების საკითხს.“


რუსლან ქიშმარიას თქმით, ქართველი სტუდენტები ნორმალურ პირობებში იმყოფებიან და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. გალის სეპარატისტული ადმინისტრაციის უფროსი ამბობს, რომ ქართველ ახალგაზრდებს ბრალი მძიმე დანაშაულში ედებათ. კერძოდ:

[რუსლან ქიშმარიას ხმა] „ამისათვის ადგილზე უნდა დაგვეხვრიტა, მაგრამ ეს არ გავაკეთეთ. რაც შეეხება ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას, სახელმწიფო წყობისთვის ძირის გამოთხრას და არჩევნების ჩაშლის პროპაგანდას, ამისათვის თქვენთან სამუდამო პატიმრობაა. ჩვენ კი 20 წელს ვაკმარებთ. ნუ, ოცი თუ არა, ერთად 30 წელს მიიღებენ.

ამბობს რუსლან ქიშმარია - გალის სეპარატისტული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, რომლის პასუხად პოლიტიკური მოძრაობა „ჩვენ თვითონ“ საქართველოს სამართალდამცავ სტრუქტურებს უმოქმედობაში ადანაშაულებს. ორგანიზაციის ხელმძღვანელის პაატა დავითაიას განმარტება:

[პაატა დავითაიას ხმა] „სისხლის სამართლის სააქმეები უნდა აღიძრას ამ კონკრეტულ ქმედებასთან დაკავშირებით. ვინ ესროლა ამ ახალგაზრდებს? ვინ შეუზღუდა მათ თავისუფლება? ეს არის თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, რადგანაც თვითონ აფხაზური ორგანოები არიან უკანონო. თუ ამას სამართლებლივი შეფასება არ მიეცა, იქნება სერიოზული პრობლემები მომავალშიც. ამას მოჰყვება სეპარატისტების მხრიდან სერიოზული ქმედებები, იმიტომ რომ თავს დაუსჯელად გრძნობენ.“





XS
SM
MD
LG