Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მყინვარისა და თერგის თემის თანამედროვე წაკითხვა


კლასიკა უკვდავია. სრულიად მოულოდნელ ვითარებაში, შესაძლებელია, ადამიანმა აღმოაჩინოს,

რომ მის ირგვლივ არსებული გარემო, პერსონაჟები თუ სიუჟეტი ზედმიწევნით ჰგავს იმას, რაც ბავშვობაში სავალდებულო წესით, უგულოდ უსწავლია. და ოდესღაც დაზეპირებული ფრაზები მრავალი წლის შემდეგ იოლ გასაღებად შეიძლება მოერგოს რეალობას. მინდა ერთ ასეთ უნებლიე მიგნებაზე გესაუბროთ.

მყინვარისა და თერგის თემა ერთ ჩემს ახლობელს გაახსენდა, როდესაც საქართველოში მეტად პოპულარულ თემაზე - პოლიტიკაზე - ვსაუბრობდით. მან თქვა, ოპოზიციაში მართლაც ვხედავ მოაზროვნე, პატივსაცემ ადამიანებს, მაგრამ მყინვარს მაგონებენ - მე მათ ვერ ავწვდები და ისინი მე ვერ ჩამომწვდებიან, დღევანდელ ოპოზიციას ისევ თერგივით გიჟი და გადარეული მიშა სააკაშვილი მირჩევნიაო.

ეს თვალსაზრისი, შესაძლოა, მართლაც გასაღებია იმ უცნაური რეალობის ასახსნელად, რომ, მზარდი უკმაყოფილებისა და აგრესიის ფონზე, პრეზიდენტი მაღალ რეიტინგს ინარჩუნებს.

დიდი ხანია, წარსულს ჩაბარდა დრო, როდესაც გულუბრყვილო ადამიანებს მეფე კეთილი და სამართლიანი ეგონათ, მისი გარემოცვა კი - ბოროტი და უსამართლო. დღეს ქვეყნის ავ-კარგი პრეზიდენტს მოეკითხება. არჩევნებიც იმისთვის ტარდება, რომ მოსახლეობამ ვითარება კრიტიკულად შეაფასოს და პერიოდულად ოპოზიცია ხელისუფლებად აქციოს, ხელისუფლება კი - ოპოზიციად.

გასული წლის შემოდგომაზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, ნაციონალური მოძრაობის შემდეგ, მეორე ადგილზე რესპუბლიკური პარტია გავიდა. ეს პარტია დანარჩენებისგან იმით განსხვავდება, რომ რამდენიმე ლიდერი ჰყავს: დავით უსუფაშვილი, თინათინ ხიდაშელი, ძმები ლევან და დავით ბერძენიშვილები, ივლიანე ხაინდრავა, პაატა ზაქარეიშვილი... თითოეულ მათგანს მოსახლეობა ძალიან კარგად იცნობს, მაგრამ, ძირითადად, ტელეეკრანიდან. ისინი სწორად საუბრობენ: არგუმენტებით და ღირებულებებით, საკითხის სიღრმისეული ხედვით, სხარტად, დამაჯერებლად, ხანდახან - ცინიზმით. ზოგჯერ თითოეული მათგანი, ყველაზე ხშირად კი - ლევან ბერძენიშვილი, თითქოს, ხალხის გულში ზის და იქიდან ლაპარაკობს.

თუმცა რესპუბლიკელების - ისევე როგორც “ახალი მემარჯვენეებისა” და “მრეწველების” - მიმართ გაუცხოება მაინც არსებობს. ალბათ, არ არის შემთხვევითი, რომ ჩემს ახლობელს მათზე საუბრისას ილია ჭავჭავაძის თვალით დანახული მყინვარი გაახსენდა: დიდებული, მყუდრო და მშვიდობიანი, მაგრამ ცივი და თეთრი; რომლის დანახვა ადამიანს აკვირვებს და არ აღელვებს, აციებს და არ ათბობს; მყინვარი, რომელსაც ძირი დედამიწაზე უდგას, მაგრამ თავი ცისთვის მიუბჯენია; რომელიც განზე გამდგარი და მიუკარებელია.

ყველაზე პატივსაცემი ოპოზიციური ლიდერები, უკვე არაერთი წელია, ხალხის მხარდაჭერის მოპოვებას მათთან უშუალო და სისტემატური კონტაქტის გარეშე, სატელევიზიო ეთერის მეშვეობით ცდილობენ. იმ ეთერიდანაც ხშირად ცივი სიო უბერავს. მათი საუბარი საინტერესოა ხალხისთვის, მაგრამ მათ საუბარში ნაკლებად იგრძნობა ხალხის მიმართ ინტერესი და სითბო.

სულ სხვაა მიხეილ სააკაშვილი. როგორც კი ქვეყანაში განსაკუთრებით რთული დღეები დგება და პრეზიდენტს ხალხის მხარდაჭერა აკლდება, მაშინვე მათთან შესახვედრად მიდის. ბოლო დღეების განმავლობაში, რომლებიც დამძიმებული იყო ცხოვრების უკიდურესად გაძვირების საფრთხით, პრეზიდენტი ეწვია ჭიათურის რაიონის სოფელ რგანს, ორჯერ შეხვდა ახალგაზრდებს და ერთხელ - რეზერვისტებს. ყველამ იცის, რამდენად მიუღებელი იყო მისი ზოგიერთი გამონათქვამი ამ შეხვედრებზე, მაგრამ არავინ იცის, რამდენ ადამიანს ჩამოართვა მან ხელი და რამდენს ჩახედა თვალებში, რაც ჩვენს ქვეყანაში (და, იქნებ, სხვაგანაც) სიტყვებზე მეტად ფასობს.

თავად მსმენელმა განსაჯოს, რას დაინახავს დღეს იგი ილია ჭავჭავაძის ცნობილ სიტყვებში: “დალოცა ღმერთმა ისევ თავზედ ხელაღებული, გიჟი, გადარეული, შეუპოვარი და დაუმონავი მღვრიე თერგი. შავის კლდის გულიდამ გადმომსკდარი მოდის და მობღავის და აბღავლებს თავის გარეშემოსა. ნეტავი შენ, თერგო, იმითი ხარ კარგი, რომ მოუსვენარი ხარ. აბა, პატარა ხანს დადეგ, თუ ეგ შენი საშიშარი ხმაურობა ბაყაყების ყიყინზედ არ შეგეცვალოს. მოძრაობა და მარტო მოძრაობა არის, ჩემო თერგო, ქვეყნის ღონისა და სიცოცხლის მიმცემი.”

პრეზიდენტის რეიტინგი ადასტურებს, რომ, ილია ჭავჭავაძის მსგავსად, საქართველოს მოქალაქეებს დღემდე მყინვარზე მეტად თერგი მოსწონთ. ეს საფიქრალი თემაა, განსაკუთრებით, ოპოზიციისთვის.
XS
SM
MD
LG