Accessibility links

logo-print

ნობელის მუზეუმი ბათუმში


ბათუმში ძმები ნობელების მუზეუმის გახსნა

რამდენჯერმე გადაიდო. თუმცა რაც უფრო მეტს საუბრობენ ამ ფაქტზე, ძმები ნობელების მიმართ საზოგადოების ინტერესი მით უფრო მძაფრდება. აქამდე საქართველოში თითქმის არაფერი თქმულა იმაზე, რომ ადამიანი, რომელმაც მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული პრემია დააარსა, ერთხანს ბათუმში ცხოვრობდა და აჭარაში ბიზნესი ჰქონდა. ჩვენს ყოველკვირეულ პროგრამაში ”ოქროს საუკუნე” დღეს მინდა გიამბოთ იმის შესახებ, თუ რა აკავშირებდათ ძმებ ნობელებს ბათუმთან და როგორი იყო საბჭოთა ხელისუფლების დამოკიდებულება ალფრედ ნობელის პრემიისადმი.

ალფრედ ნობელის სახელი დღეს უანგარო მეცენატობას უკავშირდება. ყველამ იცის, რაოდენ მნიშვნელოვანია ნობელის როლი მეცნიერებისა და კულტურის განვითარებაში...უფრო სწორად, რამდენად მნიშვნელოვანია ანდერძი, რომელიც შვედმა ინჟინერმა, ქიმიკოსმა, გამომგონებელმა, მრეწველმა გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, 1895 წელს, დატოვა. ამ ანდერძის მიხედვით, ნობელის კაპიტალს უნდა შეედგინა ფონდი, რომლის წევრებს ყოველწლიურად უნდა გაეცათ პრემიები - რასის, სქესის, ეროვნებისა და სარწმუნოების განურჩევლად - მეცნიერების, ლიტერატურის განვითარებისთვის, აგრეთვე პრემია მშვიდობის დაცვისთვის.

სხვათა შორის, ლიტერატურა, მეცნიერება და ბიზნესი ნობელს ერთნაირად აინტერესებდა. თუმცა ბოლოს მაინც გამომგონებლობამ და ბიზნესმა გაიტაცა, შეიძლება ითქვას, მამის კვალს გაჰყვა - მამამისი ხომ, ემანუელ ნობელი, წყალქვეშა ნაღმის გამომგონებელი იყო. 1867 წელს ალფრედ ნობელმა პატენტი მიიღო ფეთქებად ნივთიერება ”დინამიტზე”, ათი წლის შემდეგ კი თავის ძმებთან - რობერტსა და ლიუდვიგთან - ერთად ბაქოში დააარსა ნავთობსამრეწველო ქარხანა - ”ძმები ნობელების ამხანაგობა”.

1888 წელს პარიზის ერთმა გაზეთმა შეცდომით ალფრედ ნობელის ნეკროლოგი დაბეჭდა. ნობელისთვის ეს შოკი იყო, მაგრამ სწორედ მაშინ გადაწყვიტა ანდერძი დაეწერა თავისი მომავალი ფონდისთვის, რომელსაც 30 მილიონი შვედური კრონი ერგო. მის ახლობლებს მაინცდამაინც არ გაჰკვირვებიათ - ნობელის ძმებმა, მაგალითად, კარგად იცოდნენ, რომ უანგარობა ამ ადამიანის ცხოვრების პრინციპი იყო. თავადაც წერდა ერთ მეგობარს:


”არ ვცემ პატივს ადამიანებს, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ გამორჩენისთვის მუშაობენ. მოგება სასიამოვნოა, მაგრამ კიდევ უფრო სასიამოვნოა უანგარო საქმე.”


პირად ცხოვრებაში არ გაუმართლდა - შვილები არ ჰყავდა. ასაფეთქებელი ნივთიერებაც მშვიდობის მიზნით გამოიგონა. ხშირად იმეორებდა, ისეთი ასაფეთქებელი მოწყობილობის ან მანქანის გამოგონება მინდოდა, რომელიც ყველანაირ ომს აზრს დაუკარგავდაო. ასეც მოხდა: ”ნობელის დინამიტს” მხოლოდ მშვიდობიანი მიზნებისთვის იყენებდნენ - გვირაბების, გზების მშენებლობაში...

თუმცა აზერბაიჯანში დღეს დარწმუნებულები არიან, რომ ნობელის ფონდის შექმნა არა ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოგონებამ, არამედ ბაქოში მოპოვებულმა ნავთობმა გახადა შესაძლებელი. ბაქოში მოღვაწეობის დროს ძმები ნობელები აქტიურად მუშაობდნენ ბაქო-ბათუმის ნავთობსადენის მშენებლობაზე. ძმები ნობელების დამსახურებად ითვლება ბაქო-თბილისის სარკინიგზო გზის გახსნა და 1883 წელს ნავთობის ტერმინალის გახსნა ბათუმში.

ახლახან ბათუმის არქივში აღმოაჩინეს დოკუმენტები, რომლითაც მტკიცდება, რომ ძმებ ნობელებს აქ თავიანთი სახლი და მიწის ნაკვეთი ჰქონდათ. ასეთივე დოკუმენტებია აღმოჩენილი ქუთაისის, ზუგდიდის არქივებში. ბათუმის მერის ირაკლი თავართქილაძის თქმით, ნობელის მოღვაწეობის შესახებ ბათუმში ბევრი რამ იცოდნენ, თუმცა აქამდე არავის ჰქონია სურვილი მისი სახლი აღედგინა და ბათუმში ძმები ნობელების მუზეუმი გაეხსნა:

[ირაკლი თავართქილაძის ხმა] ”ყველა ისტორიკოსმა იცოდა, რომ ეს იყო ნობელის სახლი - ფოტოები იყო შემორჩენილი. მაგრამ პრეზიდენტის ინიციატივა იყო ნობელის მუზეუმის გახსნა.”

მუზეუმის გასახსნელად 500 ათასი ლარი გამოიყო. ეს თანხა შენობის აღსადგენად, ექსპონატების შესაგროვებლად გახდა საჭირო. ირაკლი თავართქილაძის თქმით, არ არის გამორიცხული ნობელის მუზეუმი მომავალში სამეცნიერო ცენტრადაც იქცეს:

[ირაკლი თავართქილაძის ხმა] ”ეს არის სახლი, სადაც ძმები ნობელები ცხოვრობდნენ, სადაც მათი ოფისი იყო, სანამ ბაქოში გადავიდოდნენ. ბოლოს აქ მილიციის განყოფილება ფუნქციონირებდა.”

ბათუმში ნობელის მუზეუმი საბჭოთა ეპოქაში ვერ გაიხსნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ნობელის მედალი თავის დროზე არაერთ საბჭოთა მეცნიერს გადასცეს (1965 წელს ნობელის პრემიით მწერალი მიხეილ შოლოხოვიც დაჯილდოვდა), ნობელის ფონდს და მის ლაურეატებს, როგორც წესი, ლანძღავდნენ ხოლმე - გავრცელებული იყო აზრი, რომ კომიტეტის წევრებს ანტისაბჭოთა პოზიცია აქვთ და კონკურსის შედეგებს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკა განსაზღვრავს. ნობელის პრემიის მიმართ ასეთი კრიტიკული დამოკიდებულება პირველად 30-იან წლებში გამოიხატა, როცა სტალინმა აუკრძალა საბჭოთა მეცნიერებს მონაწილეობის მიღება ”კოსმოპოლიტურ კონკურსში” , რომელშიც საბჭოთა კავშირის მიმართ ”მტრულად განწყობილი” მეცნიერები იმარჯვებენ. მოგვიანებით ქვეყნის სათავეში ხრუშჩოვი მოვიდა, მაგრამ ნობელის პრემიის მიმართ კრემლის დამოკიდებულება არ შეცვლილა... მით უმეტეს, რომ სწორედ ამ წლებში ნობელის პრემია ბორის პასტერნაკს მიანიჭეს. ეს ტენდენცია კიდევ უფრო გამოიკვეთა მას შემდეგ, რაც ნობელის პრემიის ლაურეატი ჯერ სოლჟენიცინი, შემდეგ სახაროვი გახდა...სხვათა შორის, სოლჟენიცინისთვის პრემიის მინიჭება რამდენჯერმე გადაიდო, რადგან მწერალი საბჭოთა კავშირიდან გასვლას ვერ ახერხებდა. ხოლო ნობელის პრემიის ლაურეატი, რომელმაც მაინც შეძლო ემიგრაცია, იოსებ ბროდსკი, მოითხოვდა, რომ იგი მოეხსენებინათ არა როგორც საბჭოთა, არამედ როგორც ”მსოფლიო მოქალაქე”... 1988 წელს, ბროდსკის დაჯილდოების დროს, ბევრს გაახსენდა ივან ბუნინისთვის ნობელის მედლის გადაცემის ცერემონიალი. ბუნინის დაჯილდოების ცერემონიალზე აღიმართა შვეციის დროშა, რადგან მწერალი თავის თავს საბჭოთა კავშირის მოქალაქედ არ თვლიდა.

ბედის ირონიით, 1990 წელს, ე.ი. საბჭოთა კავშირის დანგრევამდე ცოტა ხნით ადრე, ნობელის პრემია ”მშვიდობის დარგში” მიხეილ გორბაჩოვს გადასცეს. მას შემდეგ რუსეთში ნობელის ფონდის მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა, თუმცა ზოგჯერ რუსული მედია ისევ ამტკიცებს, რომ ნობელის კომიტეტის გადაწყვეტილებას მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური კონიუნქტურა განსაზღვრავს... არადა, თავად ალფრედ ნობელი კატეგორიულად მოითხოვდა, მომავალ ფონდს უარი ეთქვა ”პოლიტიკურ დაკვეთებზე”... საერთოდ, ნობელი, რომლის იუმორზე ლეგენდებს ჰყვებოდნენ, პოლიტიკის მიმართ განუწყვეტლივ ქილიკობდა ხოლმე:

”იურისტები იძულებულები არიან დაარწმუნონ ადამიანები, რომ შავი თეთრია. ამიტომაც მოსწონთ პოლიტიკაში ყოფნა... ”შავის” მეტი, აბა, სხვა რა არის პოლიტიკაში?”

ნობელს პოლიტიკაში ყოფნა არ უნდოდა. მისი ბიოგრაფების მტკიცებით, ეს ადამიანი ყოველთვის ”თეთრზე”, ყოველთვის სინათლეზე იყო ორიენტირებული. ამიტომაც სიმბოლურია, რომ ნობელის ფონდმა მოღვაწეობა 1900 წელს დაიწყო - ალფრედ ნობელის სახელს მეოცე საუკუნე სიბნელისგან, სიძულვილისგან, უმეცრებისგან უნდა გადაერჩინა.
XS
SM
MD
LG