Accessibility links

logo-print

სომხეთი კვლავაც დაჟინებით მოითხოვს 1915-1918 წლების მოვლენების ''გენოციდად'' აღიარებას


დღეს სომხები მთელ მსოფლიოში აღნიშნავენ პირველი მსოფლიო ომის პერიოდში თურქეთში მცხოვრები მათი თანამემამულეების მასობრივი გაჟლეტის 92-ე წლისთავს.

თავიანთი ისტორიის ამ ტრაგიკულ ფურცელს სომხები "გენოციდს" უწოდებენ; ანუ, ხმარობენ ტერმინს, რომელსაც თურქეთი კატეგორიულად უარყოფს. 1915-1918 წლების მოვლენათა ისტორიულ კვალიფიკაციასთან დაკავშირებული დავა მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ორი მეზობელი ქვეყნის ურთიერთობას. თუმცა, ზოგიერთი ექსპერტის აზრით, არსებობს იმის ნიშნები, რომ ეს მრავალწლიანი დაპირისპირება მალე გადაილახება.

ერევანში, დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილ მემორიალურ კომპლექსთან, დღეს დილით საგანგებო წირვა ჩაატარა სომხეთის გრიგორიანული ეკლესიის მეთაურმა, კათოლიკოსმა გარეგინ მეორემ. მემორიალის მარადიულ ცეცხლთან, რომელიც 1965 წლიდან ანთია, მთელი დღის მანძილზე მიდიან სომხეთის მთავრობის წევრები და რიგითი ადამიანები. სომხებისთვის ამ ტრაგიკული დღის აღსანიშნავად ერევანში საგანგებოდ ჩავიდნენ დიასპორის წარმომადგენლები შეერთებული შტატებიდან, საფრანგეთიდან, ლიბანიდან და სხვა ქვეყნებიდან.

1915-1918 წლებში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს სომხეთის პრეზიდენტმა რობერტ ქოარიანმა და პრემიერ-მინისტრმა სერჟ სარქისიანმა.

სომხეთის მხარის მტკიცებით, 92 წლის წინათ, ოსმალეთის იმპერიის სომხებით დასახლებული აღმოსავლეთი პროვინციებიდან მოსახლეობის მასობრივი დეპორტაციის დროს, მილიონნახევარზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ანკარა უარყოფს, რომ მასობრივი მკვლელობები გენოციდის ხასიათს ატარებდა. თურქეთის მტკიცებით, ჯერ ერთი, 1915 წელს მილიონნახევარი კი არა, 200-დან 300-ი ათასამდე სომეხი დაიღუპა და მეორეც, მათი მკვლელობა მთავრობის მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგი არ ყოფილა.

არადა, ერევანი ანკარისგან სწორედ გენიციდის ფაქტის აღიარებას მოითხოვს. 20 ქვეყანაზე მეტმა - მათ შორის რუსეთმა, საფრანგეთმა და კანადამ - ოფიციალურად აღიარა "გენოციდად" 1915-1918 წლის მოვლენები. უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ ქვეყნების რიცხვი მომავალში კიდევ გაიზრდება. თუმცა, სომხეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის, რაფი ჰოვანესიანის თქმით, მნიშვნელობა არ აქვს იმას, ვინ აღიარებს იმ ტრაგიკულ მოვლენებს "გენოციდად" და ვინ - არა.

[რაფი ჰოვანესიანის ხმა] "ჩემი აზრით, დიდად არ უნდა გვაღელვებდეს და არც ძალიან უნდა გვახარებდეს აღიარების ტალღა, რადგან სომხების გენოციდი, ჩვენი ხალხის მიერ სამშობლოს დაკარგვა ისტორიული ფაქტებია."

ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ "გენოციდის" საკითხი მნიშვნელოვან ზიანს აყენებს სომხეთისა და თურქეთის ურთიერთობას. ამ მეზობელ სახელმწიფოებს ერთმანეთთან არ აქვთ დიპლომატიური ურთიერთობა და მათი 268-კილომეტრიანი საზღვარი გამყოფი უფროა, ვიდრე დამაკავშირებელი: 1993 წლიდან მოყოლებული ეს საზღვარი საიმედოდ არის დალუქული.

რადიო "თავისუფლებასთან" ინტერვიუში სომხეთის ნაციონალისტური პარტიის - "დაშნაკცუტიუნის" - ლიდერმა ჰრანტ მარქარიანმა აღნიშნა, რომ ორი მეზობელი ქვეყნის ურთიერთობა გაუმჯობესდება, თუ თურქეთი გენოციდის ფაქტს აღიარებს.

[ჰრანტ მარქარიანის ხმა] "ვერც ერთი სახელმწიფო ვერ იარსებებს საკუთარი წარსულის უარყოფის პირობებში. როგორ უნდა იცხოვრო, თუ რეალობას უარყოფ? თურქეთისთვის კარგი იქნებოდა სომხების გენოციდის აღიარება."

მაგრამ ანკარა ამ მოსაზრებას არ იზიარებს. მისი თქმით, თუ სომხეთს თურქეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა სურს, მან ერთხელ და სამუდამოდ უნდა თქვას უარი გენოციდის აღიარების მოთხოვნაზე.
XS
SM
MD
LG