Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბორის ელცინი და საქართველო


თამარ ჩიქოვანი, თბილისი ხვალ, 25 აპრილს, რუსეთის პირველ პრეზიდენტს, ბორის ელცინს, ნოვოდევიჩის სასაფლაოზე დაკრძალავენ. დღეს კი რუსეთში, და არა მხოლოდ რუსეთში,

იმ პოლიტიკოსს იხსენებენ, ვინც ახალ ეპოქას დაუდო სათავე და ვისი წარმატებებიც და შეცდომებიც მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეზე თავის გავლენას ახდენდა. მე ვესაუბრე მათ, ვინც პირადად იცნობდა ბორის ელცინს:

[ ედუარდ შევარდნაძის ხმა] ”ჯერ ერთი, მინდა გითხრათ, რომ მე მასთან ახლო ურთიერთობები მქონდა მაშინ, როცა ის იყო სვერდლოვსკის საოლქო კომიტეტის პირველი მდივანი. ორჯერ იყო საქართველოში და იქიდან ვმეგობრობდით.”

ედუარ შევარდნაძის მიერ ნახსენები სტუმრობის გარდა, ბორის ელცინი კიდევ რამდენჯერმე იყო ჩამოსული საქართველოში - 1990 წელს, როცა დაბა ყაზბეგში პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას შეხვდა, და 1994 წლის თებერვალში, როცა რუსეთის პრეზიდენტის პირველი და უკანასკნელი ოფიციალური ვიზიტი შედგა საქართველოში. ნაკლებია ცნობები ბორის ელცინის კიდევ ერთ სტუმრობაზე - 1989 წლის მაისის რამდენიმე დღეზე, როცა კომუნისტური პარტიის მიერ შერისხული ელცინი, მაშინ საბჭოთა კავშირის უზენაესი საბჭოს პირველი მოწვევის დეპუტატი, თბილისში 9 აპრილის მოვლენებში გასარკვევად ჩამოვიდა. მისი მასპინძელი, თავისდა უნებურად, სოსო ცისკარიშვილი აღმოჩნდა, რომელიც 1989 წლის 14 აპრილს მოსკოვში, მეცნიერებათა აკადემიის პოლიტიკურ კლუბში, მოჰყვა, თუ რა მოხდა 9 აპრილს რუსთაველის პროსპექტზე. მსმენელებს შორის ელცინის თანაშემწეც იყო. მაისის დასაწყისში სოსო ცისკარიშვილთან ტელეფონის ზარი გაისმა:

[ სოსო ცისკარიშვილის ხმა] ” ჯერ მითხრეს, რომ ჩამოდის თანაშემწე და მთხოვეს, კომისიის წევრებისთვის შემეხვედრებინა. ცოტა ხანში დამირეკეს, თავად ელცინი ჩამოდისო. ვიფიქრე - ასეთ შემთხვევაში არავითარი ფუნქცია არ გამაჩნია. ჩამოსვლამდე 2-3 საათით ადრე მირეკავს ჩემი მეგობარი, ამჟამად დევნილობაში მყოფი პოლიტოლოგი ანდრეი პიანტკოვსკი, და მეუბნება, ოჯახური ვარიანტი სურსო. ძლივს გავაცნობიერე, რომ ეს ”ოჯახური” ვარიანტი არის ის, რომ უნდა ჩამოვიდეს და დარჩეს ჩემთან სახლში - თან ის პერიოდი იყო, როცა სტუმრის მიღება არ იყო ადვილი საქმე.”(სტილი დაცულია)

მაშინ შერისხულ ელცინთან შეხვედრას საბჭოთა საქართველოს პირველმა პირებმა თავი აარიდეს. რაც შეეხება იმას, რომ სტუმრის მისაღებად არცთუ კარგი დრო იყო - როგორც სოსო ცისკარიშვილი იხსენებს, ასეთი არაპრეტენზიული სტუმარი მას არ ჰყოლია. შეხვედრებით დატვირთული დღის შემდეგ, ელცინი, ასე ვთქვათ, ”ოჯახურ” სიტუაციაში მთელი ღამის განმავლობაში მასპინძლებს შთაბეჭდილებებს უზიარებდა:

[ სოსო ცისკარიშვილის ხმა] ” ეს იყო ერთი მსახიობის თეატრი. ბაძავდა ხმებს იმ პერსონაჟებისა, ვისზეც ჰყვებოდა. ეს იყო იმდროინდელი აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოების ლიდერები თუ ფიდელ კასტრო და გორბაჩოვი - გორბაჩოვი ხომ იმ პერიოდში ყველაზე სერიოზული ოპონენტი იყო. გორბაჩოვსაც შესანიშნავად სცინებდა მთელი ღამის განმავლობაში.”(სტილი დაცულია)

ვინაიდან გარდაცვლილზე ან მხოლოდ კარგს ამბობენ, ან არაფერს, ამჯერად ბორის ელცინის მხოლოდ დამსახურებაზე საუბრობენ ისინი, ვინც რუსეთის პრეზიდენტს კარგად იცნობდა:

[ ედუარდ შევარდნაძის ხმა] ” თუ ორი სიტყვით ვიტყვი, ელცინმა დიდი როლი შესასრულა რუსეთში დემოკრატიის საფუძვლების მშენებლობაში.”

სოსო ცისკარიშვილი კი იმ ისტორიულ მოვლენაზე საუბრობს, რომელმაც მსოფლიო შეცვალა:

[ სოსო ცისკარიშვილის ხმა] ” ის ფაქტი, რომ საბჭოთა კავშირი დაიშალა და ამის ინიციატივა, ფორმალურად მაინც, მოდიოდა ელცინისგან, მას აქცევს დაუვიწყარ ისტორიულ ფიგურად.”
XS
SM
MD
LG