Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯალათის ფუნქციის შემსრულებელი პატარა ბიჭის კადრები საზოგადოებაში აღშფოთებას იწვევს


უკვე რამდენიმე დღეა, ავღანეთისა და საერთაშორისო მედიის საშუალებები ავრცელებენ კადრებს, სადაც ასახულია, როგორ სჭრის თავს პაკისტანელ მძევალს მოზარდი ბიჭი.

კადრებს უკვე მოჰყვა მძაფრი რეაქცია ავღანური საზოგადოებისა და საერთაშორისო ძალების მხრიდან. უფლებადამცველ ჯგუფებს მიაჩნიათ, რომ სიკვდილით დასჯის საზარელ რიტუალში ბავშვის ჩართვა თალიბანის მსგავსი ექსტრემისტული ძალებისთვისაც კი სიახლეს წარმოადგენს. უცნობია როგორ გავლენას იქონიებს ეს კადრები ექსტრემისტების სურვილზე, მიიზიდონ ახალი მომხრეები.

ფართოდ გავრცელებული კადრების გამო, სადაც მოზარდი ბიჭის მიერ მამაკაცის სიკვდილით დასჯაა ასახული, ბევრმა ავღანელმა გამოხატა აღშფოთება. ბევრი ამ კადრების ჩვენებისთვის ავღანეთში პოპულარულ ტელეარხებს - ”არიანას” და ”ტოლოს” - აკრიტიკებს. მაგალითად, ავღანეთში მცხოვრები ერთ-ერთი მამაკაცი ასე ფიქრობს:

[მამაკაცის ხმა] ”ეს მართლა ბარბაროსული აქტია. კაცს თავი პატარა ბიჭმა მოჰკვეთა. ეს თავზარდამცემია. როგორი იქნება ეს ბავშვი, როცა გაიზრდება?”

კადრებზე ასახულია ჯარისკაცის ფორმაში ჩაცმული თორმეტიოდე წლის ბიჭი, რომელიც თავზე ადგას შეპყრობილ მძევალს - ექსტრემისტობაში ბრალდებულ პაკისტანელ მამაკაცს. სანამ თავს მოჰკვეთდეს, ბიჭი მამაკაცს შეერთებული შტატების სასარგებლოდ ჯაშუშობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ის, სხვა ”მოღალატეების” დასანახად, სამაგალითოდ დაისჯება. ამ განცხადებების გაკეთების შემდეგ, ბიჭი მამაკაცს თავს ჰკვეთს, პროცესზე დამსწრე პირები კი იმეორებენ: ”ღმერთი დიდია”.

კადრების ხილვის შემდეგ, ქაბულში მცხოვრები ერთ-ერთი მამაკაცი ასეთ მოსაზრებას გამოთქვამს:

[ქაბულის მცხოვრები] ”მე ავღანეთის პრესას მოვუწოდებ, ნუ აქვეყნებენ მსგავს რაღაცეებს. თუ მაინცდამაინც, ამაზე ინფორმაცია რადიოთი გადასცენ. მაგრამ ძალიან გთხოვთ, ნუ აჩვენებთ ამას ტელევიზიით ახალ ამბებში. ეს ჩვენს ფსიქიკაზე ძალიან ცუდ გავლენას ახდენს.”

სიკვდილით დასჯილ მამაკაცში თალიბანის ყოფილი წევრი, ღულამ ნაბი, ამოიცნეს. მას ყოფილმა თანამებრძოლებმა ბრალი დასდეს, რომ შეერთებული შტატების ძალებს სამხრეთ ავღანეთში საჰაერო რეიდისას თალიბანის ერთ-ერთი საველე მეთაურის მოკვლაში ეხმარებოდა.

საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ სიკვდილით დასჯილის მამის განცხადებას, რომ კადრებზე ნამდვილად მისი ვაჟია ასახული და რომ გარდაცვლილი ბოლომდე თალიბების ერთგული იყო.

თალიბანის მომხრე ძალებს პროპაგანდის მიზნით წარსულში არაერთი მსგავსი ვიდეორგოლი გაუვრცელებიათ. მაგრამ ეს უკანასკნელი იმით გამოირჩევა, რომ აქ ჯალათის როლში მოზარდი გამოდის.

გაეროს ბავშვთა ფონდმა სიკვდილით დასჯის პროცესში ბავშვის ჩართვა დაგმო და განაცხადა, რომ ეს დანაშაულია, საერთაშორისო სამართლის თანახმად. ფონდის თქმით, ”ეს შემაძრწუნებელი მაგალითია იმისა, თუ როგორ იყენებენ უფროსები ბავშვებს კონფლიქტური სიტუაციების დროს შემზარავი დანაშაულების ჩადენის საქმეში.” ამ შემთხვევას ომის დანაშაულს უწოდებს შეერთებულ შტატებში განთავსებული ორგანიზაცია ”ჰიუმან რაითს უოტჩიც” . შემთხვევა მკაცრად დაგმეს ავღანეთში მოქმედმა უფლებადამცველმა ორგანიზაციებმაც.

ქაბულში მცხოვრები დამოუკიდებელი ჟურნალისტი ფაჰიმ დაშტი ამბობს, რომ ე.წ. ”მტრის” სიკვდილით დასჯის პროცესში ჯალათად ბავშვის გამოყვანით თალიბანი შორეულ რეგიონებში მცხოვრები მომხრეების ემოციებზე აკეთებს გათვლას:

[დაშტის ხმა] ”ვფიქრობ, ეს საკითხი იმ ადამიანებს აქეზებს, რომლებსაც ძალიან მწირი განათლება აქვთ მიღებული და მათ კულტურაში შერწყმულია ისლამის და თემური წყობის ელემენტები. თალიბები ასეთ სტრატეგიას იმიტომ მიმართავენ, რომ იციან, ამით მეტ ადამიანს წააქეზებენ და მომხრეებს მიიზიდავენ.”

ფაჰიმ დაშტი ავღანეთის მედიას მკაცრად აკრიტიკებს ამ კადრების გავრცელების გამო. მისი თქმით, ამით მედიამ იმ ტერორისტებს შეუწყო ხელი, რომლებსაც უნდათ ყურადღება მიიპყრონ.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG