Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას მოითხოვენ ქუჩაში გამოსული თბილისელები


4 აპრილს თბილისში ორი საპროტესტო აქცია გაიმართა. პარლამენტისა და მერიის წინ შეკრებილი ადამიანები სარეაბილიტაციო ზონებში მოსაკრებლის დაწესებას,

ტრანსპორტზე ფასების ზრდას, წყლის საერთო მრიცხველების დამონტაჟებას და სოციალური შეღავათების გაუქმებას აპროტესტებდნენ.
თბილისელთა ერთი ნაწილი მერიის წინ ორ საათზე შეიკრიბა, უფრო ადრე კი საპროტესტო მიტინგი, წვიმის მიუხედავად, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიწყო.

[მიტინგის წამყვანის ხმა] „თუ ღმერთმა ინება და გამოვიდა ნორმალური ამინდი, მე იმედი მაქვს, რომ აქ ათასობით ადამიანი შეიკრიბება და, ბოლოს და ბოლოს, გაიგებენ გასუქებული ჩინოვნიკები, თუ ვისთან აქვთ საქმე...“

აქციის მონაწილეთა თქმით, ახალი მოსაკრებელი, რომლის შემოღების ინიციატივა კულტურის სამინისტროს ეკუთვნის, ისტორიულ უბნებში მცხოვრებ მოსახლეობას მძიმე ტვირთად დააწვება. ქალბატონი ეთერი სოლოლაკში, მაჩაბლის ქუჩაზე, ცხოვრობს.

[ქალბატონ ეთერის ხმა] „მოსაკრებლის გამო ვარ მოსული. მოვედი იმისთვის, რომ ჩემი ოჯახი დავიცვა, ჩემი სახლი, რომლის გადასახადსაც მე ვერ გადავიხდი, იმიტომ რომ 38 ლარი მაქვს პენსია. როგორ არ რცხვენიათ, რას გვთხოვენ!“

ქალბატონი ეთერი თავს იმით ინუგეშებს, რომ პარლამენტს კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, რომელიც სარეაბილიტაციო ზონებში მოსაკრებლის დაწესებას ითვალისწენებს, მესამე მოსმენით ჯერ არ მიუღია. სავარაუდოდ, კანონპროექტის განხილვა 27 აპრილს გაიმართება, თუმცა ფრაქცია „მემარჯვენე ოპოზიციის“ წარმომადგენელი მამუკა კაციტაძე კოლეგებს მოუწოდებს, არ აჩქარდნენ:

[მამუკა კაციტაძის ხმა] „ის ოდენობა რომელიც წინასწარი შეთანხმებით გამოიკვეთა, ანუ 1,5 ლარი, არაგონივრულია და რეალურად არ იმუშავებს და რეალურად არც არის შეთანხმებული პოლიტიკურ ჯგუფებს შორის. ამიტომ პარასკევის დღის წესრიგში შეტანილი კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ არ უნდა იქნეს განხილული და მას შემდეგ, რაც მოხდება პრინციპული მოსაკრებლის ჭერთან დაკავშირებით და ის შეიძენს სიმბოლურ ხასიათს, ასეთ შემთხვევაში გამოვა პარლამენტის სხდომაზე მესამე მოსმენით.“ (სტილი დაცულია)

ოპოზიციონერ დეპუტატ მამუკა კაციტაძეს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ ნოდარ გრიგალაშვილმა უპასუხა:

[ნოდარ გრიგალაშვილის ხმა] „თუ მოსაკრებლის ჭერთან დაკავშირებით ვერ მივაღწევთ შეთანხმებას, მაშინ თავად მოსაკრებლის დაფიქსირებას კანონში ეკარგება აზრი. აქედან გამომდინარე, მთავრობა პარასკევამდე შემოგვთავაზებს წინადადებებს. თუ ეს აღმოჩნდება მისაღები, პარასკევს ამ წინადადებებთან ერთად განიხილება; თუ არ აღმოჩნდება მისაღები, მაშინ პარასკევს განიხილება კულტურული მემკვიდრეობის კანონი, სადაც მოსაკრებელთან დაკავშირებით მეორე მოსმენით დავუბრუნდებით უკან ამ პუნქტს და მას ან საერთოდ ამოვიღებთ, ან დავტოვებთ იმ თვალსაზრისთან ერთად, რაც იქნება შეთანხმებული. “ (სტილი დაცულია)

ეს იყო ნოდარ გრიგალაშვილი - პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე. მისი თქმით, სარეაბილიტაციო ზონებში მცხოვრებ მოქალაქეებს მხოლოდ სიმბოლური თანხის გადახდა მოუწევთ. დეპუტატის ამ ოპტიმიზმს არ იზიარებს პარლამენტის წინ გამართული საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი და თბილისის საკრებულოს წევრი, კობა დავითაშვილი:

[კობა დავითაშვილის ხმა] „ფაქტობრივად, ეს არის მოსახლეობის გასახლების გადასახადი, იმიტომ რომ ვერც სამ ლარსა და ვერც ათ თეთრს უმუშევარი და პენსიონერი ვერ გადაიხდის. ცხადია ის იძულებული გახდება გაყიდოს საკუთარი ბინა და როცა გამყიდველი ასი ათასია, ხოლო მყიდველი ორი და სამი, ფასი ისე დაეცემა, რომ ხალხი იძულებული გახდება ათჯერ და ოცჯერ იაფად გაყიდოს. სასამართლოში გასაჩივრების პერსპექტივას ვერ ვხედავ. ასეთ შემთხვევაში უნდა დაველოდოთ კანონის მიღებას, საკრებულოს გადაწყვეტილებას, მერე კონკრეტული დაზარალებული ვნახოთ... გავა წლები და ამასობაში ამ კანონის მოქმედებაც ამოიწურება და ამ ხალხსაც გაასახლებენ. ასე რომ, ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ და არ დავუშვათ კანონის მიღება.“

მოგვიანებით პარლამენტისა და მერიის წინ მიმდინარე მიტინგების მონაწილეებმა გაერთიანება და სახელმწიფო კანცელარიისკენ გადანაცვლება გადაწყვიტეს. „ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია მომიტინგეთა გაერთიანებამ აღაფრთოვანა.

[ჯონდი ბაღათურიას ხმა] „გაუმარჯოს გაერთიანებას, გაუმარჯოს გაერთიანებულ პოლიტიკურ სპექტრს, საქართველოს გაუმარჯოს!“

გამარჯვების იმედს არ კარგავს ქალბატონი ეთერიც, რომელსაც თავი 38 ლარიანი პენსიით გააქვს და რომლის საცხვორებელი ბინაც თბილისის ისტორიულ უბანში, მაჩაბლის ქუჩაზე, მდებარეობს.

[ქალბატონ ეთერის ხმა] „არავითარ შემთხვევაში ამის გადახდა არ შეგვიძლია და უნდათ ჩვენი გამოსახლება. ამიტომ ეს პუნქტი კანონში არ უნდა შევიდეს.“(სტილი დაცულია)
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG