Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოში გაწევრიანება - სააკაშვილის ბრიტანული ვიზიტის მთავარი თემა


დიდ ბრიტანეთში მყოფი საქართველოს პრეზიდენტი სამშაბათს, ვიზიტის პირველ დღეს, მთლიანად ბრიტანელ ჟურნალისტებთან შეხვედრას დაუთმობს.

25 აპრილს კი საქართველოს ლიდერი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ტონი ბლერსა და თავდაცვის მინისტრ დეს ბრაუნთან გამართავს მოლაპარაკებებს. როგორც ვიზიტის პროგრამით ირკვევა, მიხეილ სააკაშვილი ლონდონში შეეცდება დაარწმუნოს დიდი ბრიტანეთის მთავრობა და პოლიტიკური ძალები, რომ საქართველო დასავლური გზით ვითარდება და პირნათლად ასრულებს ნატოს მიმართ ნაკისრ ვალდებულებებს. საერთაშორისო ექსპერტთა თქმით, ლონდონის მხარდაჭერა, შესაძლოა, მნიშვნელოვანი სიგნალი აღმოჩნდეს იმ ევროპული სახელმწიფოებისთვისაც, რომლებიც,მოუგვარებელი ტერიტორიული კონფლიქტებისა და მძიმე სოციალური პრობლემების გამო, თავშეკავებით ეკიდებიან საქართველოს ევროატლანტიკურ ამბიციებს.

საქართველოს ლიდერი პრეზიდენტის რანგში მეორედ სტუმრობს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს. ხშირია მიმოსვლა სხვა რანგის სახელმწიფო მოხელეების დონეზეც, თუმცა ამით საქართველოსა და ბრიტანეთის ორმხრივ ურთიერთობაში რაიმე არსებითი სახის გაუმჯობესება ბოლო წლებში არც ერთი პარამეტრით არ მომხდარა. პირიქით, თუ გადავხედათ ოფიციალურ მონაცემებს, სავაჭრო ბრუნვა, 2004 წელთან შედარებით, თითქმის ორჯერ შემცირდა და დაახლოებით 100 მილიონ დოლარს შეადგენს. აქედან ორი მესამედი იმპორტირებულ საქონელს და მომსახურებას უკავია. 2003 წლის დონეზეა ყველა ტექნიკური თანადგომის პროექტი, რომელსაც დიდი ბრიტანეთი აფინანსებდა. მიუხედავად ამისა, საერთაშორისო პოლიტიკის ექსპერტებში გავრცელებულია მოსაზრება, რომ დიდი ბრიტანეთი საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორია. პირველ ყოვლისა, სახელდება ბაქო-თბილის-ჯეიხანის პროექტი და კომპანია ”ბრიტიშ პეტროლიუმი”.

[არჩილ გეგეშიძის ხმა] ”ერთ-ერთი, თუ ყველზე დიდი არა, მსხვილი ინვესტორი გახლავთ ”ბიპი”. მისი ინვესტიციებით საქართველოში ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მსხვილი პროექტები იქნა განხორციელებული, თავისი არა მარტო ეკონომიკური, არამედ გეოსტრატეგიული მნიშვნელობითაც. და ამდენად, ამ ქვეყანას ამ თვალსაზრისითაც აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა საქართველოსთვის, როგორც პარტნიორისთვის.”(სტილი დაცულია)

საერთაშორისო ექსპერტი არჩილ გეგეშიძე დარწმუნებულია, რომ ბრიტანული ინვესტიციებისთვის საქართველო კიდევ უფრო დიდ მიმზიდველობას შეიძენს მაშინ, როდესაც ქვეყანა ნატოში გაწევრიანდება და სტაბილურ ქვეყნად ჩამოყალიბდება. მაგრამ ეს ყველაფერი მომავლის საქმეა, უთხრა რადიო ”თავისუფლებას” დიპლომატიური აკადემიის პრეზიდენტმა სოსო ცინცაძემ. საქართველოს, რომელიც, ცინცაძის თქმით, საშიში გამოწვევის წინაშე დგას, სწორედ ახლა სჭირდება, დასავლეთისაგან უფრო ქმედითი მატერიალური და მორალური მხარდაჭერა:

[სოსო ცინცაძის ხმა] ”პირველი გაზაფხულია ეს, სოციალური პროტესტებით, საქართველოში. მთელი 10 წელი რა იყო ხოლმე? პოლიტიკური პროტესტი იყო ეს, ვთქვათ, შევარდანაძის წინააღმდეგ. ახლა იწყება სოციალური პროტესტები. ამ დროს გარედან მხარდაჭერა ნებისმიერ შემთხვევაში, ნებისმიერი სახელმწიფოსათვის ყოველთვის მნიშვნელოვანია.” [სტილი დაცულია]


საერთაშორისო ურთიერთობათა ექსპერტების თქმით, მთავარი საკითხი, რაშიც სააკაშვილს დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა ყველაზე მეტად სჭირდება, არის ნატოს გაწევრიანების სამოქმედო გეგმაში საქართველოს ჩართვა, რის თაობაზეც ევროპის ქვეყნებში სერიოზული აზრთა სხვადასხვაობაა. სოსო ცინცაძის თქმით, ამ კუთხით საქართველოს პრეზიდენტი ლონდონში შეეცდება კიდევ ერთხელ მოსინჯოს ნიადაგი და, შესაძლებლობის შემთხვევაში, დაარწმუნოს ბრიტანული პოლიტიკური ელიტა, რომ დრო ძალიან ცოტა რჩება.

[სოსო ცინცაძის ხმა] ”ისიც, თუ გნებავთ, რომ ბრიტანეთმა კეთილგანწყობილი ნეიტრალიტეტი მაინც დაიკავოს, როდესაც დადგება საკითხი, ვთქვათ, რუსეთის არაოფიციალური ვეტოს კონტექსტში, საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. იმიტომ რომ, თუ ჩვენ გაისად მაპზე არ გადავედით, ეს სერიოზული დარტყმა იქნება.”[სტილი დაცულია]

ექსპერტებისაგან განსხვავებით, ნატოში გაწევრიანებას სათუოდ არ მიიჩნევს საქართველოს ხელისუფლება. ”ჩვენ ველით დადებით გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ საქართველო ნატოს წევრობის ოფიციალური კანდიდატი გახდეს და უახლოესი ერთი წლის განმავლობაში მიიღოს სამოქმედო გეგმა,” განაცხადა 20 აპრილს, ”როუზ-როთის” საერთაშორისო სემინარზე გამოსვლისას, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG