Accessibility links

დემონსტრაცია – დემოკრატიის გამოხატულება თუ მისი კრახის ნიშანი?


ბოლო კვირების მანძილზე პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებს დემონსტრაციების ტალღამ გადაუარა. უკრაინა თუ ბელორუსია, რუსეთი თუ ყირგიზეთი:

ძნელად თუ მოისმენთ ახალი ამბების ისეთ გამოშვებას, ამ და სხვა ქვეყნებში – მათ შორის, საქართველოშიც – დიდი თუ მცირე დემონსტრაციების შესახებ რომ არ იყოს საუბარი. რას ნიშნავს ეს? რად უნდა მივიჩნიოთ დემონსტრაციების სიმრავლე – დემოკრატიის ხილული გამოხატულებად თუ, პირიქით, სწორედ დემოკრატიის კრახის ნიშნად?

დემოკრატიული საზოგადოება აღიარებს საკუთარი მოქალაქეების უფლებას, მოაწყონ საჯარო თავყრილობები და ერთმანეთსაც და სხვასაც გაუზიარონ საკუთარი მოსაზრებები. ზოგადად, ის მამოძრავებელი ძალა, რომელიც ხალხის მასებს ქუჩისკენ უბიძგებს, სახელმწიფოში არსებული ვითარებით უკმაყოფილებაა. შესაბამისად, ნებისმიერი დემოკრატიისთვის უაღრესად სახიფათოა დემონსტრაციების – როგორც პოლიტიკური ნების გამომხატველის – უგულებელყოფა. სწორედ ამ გარემოებას გაუსვა ხაზი ჩვენს რადიოსთან საუბარში ჯონ დანმა, კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორმა, რომლის თქმით, დემონსტრაციები დემოკრატიული ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.

[ჯონ დანის ხმა] “თეორიულად შესაძლებელია, არსებობდეს დემოკრატია უდემონსტრაციებოდ, მაგრამ სინამდვილეში ნაკლებად სავარაუდოა, შესაძლებელი იყოს მწყობრი დემოკრატიული სისტემის გამართული მუშაობა ყოველგვარი დემონსტრაციების გარეშე.”

და მაინც, ძნელია ამტკიცო, რომ სადაც დემონსტრაციის უფლება არსებობს, იქვეა დემოკრატიაც. ჯონ დანის თქმით, ზოგი დემონსტრაცია დემოკრატიისთვის პოტენციურ საფრთხესაც შეიცავს და, ამავე დროს, მისი გამოხატულებაც არის.

[ჯონ დანის ხმა] “არა მგონია, მართებული იყოს მოსაზრება, თითქოს, დემოკრატიული თვალსაზრისით, ნებისმიერი დემონსტრაცია მისაღები და სასურველი იყოს.”

ავიღოთ თუნდაც მეოცე საუკუნის 20-იანი და 30-იანი წლების გერმანია. ნაცისტური პარტიის ყავისფერპერანგიან მხარდამჭერთაგან შემდგარი ჯგუფები მიუნხენისა და სხვა დიდი ქალაქების ქუჩებში დაძრწოდნენ და უმოწყალოდ არბევდნენ ისედაც სუსტ ოპოზიციონერთა ნებისმიერ აქციას.

უკრაინაში ამჟამად შექმნილ ვითარებაზე საუბრისას, კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორი ჯონ დანი ხაზს უსვამს იმ განსაკუთრებულ სირთულეს, რომელშიც ქვეყანა აღმოჩნდა დასავლეთზე ორიენტირებული პრეზიდენტისა და პრორუსული ორიენტაციის პრემიერ-მინისტრის დაპირისპირების ფონზე. დანის თქმით, უკრაინის საზოგადოებაში გაჩენილი ბზარი მეტად ღრმაა და როგორც ერთმა, ისე მეორე მხარემ – თუ მარცხის მოახლოება იგრძნო –თავისი მხარდამჭერები, შესაძლოა, ქუჩაში გამოიყვანოს.

[ჯონ დანის ხმა] “წაგებულ მდგომარეობაში მყოფი პოლიტიკური ორგანიზაციისთვის, რომელიც მოცემულ მომენტში სახელმწიფო აპარატს ვერ აკონტროლებს, უაღრესად იოლია სახელმწიფო აპარატზე იერიშის მიტანა. არა მგონია, დემოკრატია გვკარნახობდეს, ასეთ დროს ვინ არის მართალი და ვინ – მტყუანი; ან გვეუბნებოდეს, როგორ ვიმოქმედოთ. ეს პოლიტიკური საკითხია, რომელიც იმაზე მიგვანიშნებს, რა მდგომარეობაში იმყოფება ამჟამად საზოგადოება.”

განვითარებულ დემოკრატიებში მსხვილი დემონსტრაციის მოწყობა დიდ ძალისხმევასა და გააზრებულ მოსამზადებელ სამუშაოს მოითხოვს. ეს კარგად იცის კეიტ ჰადსონმა, დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთი უძველესი არასამთავრობო ორგანიზაციის პრეზიდენტმა. მისი ორგანიზაცია სახელწოდებით “კამპანია ბირთვული განიარაღებისთვის” მოითხოვს, რომ მასობრივი განადგურების იარაღის ფლობაზე უკლებლივ ყველა ქვეყანამ უარი თქვას. რადიო “თავისუფლების” კორესპონდენტთან ბრეფნი ო’რურკთან ინტერვიუში კეიტ ჰადსონმა დემონსტრაციის ჩატარებასთან დაკავშირებულ ტექნიკურ დეტალებზე ისაუბრა.

[კეიტ ჰადსონის ხმა] “იდეალურია სიტუაცია, როცა დემონსტრაციის მოსამზადებლად რამდენიმე თვე გაქვს. ეს მაქსიმალურად ზრდის მონაწილეთა რიცხვს, მაგრამ, ამავე დროს, ყოველკვირეული მოსამზადებელი შეხვედრების ჩატარებას მოითხოვს. მერე და მერე ეს შეხვედრები უკვე ყოველდღიურად უნდა იმართებოდეს – თუ გსურს, აქციაში, რაც შეიძლება მეტი მონაწილე ჩააბა. ამდენად, ამ საქმეს უაღრესად დიდი დრო მიაქვს.”

კერძოდ, კეიტ ჰადსონის თქმით, აუცილებელია ისეთი თარიღის შერჩევა, რომელიც ხელს აძლევს დემონსტრაციის მონაწილეთა უდიდეს უმრავლესობას; საჭიროა, შედგეს სიტყვით გამომსვლელთა სია, დადგინდეს სვლის მარშრუტი; მიღებულ იქნეს ნებართვა პოლიციისგან და ადგილობრივი ხელისუფლებისგან...

[კეიტ ჰადსონის ხმა] “საჭიროა, აგრეთვე, დემონსტრაციის შესახებ ინფორმაციის გავრცელება, ავტობუსების შეკვეთა, რომლებითაც ხალხს დემონსტრაციის საწყის წერტილში მიიყვან. არის კიდევ ათასი პრაქტიკული წვრილმანი, მაგალითად, უნდა გყავდეს საგანგებოდ გამოყოფილი მეგზურები. ზოგ ქვეყანაში პოლიციას სრულიად კონკრეტული წესები აქვს იმასთან დაკავშირებით, დემონსტრაციის მონაწილეთა გარკვეულ რაოდენობაზე რამდენი ასეთი მეგზური უნდა გყავდეს.”

რაც შეეხება გავრცელებულ პრაქტიკას, როცა დემონსტრანტებს აქციაში მონაწილეობისთვის გასამრჯელოს უხდიან, როგორც თუნდაც საქართველოს გამოცდილება გვიჩვენებს, ეს უფრო მცირე მასშტაბის აქციებისას ხდება. კეიტ ჰადსონმა და მისმა კოლეგებმა იციან: რაც უფრო დიდია დემონსტრაცია, მით უფრო ნაკლებია ალბათობა, რომ დემონსტრანტები მოქრთამეს.
XS
SM
MD
LG