Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი აკრიტიკებს საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივას ცხინვალის დროებითი ადმინისტრაციიის შექმნასთან დაკავშირებით


საქართველოს პრეზიდენტის ხუთპუნქტიანი ინიციატივა, რაც ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში დროებითი ადმინისტრაციული ერთეულის შექმნას

და, გარდამავალი ხელისუფლების მონაწილეობით, ავტონომიური ოლქის შემდგომ აღდგენას გულისხმობს, დე ფაქტო მთავრობებისა და მოსკოვის კრიტიკის საგანი გახდა. ამასთან, ცხინვალსა და სოხუმთან დიალოგის ჩაშლის გამო, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, თბილისის გარდა, პასუხისმგებლობას ვაშინგტონსა და ბრიუსელსაც აკისრებს. ამასობაში კი ცხინვალის დროებითი ადმინისტრაცია განაგრძობს ფორმირების პროცესს და აცხადებს, რომ რუსეთის ზეწოლა ხელს ვერ შეუშლის მათი გეგმების განხორციელებას.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ კამინინი, რომლის განცხადებაც უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე ქვეყნდება, ანტაგონიზმის წარმოშობის მცდელობას უწოდებს საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას შექმნას დროებითი ადმინისტრაციული ერთეული ცხინვალის რეგიონში, აღჭურვოს იგი მაღალი წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით და ”საგანგებო ფინანსური პაკეტით” ამ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად.

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”დროებით ადმინისტრაციას ევალება ხელისუფლებასთან მოლაპარაკების პროცესში იმუშაოს რეგიონის რეკონსტრუქციაზე, ყველა ადამიანის უფლების სათანადო წარმოდგენაზე, საბოლოო სტატუსის გარკვევაზე, ჩამოყალიბებაზე და საბოლოო სამშვიდობო გადაწყვეტაზე. ჩვენ ვთავაზობთ ადმინისტრაციული ერთეულის შემქმნელ ძალებს საგანგებო ფინანსურ პაკეტს რეგიონის რეაბილიტაციისთვის, რეგიონის შემდგომი განვითარებისთვის.” [სტილი დაცულია]

ეს არის იმ ხუთპუნქტიანი გეგმის ნაწილი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა 23 აპრილს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე გამოიტანა საზოგადოების სამსჯავროზე. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ზუსტად ორი დღე დასჭირდა იმისათვის, რომ თბილისის გადაწყვეტილება დაეგმო, როგორც ”მოლაპარაკებათა პროცესის ჩაშლისა” და ”რეგიონში დაძაბულობის გაღვივების მცდელობა”. თავის კომენტარში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ კამინინი აღნიშნავს, რომ ”აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ხალხთა რეალურ ინტერესებს” სერგეი ბაღაფში და ედუარდ კოკოითი გამოხატავენ, მათი ხელისუფლების ლეგიტიმაციის განმტკიცებას კი რუსეთი არა მხოლოდ მწვავე განცხადებებით, არამედ არანაკლებ ამბიციური ფინანსური პროექტებით აპირებს. კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო აპარატი აცხადებს, რომ რუსეთი ”საქართველოს გვერდის ავლით ახორციელებს ეკონომიკურ პროექტებს ცხინვალში და პირდაპირი გზებით აფინანსებს დე ფაქტო მთავრობას.” თუმცა არც რუსეთის მუქარას და არც კოკოითის ხელისუფლების ფინანსურ დახმარებას სერიოზულ საფრთხედ არ აღიქვამს სოფელ ქურთაში მოქმედი ცხინვალის დროებითი ადმინისტრაცია. ალტერნატიული მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ჩიგოევა-ცაბოშვილმა რადიო ”თავისუფლებას” უთხრა, რომ მოსკოვის მხრიდან ფინანსური ინექციებით კოკოითის ხელისუფლების გახანგრძლივების მცდელობა უშედეგოა:

[მაია ჩიგოევა-ცაბოშვილის ხმა] ”რუსეთი რომ თავისი ინტერესების გატარებაზე ზრუნავს, ეს ფაქტია. სინამდვილეში ჩვენი პრინციპი და მიდგომა არის ისეთი, რომ, კი, ბატონო, აკეთონ სასიკეთო საქმე - ის მაინც, საბოლოო ჯამში, ჩვენ დაგვრჩება. მაგრამ მიზანი ამის არის ის, რომ კოკოითის რეჟიმის არსებობა გაახანგრძლივონ. ეს, უბრალოდ, შედეგს ვერ მოიტანს.”(სტილი დაცულია)

ამ ფონზე 25 აპრილს ცხინვალში ჩავიდა რუსეთის უწყებათშორისო სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმ შვიდი ობიექტის რეაბილიტაციის პროცესს შეისწავლის, რომელშიც, რუსული მხარის მტკიცებით, 3 მილიონი ევროა დახარჯული. ესენია სკოლა, საავადმყოფო და სპორტული დარბაზები. მაგრამ საქართველოს მხარე მკაცრად აპროტესტებს ცხინვალის რეგიონში რუსეთიდან ელექტროენერგიის არალეგალურ ექსპორტს და ჩრდილო ოსეთისა და ცხინვალის რეგიონის დამაკავშირებელი გაზსადენის მშენებლობას, რაც ცხინვალს კიდევ უფრო დააახლოებს რუსეთთან. ”თუ მსგავსი პრაქტიკა გაგრძელდება, საქართველო აპირებს გადახედოს რუსეთ-საქართველოს 2000 წლის 23 დეკემბრის სახელმწიფოთაშორისო შეთანხმებას”, ნათქვამია კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო სამინისტროს განცხადებაში. აღნიშნული შეთანხმება ითვალისწინებს ცხინვალის რეგიონის ეკონომიკის აღდგენას ერთობლივი პროექტებითა და ურთიერთშეთანხმებით, რასაც, თბილისის მტკიცებით, ცალმხრივად არღვევს რუსეთის ფედერაცია.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG