Accessibility links

logo-print

საქართველოს სახალხო დამცველმა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი დააყენა


25 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა სპეციალური განცხადება გააკეთა და საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის

გიორგი ხევიაშვილის პასუხისმგებლობის საკითხი დააყენა. სოზარ სუბარის განცხადებით, სამინისტრო არაეფექტურ მენეჯმენტს ახორციელებს, რითაც აფხაზეთიდან დევნილთა უფლებები უხეშად ირღვევა. სახალხო დამცველმა ლტოლვილთა მიმართ სამინისტროს არასწორი დამოკიდებულების არაერთი მაგალითი გამოაქვეყნა.

24 აპრილის ღამით სამართალდამცველებმა თბილისის ვაზისუბნის დასახლებაში მიტოვებული ”ავტოსპეცმეურნეობის” შენობიდან აფხაზეთიდან დევნილი 18 ოჯახი გამოასახლეს.

[დევნილის ხმა] ”მესამედ ვარ დღეს დევნილი. 6 თვეა დავრბივარ, არავინ ყურადღებას არ გვაქცევს და ღია ცის ქვეშ დავრჩით ეხლა.”

[დევნილის ხმა] ”სადაც გინდა, იქ მიდითო, სადაც გინდათ, იქ იჩივლეთო. არც ერთი დოკუმენტი არ გააჩნიათ, ისე გამოგვასახლეს.”

საქართველოს სახალხო დამცველის სოზარ სუბარის განცხადებით, ამ დევნილების საქმეს დიდი ხანია სწავლობენ და იციან, რომ მათი გამოსახლება უკანონოდ - სასამართლოს გადაწყვეტილების იგნორირებით - განხორციელდა:

[სოზარ სუბარის ხმა] ”ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ არაფერი იღონა ამ ადამიანების დასახმარებლად. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ეს ადამიანები ღია ცის ქვეშ ამ წვიმასა და თოვლსა და ჭყაპში დიდხანს ვერ გაჩერდებიან. სამწუხაროდ, ამან ბოლო დროს მიიღო ძალიან სერიოზული ტენდენციის ხასიათი. ეს პირდაპირ არის ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს და პირადად მინისტრის პასუხისმგებლობა.” (სტილი დაცულია)

ბოლო 3 თვის მანძილზე საქართველოს სახალხო დამცველს 400-ზე მეტმა მოქალაქემ მიმართა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მხრიდან მათი უფლებების დარღვევის გამო. მათ შორისაა, მაგალითად, საქმე სოფელ პირველ გალში მცხოვრები 104 წლის მოქალაქისა, რომელსაც ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ დევნილად რეგისტრაციისთვის თბილისში, სამინისტროს ოფისში, გამოცხადება მოსთხოვა.

ხოლო მან, ვინც გალის რაიონიდან თბილისში ჩამოსვლა მოახერხა, - მაგალითად, სოფელ ლეკუხინას მკვიდრმა, 4 შვილის დედამ და ქართული სკოლის მასწავლებელმა, - დევნილის მოწმობა მაინც ვერ მიიღო. იგივე ბედი ეწია ამავე სკოლის სასწავლო ნაწილის გამგეს, რომელიც გალიდან სამინისტროში ოთხჯერაც კი ჩამოვიდა. სახალხო დამცველის განცხადებით, არის უამრავი სხვა ფაქტი, რომელიც ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსა და თავად მინისტრის არაეფექტურ მუშაობაზე მეტყველებს:

[სოზარ სუბარის ხმა] ”ყოველივე ამის გამო ვაპირებ გამოვიყენო საქართველოს სახალხო დამცველისთვის კანონით მინიჭებული უფლება და წერილობით მივმართავ საქართველოს პრეზიდენტს, ყველა იმ მასალის თანდართვით, რომელიც ჩვენი ოფისის მიერ იქნა შესწავლილი, რომ გაატაროს სათანადო ღონისძიებები, რათა საქართველოში სათანადოდ იქნეს დაცული დევნილთა უფლებები.” (სტილი დაცულია)

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი გიორგი ხევიაშვილი კი აცხადებს, დევნილებთან ურთიერთობას კანონი არეგულირებს და ჩვენ ამ კანონის მიხედვით ვმუშაობთო.
XS
SM
MD
LG