Accessibility links

logo-print

რუსეთის პრეზიდენტი ფედერალური კრების წინაშე თავისი ყოველწლიური მოხსენებით წარდგა


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი თავისი ყოველწლიური მოხსენებით წარდგა ფედერალური კრების წინაშე.

მან მწვავედ ისაუბრა ოპოზიციაზე და უცხოეთის ზოგიერთ სახელმწიფოზე, რომლებიც - პრეზიდენტის თქმით - რუსეთის საშინაო საქმეებში ჩარევას ცდილობენ.

ისევე, როგორც სხვა ანალოგიურ გამოსვლებში, პუტინმა ხოტბა შეასხა რუსეთის ეკონომიკურ განვითარებას და აღნიშნა, რომ დღეს მის ქვეყანას მსოფლიოს ყველაზე მაღალგანვითარებული სახელმწიფოების რიცხვში მოიხსენიებენ.

[ვლადიმირ პუტინის ხმა] "ქვეყანაში სიტუაციამ თანდათან, ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ იწყო უკეთესისკენ შეცვლა. დღეს რუსეთმა არა მხოლოდ მთლიანად დაძლია წარმოების ხანგრძლივი ჩავარდნა, არამედ მსოფლიოს ათი უმსხვილესი ეკონომიკის რიცხვშიც შევიდა."

ვლადიმირ პუტინმა აღნიშნა, რომ ნავთობის მოპოვების მოცულობით რუსეთი მსოფლიოს მოწინავე ქვეყანა გახდა, მაგრამ ახლა მნიშვნელოვანია, სახელმწიფო შემოსავლების ზრდა რუსეთის რიგით მოქალაქესაც დაეტყოს.

საგარეო პოლიტიკაზე საუბრისას, პუტინმა თქვა, რომ რუსეთი სულაც არ იქცევა ქედმაღლურად - ის მხოლოდ საკუთარი ეკონომიკური ინტერესების დაცვას ცდილობსო. გარდა ამისა, რუსეთის ლიდერმა წინადადება გამოთქვა, გამოცხადდეს მორატორიუმი ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ ხელშეკრელების შესრულებაზე, ვიდრე ამ დოკუმენტს რატიფიკაციას არ გაუკეთებს ნატოს წევრი ყველა ქვეყანა.

თავისი გამოსვლის დასასრულს ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ეს მისი ბოლო საანგარიშო მოხსენებაა ფედერალური კრების წინაშე.

[ვლადიმირ პუტინის ხმა] "მომავალი, 2008 წლის გაზაფხულზე იწურება ჩემი საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადა. და ფედერალური კრების წინაშე შემდეგ მოხსენებას სახელმწიფოს სხვა მეთაური გააკეთებს."
XS
SM
MD
LG