Accessibility links

სახალხო დამცველმა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს ანგარიში ჩააბარა


"სახალხო დამცველის შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლი ითვალისწინებს სახალხო დამცველის მიერ პარლამენტისათვის წელიწადში ორჯერ

ადამიანის უფლებათა სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ ანგარიშის წარდგენას, თუმცა 2006 წელი ისე მიილია, რომ დეპუტატებმა ომბუდსმენის ანგარიშის მოსასმენად ერთხელაც კი ვერ მოიცალეს. 26 აპრილს სოზარ სუბარი ანგარიშით წარდგა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წინაშე. სახალხო დამცველმა საათზე მეტი ილაპარაკა იმ დარღვევების შესახებ, რომელთაც სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან ჰქონდა ადგილი. სოზარ სუბარმა, როგორც მოსალოდნელი იყო, გვერდი ვერ აუარა გირგვლიანისა და რობაქიძის მკვლელობებს, ადამიანის უფლებათა დარღვევებს სამხედრო ნაწილებში და გახმაურებულ სამამართლო პროცესებს.

ანგარიშში, რომლითაც სოზარ სუბარი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრების წინაშე წარდგა, გაანალიზებულია საქართველოში უფლებებთან დაკავშირებით შექმნილი ვითარება და მოცემულია ადამიანის უფლებათა დაცვის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა რეკომენდაციები, მითითებულია იმ დარღვევებზე, რომელთაც ადგილი ჰქონდა უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში. სახალხო დამცველმა ყურადღება განსაკუთრებით გაამახვილა გირგვლიანისა და რობაქიძის მკვლელობებზე, იმ სასამართლო პროცესებზე, რომელთა სამართლიანობაში საზოგადოებას ეჭვი ეპარება:

[სოზარ სუბარის ხმა] „მე არაფერს ვიტყვი მკვლელობის საზარელ ფაქტზე, მაგრამ თვითონ სასამართლო პროცესი იყო პრეცედენტული იმ გაგებით, რომ ყველაზე გახმაურებული საქმე საქართველოს უახლეს ისტორიაში დასრულდა რაღაც ექვს სხდომაში...“

სოზარ სუბარის მოხსენებას პარლამენტის პირველი რესპუბლიკის დარბაზში დეპუტატებთან ერთად პოლიციელების მიერ მოკლული ბუტა რობაქიძისა და სანდრო გირგვლიანის მშობლებიც ისმენდნენ. იოსებ რობაქიძემ მკვლელობაში მონაწილე ყველა პირის დაკავება მოითხოვა:

[იოსებ რობაქიძის ხმა] „მოთხოვნა არის ის, რომ ეს მკვლელები არიან არასწორად დასჯილები. ორივე მკვლელობა არის განზრახ მკვლელობა და დასჯილები არიან სამი და შვიდი წლით, როცა უვადო პატიმრობა უნდა ჰქონდეთ.“

უშუალოდ მკვლელების გარდა, დაზარალებულები პოლიციისა და პროკურატურის ხელმძღვანელობის დასჯასაც მოითხოვენ. მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეების პასუხისგებაში მიცემის რეკომენდაციას სახალხო დამცველიც იძლევა:

[სოზარ სუბარის ხმა] „კანონის მიხედვით, საანგარიშო მოხსენებაში უნდა იყოს ასახული ის უწყებები და ის თანამდებობის პირები, რომლებიც ყველაზე ხშირად არღვევენ ადამიანის უფლებებს და ეს გაკეთებული გვაქვს. გნებავთ სასამართლო, გნებავთ პოლიცია, პროკურატურა და ასე შემდეგ... დანარჩენი უკვე პარლამენტმა უნდა გადაწყვიტოს.“

პარლამენტი კი გადაწყვეტილებას კენჭისყრით იღებს. უმრავლესობის ერთ-ერთ წევრს და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს ნინო კალანდაძეს ეჭვი ეპარება სახალხო დამცველის ობიექტურობაში:

[ნინო კალანდაძის ხმა] „ყველა მოხსენება საკმაოდ სუბიექტური იყო - იჩენდა ტენდენციურობას და საკუთარი მოსაზრებების გარეშე ეთანხმებოდა იმ ხმამაღალ განცხადებებს, რომლებიც კეთდებოდა ოპოზიციის ან საზოგადოების მცირე ჯგუფის მხრიდან.“

ნინო კალანდაძის ამ მოსაზრებას არ იზიარებს უმრავლესობის კიდევ ერთი ლიდერი და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ელენე თევდორაძე, რომლის თქმითაც, სახალხო დამცველის აპარატი კარგად და ეფექტიანად მუშაობს:

[ელენე თევდორაძის ხმა] „სახალხო დამცველი ყოველთვის უნდა იყოს ტენდენციური ხალხის სასარგებლოდ. ასე ხდება ყველგან და ასეც უნდა იყოს. აღმასრულებელი ხელისუფლების უარყოფითი დამოკიდებულებაც არაა გასაკვირი. არ მიკვირს არც ერთი და არც მეორე.“

ელენე თევდორაძის წინადადებით, 26 აპრილს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა სახალხო დამცველის საანგარიშო მოხსენების მხოლოდ პირველი ნახევარი მოისმინა. სოზარ სუბარი შეეხო ისეთ საკითხებს, როგორიცაა: კერძო საკუთრების ხელყოფა, ადამიანის უფლებების დაცვა წინასწარი დაკავების იზოლატორებში, სამხედრო ნაწილებსა და სასჯელაღსრულების სისტემაში, ადამიანის უფლებათა კონტროლი სეპარატისტულ რეგიონებში, დევნილთა სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობა და უფლებების დაცვა. სუბარის გამოსვლის შემდეგ სიტყვა ითხოვეს 2003 წლის 24 ნოემბერს ავტოკატასტროფაში დაღუპული დავით საყვარელიძის დედამ, გირგვლიანისა და რობაქიძის მშობლებმა, თუმცა სხდომის თავმჯდომარემ პარლამენტის რეგლამენტი არ დაარღვია და სხდომაზე მიწვეულ დაზარალებულებს სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცა, რასაც უკმაყოფილება და სიტყვიერი შეხლა-შემოხლა მოჰყვა.

[ისმის ხმაური]

მოგვიანებით ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომა სათათბირო ოთახში გაგრძელდა. სახალხო დამცველის ანგარიშის დანარჩენ ნაწილს კი კომიტეტის წევრები, სავარაუდოდ, ორ კვირაში მოისმენენ.
XS
SM
MD
LG