Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ აფასებს ჯორჯ სოროსი ბოლო დროის ''ფერად რევოლუციებს'' და აწმყოს, რომელიც ამ რევოლუციებმა მოიტანა?


"ქველმოქმედების ხელშეწყობა ევროპის ახალ დემოკრატიებში" – ამ სახელწოდების საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა 26 აპრილს რადიო "თავისუფლების" პრაღის შტაბ-ბინამ.

კონფერენციის მონაწილეთა შორის იყვნენ: ჩეხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ალექსანდრ ვონდრა, მიხაილ ხოდორკოვსკის ერთ-ერთი ვექილი რობერტ ამსტერდამი და "ღია საზოგადოების" დამაარსებელი, ცნობილი ფინანსისტი და ქველმოქმედი ჯორჯ სოროსი. ყველასთვის ცნობილ პიროვნებას, რომელსაც საქართველოში ურთიერთ საპირისპირო ვარაუდები, შეფასებები და ემოციები უკავშირდება, პრაღაშიც მოუწია საქართველოზე, ვარდების რევოლუციასა და პრეზიდენტ სააკაშვილზე საუბარი. სოროსი ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ ფერად რევოლუციებად წოდებულ მოვლენებში მისი როლი მცდარად შეფასდა და რომ ის სულაც არ არის რევოლუციების მოტრფიალე. ჯორჯ სოროსმა ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა რადიო ტავისუფლების კორესპონდენტს ჯერემი ბრანსტენს. ლელა კუნჭულია ინტერვიუს იმ მონაკვეთებს გაგაცნობთ, რომლებიც ჩვენი მსმენელისთვის განსაკუთრებით საინტერესო უნდა იყოს.

"ღია საზოგადოების" დამაარსებელს, ცნობილ ფინანსისტსა და ქველმოქმედს ჯორჯ სოროსს ფერად რევოლუციებთან და საქართველოსთან დაკავშირებულ კითხვას აუცილებლად რომ დაუსვამდნენ, ამაში ეჭვი არავის ეპარებოდა; მაგრამ მასთან შეხვედრა სწორედ ასეთი კითხვით თუ დაიწყებოდა, ეს არცთუ მთლად მოსალოდნელი იყო. და მაინც, პირველ შეკითხვას – რა როლი შეასრულა ჯორჯ სოროსმა საქართველოში – ვარდების, უკრაინაში – ნარინჯისფერი და ყირგიზეში – ტიტების რევოლუციების ორგანიზებაში, ღია საზოგადოების დამფუძნებელი ასე პასუხობს:

(ჯორჯ სოროსის ხმა)

"ჩემი როლი არასწორად და გადაჭარბებით იქნა შეფასებული. ეს რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა და სხვებმა (... მაგალითად, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა შევარდნაძემ) გააკეთეს. ისინი ამჯობინებენ ვარდების რევოლუციის ორგანიზებაში მე დამადანაშაულონ და არ აღიარონ ფაქტი, რომ საქართველოში რეჟიმი თავად ხალხმა შეცვალა".

მიუხედავად ამისა, ჯორჯ სოროსი არ უარყოფს, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესებთან მას საგანგებო ინტერესები აკავშირებდა:

(ჯორჯ სოროსის ხმა)

"საქართველოსთან უშუალო კავშირი მქონდა, რადგანაც მე ჩაბმული ვიყავი ანტიკორუფციულ კამპანიაში შევარდნაძესთან, იმ დროისთვის იუსტიციის მინისტრ მიხეილ სააკაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან ზურაბ ჟვანიასთან ერთად. მოგვიანებით, მეტად სამწუხაროდ, შევარდნაძემ ვერ შეასრულა დანაპირები და ვალდებულებები და ეს იმის ბრალი იყო, რომ კორუფციის მთავარ წყაროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (პოლიცია) წარმოადგენდა. მისი სიცოცხლე კი, სწორედ პოლიციაზე იყო დამოკიდებული და ამიტომ შევარდნაძემ საქმის ბოლომდე მიყვანა ვეღარ შეძლო. შემდეგ, სააკაშვილმა და ჟვანიამ ხელისუფლების რიგები დატოვეს და თავიანთი პარტია ჩამოაყალიბეს. მე მათ პარტიას არ ვეხმარებოდი, მაგრამ ჩვენ მათ მივეცით ღია საზოგადოების პრემია, რომელიც მხარს უჭერდა მათ საქმიანობას. ჩემი როლიც სწორედ ეს იყო".

სოროსი კმაყოფილია ვარდების რევოლუციის შედეგებით, ამბობს, რომ საქართველო, როგორც სახელმწიფო, შეიცვალა და რომ კორუფციის მასშტაბები აშკარად შემცირდა. სამაგიეროდ, კითხვის ნიშნები უკავშირდება მის კმაყოფილებას უკრაინასთან მისამართით. ჯორჯ სოროსს არ მოსწონს, რომ ნარინჯისფერი რევოლუციის ლიდერები დანაპირებს ვერ ასრულებენ:

(ჯორჯ სოროსის ხმა)

"ისინი ვერ გაუმკლავდნენ დასახულ მიზნებს და ხალხიც სწორედ ამიტომ დარჩა იმედგაცრუებული".

მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში მღელვარებაა, ღია საზოგადოების დამფუძნებელი მაინც კმაყოფილია, რადგანაც ამგვარი პროცესები ქვეყანაში დემოკრატიის არსებობის მაჩვენებლად მიაჩნია. მისთვის მოსაწონია, როცა ხალხი არ აპირებს შეეგუოს არასასურველ აწმყოს და საკუთარ აზრს თავისუფლად გამოხატავს. თუმცა სოროსი ცდილობს დაამტკიცოს, რომ ის რევოლუციების მოტრფიალე სულაც არ არის, რადგანაც რევოლუცია, ტავის მხრივ, დემოკრატიის დაბადების გარანტს არ წარმოადგენს. ამისათვის ქვეყნებს უკეთესი პოლიტიკური სისტემის შექმნაზე ზრუნვა მოეთხოვება.

თუკი უკრაინის შემთხვევაში სოროსი მხოლოდ ნაწილობრივ არის უკმაყოფილო, რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკით ის აბსოლუტურად უკმაყოფილოა. და ამ არასასურველ აწმყოს ის უშუალოდ ვლადიმირ პუტინისა და ჯორჯ ბუშის მმართველობის ხელწერას მიაწერს. ცნობილი ფინანსისტი წყალში გადაყრილად მიიჩნევს (ღია საზოგადიოების შექმნისთვის, დაახლოებით 10 წლის მანძილზე) რუსეთში დახარჯულ დროს, ფულსა და მონდომებას.

პრეზიდენტ პუტინის რეჟიმს ის ავტორიტარული რეჟიმის ახალ ფორმად მიიჩნევს და მისთვის შესაფერისი სახელიც აქვს – "ნავთობის პატრონაჟის რეჟიმი". მისი თქმით, პუტინმა გავლენა და ავტორიტეტი ბუნებრივი რესურსების სხვადასხვა ბერკეტად გამოყენებით მოიპოვა. ბოლოდროინდელი დემოსტრაციების მიუხედავად, სოროსი რუსეთში ცვლილებების შესაძლებლობას ვერ ხედავს, რადგანაც ძირითადი ფასეულობებისა და პრინციპების დასაცავად, მისი თქმით, იქ ადამიანთა მხოლოდ მცირე ჯგუფია მზად. უკმაყოფილო ბევრია, მაგრამ ისინი ხმის ამოღებას და ქუჩაში გამოსვლას ერიდებიან.

ყველასთვის ცნობილია ჯორჯ სოროსის უკიდურესად უარყოფითი დამოკიდებულება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის მიმართ. სოროსი თვლის, რომ ბუშის ადმინისტრაცია უგულებელყოფს ღია საზოგადოების მთავარ ფასეულობებს, რომლებითაც ამერიკა ყოველთვის იწონებდა თავს. თუმცა ის მოხარულია, რომ ბუშის პოლიტიკას ამერიკელი ხალხის მხრიდან ბოლო დროს სულ უფრო მეტი წინააღმდეგობა ხვდება.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG