Accessibility links

logo-print

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


ერთ-ერთი მთავარი თემა, რომელიც გასულ კვირაში უცხოეთის პრესის ყურადღებას იპყრობდა, გახლავთ ბორის ელცინის გარდაცვალება.

ესპანეთის "აბც" წერდა:
“ელცინს მრავალი ნაკლი ჰქონდა. მაგრამ ვერავინ უარყოფს იმას, რომ რუსეთის ექს-პრეზიდენტი მთელი ძალით ისწრაფვოდა ტოტალიტარული რეჟიმის დაძლევისკენ. მის მემკვიდრე პუტინს კი არავითარი ალერგია არა აქვს საბჭოთა პერიოდის მიმართ. მას სურს, რომ რუსეთი უპირველეს ყოვლისა ზესახელმწიფოდ აქციოს.”
ამავე თემას ეხმაურება "ვაშინგტონ პოსტი".
“ელცინი საბჭოთა კავშირის მშვიდობიანი დაშლის მთავარი შემამზადებელი იყო. ამან რუსეთთან ერთად 14 სხვა ქვეყანას საშუალება მისცა, თავად აეღო ხელში საკუთარი ბედის სადავეები. მათგან სამი ევროპის კავშირისა და ნატოს წევრია.”
იტალიის გაზეთი "კორიერე დელა სერა" ერთობ კრიტიკულად აფასებს ელცინის როლს:
“ბორის ელცინის სახელი სახელმწიფო ქონების გრანდიოზული დატაცებისა და ველური პრივატიზაციის დროსთან გაიგივდება. რუსებისთვის მისი სახელი დაკავშირებულია ჩეჩნეთში ომთან, სოციალური სახელმწიფოს დაშლასთან და ახალი სახელმწიფოს შექმნასთან, რომელიც კლეპტოკრატიად მიიჩნევა.”
ხოლო სტამბოლში გამომავალი "ზამანი" მიიჩნევს, რომ
“დღეს ჩეჩნეთში ბატონობს კადიროვის რეჟიმი, რომელიც კრემლის მხარდაჭერითს სარგებლობს. ეს რეჟიმი დღემდე შიშის ზარს სცემს ხალხს. ეს გახლავთ ელცინის პირველი უარყოფითი მემკვიდრეობა. მეორეა სახელმწიფო ქონების განიავება პრივატიზაციის სახელით, რათ თითქოს გარკვეულ ეკონომიკურ რეფორმებთან იყო დაკავშირებული, რამაც მრავალი სპეკულანტი წარმოშვა. მოკლედ, ელცინის მემკვიდრეობა არც ისე დადებითია, როგორც ეს მიღებულია.”

ასევე ყურადღების ცენტრში იყო რუსეთის, ოღონდ არა ელცინის, არამედ პუტინის რუსეთის გადაწყვეტილება ევროპაში კონვენციური შეიარაღების შეზღუდვის ხელშეკრულებიდან გასვლის თაობაზე.
"ფრანკფურტერ რუნდშაუ" ამგვარ კომენტარს უკეთებს რუსეთის რეაქციას შეერთებული შტატების გეგმაზე, ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემა განათავსოს ევროპაში:
“ვლადიმირ პუტინმა იცის, რომ სახელმწიფო, რომელსაც იგი ამ წლის ბოლომდე ედგება სათავეში, გაძლიერდა. აქიდან მას გამოაქვს სათანადო დასკვნები. მაგალითად ასეთი: ამერიკელებს კვლავ შეიძლება უჩვენო კბილები. რუსეთის დასავლეთ საზღვრებამდე ნატოს გაფართოებით, განიარაღების თაობაზე ზოგიერთი ხელშეკრულების გაუქმებისა და აღმოსავლეთ ევროპაში ანტისარაკეტო დანადგარების შესახებ გეგმებით ამერიკელები ამ სახელმწიფოს ინტერესებს საფრთხეს უქმნიან. პუტინისთვის ეს ნამეტანია.
მას ასეთი დასკვნაც გამოაქვს: დემოკრატიული მოძრაობა, სანამ იგი ჯერ კიდევ არსებობს, სასარგებლოა შეერთებული შტატებისთვის. ვინაიდან ის ფარისევლური არგუმენტების მოშველიებით აფინანსებს ზოგიერთ ინიციატივას, რომელიც არ მომდინარეობს პუტინის სახელმწიფოს მხრიდან. ასეთ ინიციატივებს ის ეჭვით ეკიდება. მას სურს, თავის მემკვიდრეს მოგვარებული ვითარება დაუტოვოს.”
საფრანგეთში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნები გასლი კვირის პრესაში ერთ-ერთი მთავარი თემა იყო.
"სილის გაწნა ნიკოლა სარკოზისთვის და მახე სეგოლენ რუაიალისთვის" - ასეთი სათაურის სტატია გამოაქვეყნა ნანსიში გამომავალმა "ე რეპუბლიკენმა". სტატიაში საუბარია იმაზე, რომ მესამე კანდიდატმა, ფრანსუა ბაირუმ, მას მერე, რაც საპრეზიდენტო არჩევნებს გამოეთიშა, მხარდაჭერა არც სარკოზის გამოუხატა და არც რუაიალს.
გაზეთი წერს:
"ბაირუ ჯოჯოხეთურად მოიქცა. მართალია, თავის ამომრჩევლებს არ მისცა მითითებები, ვისთვის დაეჭირათ მხარი, მაგრამ ის, თუ როგორ დაესხა თავს სარკოზის, ერთობ არაორაზროვანი იყო: კონსერვატორ კანდიდატს მან პატარა ბერლუსკონი უწოდა. ქალბატონ რუაიალს იგი უფრო ინდობს. მაგრამ იმით, რომ დიალოგზე ეპატიჟება მას, იგი სოციალისტ კანდიდატს სახიფათო ტერიტორიაზე იტყუებს. ვინაიდან რუაიალის ამომრჩეველთა ნაწილი არ მოინდომებს, რომ გაჰყვეს მას."
მილანში გამომავალი "კორიერე დელა სერა" მიიჩნევს რომ ლიბერალი ბაირუ საპრეზიდენტო არჩენების შემდეგაც შეინარჩუნებს გავლენიან როლს:
"ბაირუს ამჟამინდელი პარტია, ფრანგული დემოკრატიის კავშირი, ცენტრისტი პოლიტიკოსების, შუმანისა და ჟისკარ დ'ესტენის მემკვიდრეა. მისი ამომრჩევლები ტრადიციულად ზომიერი და კათოლიკური მიმართულებისაა. ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში უფრო შირაკის გოლიზმისა და სარკოზისკენ იხრებიან. მაგრამ ბაირუმ მოახერხა, იმედგაცრუებულები მემარცხენე და მემარჯვენე ბანაკებიდან თავისკენ გადაებირებინა და ამგვარად გაესამმაგებინა თავისი ამომრჩევლების რიცხვი. მისი მიზანია, რაც შეიძლება უფრო მეტად შეძლოს მათი შენარჩუნება ივნისის საპარლამენტო არჩევნებისთვის. მას რომ მკაფიოდ დაეჭირა მხარი რომელიმე სხვა კანდიდატისთვის, ეს ხელის შემშლელი იქნებოდა. თუკი ბაირუ მოახერხებს პარლამენტში დეპუტატების სოლიდური ჯგუფის შეყვანას, მაშინ ის საკვანძო მნიშვნელობის ადამიანად იქცევა მომავალი მთავრობის შესაქმნელად საჭირო უმრავლესობის მოსაპოვებლად."
კიდევ ერთი თემა, რომლის მიმართ ყურადღება დიდი იყო გასულ კვირაში, გახლავთ შეერთებული შტატების კონგრესის გადაწყვეტილება, ჯარები გაიყვანოს ერაყიდან
მოვუსმინოთ "ნიუ იორკ ტაიმსს": “ცხადია, რომ თერთმა სახლმა და კონგრესმა გარკვეულ კომპრომისს უნდა მიაღწიონ. კონგრესმა ქვეყნისთვის სასარგებლოდ იმოქმედა, როცა ბოლოს და ბოლოს დაიწყო ეს დებატები. საკითხავი ისაა, როგორ შეძლებს ამერიკა ერაყიდან თავის დაღწევას. ამავე დროს შეერთებული შტატებისა და ერაყის ხალხისთვის ზარალი რაც შეიძლება მცირე უნდა იყოს. თითქოს ახალი სტრატეგია, რომელსაც ბუში მისდევს, სინამდვილეში სულაც არ არის ახალი. საქმე მხოლოდ და მხოლოდ ეხება წარუმატებელი, 99 პროცენტით სამხედრო სტრატეგიის შემდგომ ესკალაციას, რომლითაც მთავრობა უკვე ოთხი წლის მანძილზე ხელმძღვანელობს. ახლა კი კონგრესი ახალ, უფრო გონივრულ გზას გვთავაზობს.”
ამავე თემას აშუქებს მიუნხენში გამომავალი "ზიუდდოიჩე ცაიტუნგი":
“სინამამდვილეში კონგრესის გადაწყვეტილება ამერიკის სისხლიან კამპანიას არ დაასრულებს. პრეზიდენტმა მრავალჯერ თქვა, რომ გაგრძელება სურს. და ასეც მოიქცევა, დემოკრატები ბოლოს დაფინანსებას მაინც არ შეუჩერებენ. სამაგიეროდ გაზრდიან მასზე პოლიტიკურ ზეწოლას. იმდენად, რომ თუკი ზაფხულის თვეებში ერაყში მსხვერპლი გაგრძელდება, ბუშს სხვა არაფერი დარჩება, თუ არა ის, რომ ჯარების გაყვანა დაიწყოს”, დრწმუნებულია “ზიუდდოიჩე ცაიტუნგი”.

XS
SM
MD
LG