Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართველი სტუდენტები კვლავ სოხუმის იზოლატორში რჩებიან


სოხუმის იზოლატორში მყოფი სამი ქართველი სტუდენტი კვლავ პატიმრობაში რჩება. 2007 წლის პირველ მარტს დაკავებულ ლევან ღაჭავას, კობა რიგვავას და ივერი ყორშიას

ბრალი საზღვრის უკანონო გადაკვეთასა და პროვოკაციის მოწყობის მცდელობაში ედებათ. წინასწარი ინფორმაციით, სტუდენტებს ათ-ათწლიანი პატიმრობა ემექრებათ, თუმცა საქართველოში მოქმედი სტუდენტური ორგანიზაციების წევრები იმედს არ კარგავენ და სამივე ახალგაზრდის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ. 27 აპრილს საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან ზუგდიდში ჩასულმა სტუდენტებმა ენგურის ხიდთან საპროტესტო აქცია გამართეს და სეპარატისტული რეჟიმის ხელმძღვანელებს კიდევ ერთხელ მოუწოდეს გამოიჩინონ კეთილგონიერება.

სტუდენტები ენგურის ხიდისკენ თელავიდან, თბილისიდან, გორიდან და ქათაისიდან დაიძრნენ, ზუგდიდში კი მათ ადგილობრივი უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებიც შეუერთდნენ.

[სტუდენტის ხმა] „ჩვენ ვითხოვთ სტუდენტების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, ყოველგვარი პირობის გარეშე.“

სტუდენტების ამ მოთხოვნას ეთანხმება პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ელენე თევდორაძეც, რომელმაც აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან დაკავებული სამი სტუდენტის გათავისუფლებაში დახმარება ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლეს კომისარს თომას ჰამარბერგს სთხოვა:

[ელენე თევდორაძის ხმა] „როცა ევროპის საბჭოში გამოვდიოდი, ამ თემაზეც ვილაპარაკე და მივმართე ევროპას, ბოლოს და ბოლოს, ამოიღონ ხმა. ყველას აქვს საკუთარ სამშობლოში თავისუფალი გადაადგილებისა და აზრის გამოხატვის უფლება. ეს ბიჭები სწორედ ამის გამო დააკავეს, სხვა ხომ არაფრისთვის.“

ელენე თევდორაძის ამგვარ შეფასებას არ იზიარებს აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი. სერგეი შამბამ რადიო ”თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ქართველ სტუდენტებს პროვოკაციის მოწყობის გამო ასამართლებენ, თუმცა, მინისტრის თქმით, რომ არა ოფიციალური თბილისის სიჯიუტე, სტუდენტებს აქამდეც გაათავისუფლებდნენ:

[სერგეი შამბას ხმა] „პრინციპში, ჩვენ იმ დღესვე შეგვეძლო მათი გადაცემა, მაგრამ არავინ მოგვისმინა. ახლა კი საქმეს სასამართლო იხილავს. არადა, დრო სპეციალურად გაგვყავდა, რათა საქმე სასამართლომდე არ მისულიყო. ჩვენ სტუდენტების გაშვების სანაცვლოდ ვითხოვდით და ვითხოვთ გატაცებული და უკანონოდ დაპატიმრებული დავით სიგუას - გალის ადმინისტრაციის პასუხისმგებელი თანამშრომლის - გათავისუფლებას.”

სერგეი შამბას პასუხად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ არაფერი იციან გალის სეპარატისტული ადმინისტრაციის წარმომადგენლის დავით სიგუას ასავალ-დასავლის შესახებ, მაგრამ სეპარატისტული რეჟიმის წარმომადგენელს ქართველი სამართალდამცავების გულწრფელობაში ეჭვი ეპარება:

[სერგეი შამბას ხმა] „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოახდინა ამ გატაცების ორგანიზება და ეს ყველაფერი კარგად იციან. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, თუ სად დაკითხეს სიგუა, როგორ გადაიყვანეს თბილისში, ახლა სად იმყოფება- ეს ყველაფერი კარგად ვიცით. უბრალოდ, არ უნდათ აჩვენონ, რომ ამ საქმესთან კავშირი აქვთ, ეს ხომ აშკარა ტერორიზმია. ადამიანი გაიტაცეს საკუთარი სახლიდან და გადამალეს. ცხადია, მას შემდეგ, რაც საქმეს ასეთი მიმართულება მიეცა, აღარ უნდათ საკუთარი მონაწილეობის გამჟღავნება.“

სერგეი შამბას თქმით, დაკავებული სტუდენტების ბედს სოხუმის სასამართლო გადაწვეტს, თუმცა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯომარე იმედს არ კარგავს და მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ძალისხმევა შედეგს გამოიღებს:

[კოტე გაბაშვილის ხმა] „საქართველოს მთავრობა აკეთებს ყველაფერს; რაც შემოგვთავაზეს, ყველაფერი გავაკეთეთ... გავუშვით ჩაკაბერია, ითხოვენ სიგუას, მაგრამ არ არის ასეთი გვარის პიროვნება დაკავებული საქართველოში და, ბუნებრივია, შეუძლებელია ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება. ამის გარდა, საქმეში ჩართულია არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, რათა არ განხორციელდეს ამ უდანაშაულო სტუდენტების დასჯა... ერთი სიტყვით, ყველაფერი კეთდება, თუმცა სამხედრო ოპერაციას ნამდვილად ვერ განვახორციელებთ.“ (სტილი დაცულია)

კოტე გაბაშვილისაგან განსხვავებით, სამხედრო ძალისა და კონსტიტუციით მინიჭებული სხვა უფლებების გამოყენების შესაძლებლობას არ გამორიცხავს კონსერვატორების ლიდერი ზვიად ძიძიგური:

[ზვიად ძიძიგურის ხმა] „საერთაშორისო ორგანიზაციებმა - გაერომ - უნდა გვითხრან, როგორ და სანამდე უნდა ვითმინოთ აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის თვითნებობა; როდემდე ვუყუროთ, თუ როგორ აპატიმრებენ სტუდენტებს და აწიოკებენ მოსახლეობას; სად არის ზღვარი, როდემდე უნდა ვითმინოთ ეს ყველაფერი. არანაირი პროგრესი კონფლიქტის დარეგულირების საკითხში არ ჩანს. ამიტომ ხელისუფლებამ ძალიან მკაფიოდ უნდა დააყენოს ეს საკითხები. თუკი არ გვეუბნებიან პასუხს, როგორ შეიძლება ამ მდგომარეობიდან გამოსვლა, მაშინ კონსტიტუციით მინიჭებული უფლებები უნდა გამოიყენოს ხელისუფლებამ.“ (სტილი დაცულია)

კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების გამოყენებამდე ქართველი ახალგაზრდების ტყვეობიდან გამოხსნას სტუდენტური ორგანიზაციები ცდილობენ, თუმცა ძნელი სათქმელია, გამოიღებს თუ არა შედეგს ენგურის ხიდზე გამართული მათი აქცია. ყოველ შემთხვევაში, სეპარატისტული რეჟიმის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა ქართველ სტუდენტებს ურჩევს:

[სერგეი შამბას ხმა] „მიტინგები არა ენგურის ხიდთან, არამედ საკუთარი ქვეყნის ხელმძღვანელობასთან უნდა გამართონ. ვგულისხმობ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას. სწორედ იქ უნდა გამართონ მიტინგები და მოითხოვონ სიგუას გაშვება. მაშინ პრობლემაც აღარ იქნება. ენგურის ხიდთან დგომითა და პოლიტიკური აქციის ჩაატარებით არაფერი გამოვა. ამ აქციის მიზანი არ არის სტუდენტების გათავისუფლება.“
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG