Accessibility links

logo-print

სახალხო დამცველი კონფლიქტებთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში თავისი წარმომადგენლის ჩართვას ითხოვს


საქართველოს სახალხო დამცველი სოზარ სუბარი სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოწესრიგების შერეული საკონტროლო კომისიის მუშაობასა და აფხაზეთის პრობლემასთან დაკავშირებით

ჭუბურხინჯის ტრადიციულ შეხვედრებში საკუთარი წარმომადგენლების ჩართვას ითხოვს. სახალხო დამცველმა ამ მოთხოვნით კონფლიქტების მოწესრიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს მიმართა, თუმცა იქიდან პასუხი ჯერჯერობით არ მიუღია. სოზარ სუბარი ამბობს, რომ, სახელმწიფო მინისტრისგან უარის მიღების შემთხვევაში, მინისტრის არგუმენტებით დაინტერესდება.

სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოწესრიგების შერეული - ოთხმხრივი - საკონტროლო კომისიის მუშაობასა და გაეროს დამკვირვებელთა და რუსეთის სამშვიდობო ძალების მონაწილეობით მიმდინარე ჭუბურხინჯის ასევე ოთხმხრივ შეხვედრებში საკუთარი წარმომადგენლების ჩართვა სახალხო დამცველს სურს იმ მიზნით, რომ ჰქონდეს კონფლიქტის ზონებში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით მის ხელთ არსებული ინფორმაციის გადამოწმების საშუალება, შეეძლოს ამ გადამოწმებული ინფორმაციის გამოყენება იქ არსებული ვითარების გასაანალიზებლად და აგრეთვე იმისათვის, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან კიდევ უფრო მეტი სიმწვავით ისაუბროს კონფლიქტის ზონებში ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე.

სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოწესრიგების შერეული საკონტროლოს კომისიის მუშაობასა და ჭუბურხინჯის შეხვედრებში სახალხო დამცველის წარმომადგენლების ჩართვის წინადადებას, სუბარის თქმით, გაეცნენ გაეროს წარმომადგენლობაში და მოიწონეს კიდეც. რაც შეეხება კონფლიქტების მოწესრიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს, სახალხო დამცველის მოთხოვნას იქაც უნდა გასცნობოდნენ, რადგან მოთხოვნა კარგა ხანია წარდგენილია, თუმცა, როგორც უკვე ვთქვით, პასუხი აგვიანებს.

[სოზარ სუბარის ხმა] „თუ არის რამე წინააღმდეგობა, რის გამოც არ უნდა იყვნენ სახალხო დამცველის წარმომადგენლები ამ შეხვედრებში, მივიღებ ამ პასუხს, ამ მხრივ პრობლემა არ არის, მაგრამ გაუგებარია მინისტრის და სამინისტროს პოზიცია, როცა ჯიუტად არიდებენ თავს პასუხის გაცემას. სიმართლე გითხრათ, ვერ ვხვდები ამ დაყოვნების მიზეზს.” (სტილი დაცულია)

სახალხო დამცველის მოთხოვნასთან დაკავშირებით სახელმწიფო მინისტრის მოსაზრების დადგენა ჩვენც ვცადეთ. სახელმწიფო მინისტრის აპარატში გვიპასუხეს, რომ სოზარ სუბარის მოთხოვნასთან დაკავშირებით განცხადება უახლოეს დღეებში - სავარაუდოდ, ორშაბათს - გავრცელდება.

სუბარის მოთხოვნას მხარს უჭერს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ელენე თევდორაძე:

[ელენე თევდორაძის ხმა] „ეს ჩვენი ტერიტორიაა და კონფლიქტურ ზონებში ადამიანის უფლებების რღვევის ფაქტებზე პრეტენზიებს საქართველოს უყენებენ. რა თქმა უნდა, მე ამის მომხრე ვარ.”

მაგრამ, ელენე თევდორაძის აზრით, ალბათ, უნდა გაირკვეს როგორი იქნება სახალხო დამცველის მოთხოვნის თაობაზე ოთხმრივი შეხვედრების ფორმატის მხარეთა პოზიცია, რამდენად მოსალოდნელია წინააღმდეგობა აფხაზთა, ოსთა და რუსეთის მხრიდან. ამასთან დაკავშირებით სახალხო დამცველი განმარტავს, რომ ოთხმრივ შეხვედრებში მეხუთე მხარედ ჩართვას არ ითხოვს. მოთხოვნა ერთია: საქართველოს დელეგაციაში ჩართულ იქნენ სახალხო დამცველის წარმომადგენლები. და სოზარ სუბარი ელოდება პასუხს, აინტერესებს დაკმაყოფილებული იქნება თუ არა მისი მოთხოვნა, უარის შემთხვევაში კი როგორ იქნება დასაბუთებული ეს უარი:

[სოზარ სუბარის ხმა] „ადამიანის უფლებებს არა აქვს საზღვრები, არა აქვს ეთნიკური ნიშნები და მე ვითანამშრომლებ ყველასთან კონკრეტული ადამიანების უფლებების დასაცავად.“

სახალხო დამცველს თავისი წარმომადგენლების ჩართვა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოწესრიგების შერეული საკონტოლო კომისიის მუშაობასა და ჭუბურხინჯის შეხვედრებში მიზანშეწონილად მიაჩნია კონფლიქტის ზონებში კონკრეტული ადამიანების უფლებების დასაცავად. საინტერესოა როგორი იქნება მის მოთხოვნაზე სახელმწიფო მინისტრის დაგვიანებული პასუხი.
XS
SM
MD
LG