Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპარლამენტო უმცირესობა ერაყში დამატებითი კონტინგენტის გაგზავნას სარისკოდ მიიჩნევს


2000 ქართველი სამხედრო მოსამსახურე,

რომლებიც კრწანისის პოლიგონზე ამერიკელმა ინსტრუქტორებმა გაწვრთნეს, სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია და ერაყში გამგზავრების ბრძანებას ელოდება. გასული კვირის ბოლოს დიდ ბრიტანეთში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ, კოალიციურ სარდლობასთან ტექნიკური საკითხების დაზუსტების შემდეგ, ქართული ქვედანაყოფი ზაფხულში ერაყში - კერძოდ, ქალაქ ალ-კუტში - გაემგზავრება. იმავდროულად, საქართველოს საპარლამენტო ოპოზიციის წევრები, რომლებიც ყოველთვის ემხრობოდნენ საერთაშორისო სამხედრო კონფლიქტებში ქართული სამხედროების მონაწილეობას, აპირებენ სიტყვიერი განმარტება მოსთხოვონ მთავრობას ამ სარისკო გადაწყვეტილების გამო, თუმცა ხელისუფლება თავის ამ ნაბიჯის სისწორეში დარწმუნებულია და არ აპირებს გადაწყვეტილების შეცვლას. სამხედრო პროგრამაში ”ჯარისკაცი და სახელწმიფო” ამ გადაწყვეტილების მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა არგუმენტებს გაგაცნობთ.

ერაყში ქართული კონტინგენტის გაორმაგების იდეა ბოლოდროინდელი ყველა მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილების ინიციატორსა და სულისჩამდგმელს მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნის. მარტის დასაწყისში, გორში მშენებარე სამხედრო ბაზის მონახულების დროს, მიხეილ სააკაშვილმა ეს იდეა აღფრთოვანებით გააცნო მოსახლეობას:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”ჩვენ გვინდა დავანახვოთ, რომ ქართველები არასდროს არსაიდან არ გაიქცევიან. ყველაზე რთულ სიტუაციაშიც კი ჩვენ არა მხოლოდ შევინარჩუნებთ ყოფნას, არამედ უახლოესი ერთი წლის განმავლობაში, როცა არის გადამწყვეტი პერიოდი ამ ოპერაციების, ჩვენ გავზრდით, მზად ვართ, უფრო სწორად, გავზარდოთ ჩვენი სამხედრო ყოფნა ერაყში.”


პრეზიდენტ სააკაშვილს ჯერ სიტყვა არ დაემთავრებინა, რომ სახელისუფლებო უმრავლესობას უკვე მზად ჰქონდა გარანტირებული მხარდაჭერა მთავარსარდლისათვის. საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომიტეტის თავმჯდომარე შოთა მალაშხია ერაყში დამატებითი სამხედრო ძალის გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილებას მნიშვნელოვანს უწოდებს, რეგიონში საქართველოს როლის გათვალისწინებით:

[შოთა მალაშხიას ხმა] ”ჩვენ ვართ ამ რეგიონის წამყვანი, ჰეგემონი სახელმწიფო. აქედან გამომდინარე, ჩვენ რეგიონშიც, ზოგადად, სხვა ფუნქციები გვაკისრია. ეს ფუნქცია ჩვენ უნდა გავითავისოთ.”

მმართველი პოლიტიკური ძალის გადაწყვეტილება, ტრადიციისამებრ, კანონია ქართველი მხედართმთავრებისათვის და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეს, ვიცე-პოლკოვნიკ ვლადიმერ ჩაჩიბაიას სხვა არაფერი დარჩენოდა, გარდა იმისა, რომ საერაყოდ გამზადებული მე-3 ქვეითი მოტომსროლელი ბრიგადის მეომრები გაემხნევებინა საპასუხისმგებლო მისიის წინ:

[ვლადიმერ ჩაჩიბაიას ხმა] ”და მინდა გითხრათ, რომ იომეთ სიამაყით. იმიტომ რომ დღეს საქართველომ გამოავლინა თავისი თავი მეგობრობაში, თანადგომაში, და იმ დროს, როდესაც ჩვენს მეგობარს სჭირდებოდა გვერდზე დგომა, ჩვენმა ხალხმა, ჩვენმა ქვეყანამ გვერდზე დგომით უპასუხა ამ გამოძახილს და გაჭირვებაში არ დატოვა მეგობარი.” (სტილი დაცულია)

გაჭირვებაში ჩავარდნილ მეგობარს - ამერიკის შეერთებულ შტატებს - პატარა საქართველო ორჯერ გაზრდილი სამხედრო ქვედანაყოფით ერაყის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ალ-კუტში დაეხმარება. ახალი დისლოკაციის ადგილი ბაღდადიდან ჩრდილოეთით, ”წითელ ზონაში”, მდებარეობს და ირანს ესაზღვრება. 2005 წლამდე ალ-კუტში სამშვიდობო მისიას ასრულებდა უკრაინის სამხედრო ბრიგადა, რომელმაც ერაყი ორი წლის წინ დატოვა. მიუხედავად იმისა, რომ ალ-კუტში სიტუაცია, სხვა რეგიონებთან შედარებით, ამჟამად სტაბილურია, საპარლამენტო ოპოზიციური ფრაქცია ”მემარჯვენეების” წევრი მამუკა კაციტაძე საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას გაუმართლებელს უწოდებს:

[მამუკა კაციტაძის ხმა] ”უნდა[პრეზიდენტს] ვიღაცას დაუმტკიცოს, რომ აი, ჩვენ რა მაგრები ვართ. მაშინ როცა არაფრით არ ჩამოგვივარდება, თუ არ გვისწრებს ჩვენ უკრაინა, რომელმაც კონკრეტული გადაწყვეტილება მიიღო და გაარიდა თავისი კონტინგენტი ამ ზონას, იმდენად, რამდენადაც ჰქონდა სერიოზული დანაკარგები.”(სტილი დაცულია)

ოპოზიციონერი პარლამენტარი კახა კუკავა კი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის გაადწყვეტილებამ სერიოზული დილემის წინაშე დააყენა ის პოლიტიკოსები, რომლებიც ამერიკას სტრატეგიულ პარტნიორად მიიჩნევენ:

[კახა კუკავას ხმა] ”ახლა მეც მიმაჩნია, რომ ჩვენი ახლად შექმნილი და ნაკლებად ბრძოლისუნარიანი არმია მაინცდამაინც ირანის საზღვარზე არ უნდა იყოს განლაგებული და ”საზარბაზნე ხორცად” გამოყენებული. ”

საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, დამატებითი სამხედრო ძალა გაიგზავნოს ერაყში, მოსახლეობაშიც უფრო მეტი მოწინააღმდეგეები ჰყავს, ვიდრე მომხრეები:

[ქუჩის ხმები] ”არა მგონია, რომ უნდა გაგზავნოს.”/”რისკია დიდი, იმიტომ რომ ამდენი ქართველი, რაღაც რომ მოხდეს, უნდა დაიღუპოს, ხომ? შანსი ცოტაა უკან დაბრუნების.”/”კი, აუცილებელია.”/” საშიშია. ჩემი ახლობელია წასული და ძალიან მეშინია. არა მაქვს სურვილი, რომ ვინმე წავიდეს.”/ ”აქ ნებაყოფლობით მიდიან - კაცმა იცის, რაზე მიდის, ხომ ასეა? ალბათ, ქვეყნისთვის კარგია.”/”უბრალოდ, ხელფასისათვის ქართველი ბიჭები იქ არ უნდა მიდიოდნენ საშიშროების ქვეშ და ჯობია ისევ სამშობლოს მიხედონ.”

რისკი და საფრთხე ქართული კონტინგენტის გაზრდის კვალობაზე რომ მატულობს, ეს ჩვენთან საუბარში პარლამენტის უმრავლესობის წევრმა შოთა მალაშხიამაც დაადასტურა, თუმცა აღნიშნა, რომ სიცოცხლის რისკი სამხედრო პროფესიას ყველგან ახლავს:

[შოთა მალაშხიას ხმა] ”ეს, ცხადია, ყველაზე ცუდია, რაც შეიძლება მოხდეს, მაგრამ რა ვქნათ, რეალობა ეს არის. ის არის ჯარისკაცი, სამშობლოს ჯარისკაცია და სადაც სამშობლო გადაწყვეტს, იქ უნდა წავიდეს. და, აქედან გამომდინარე, უნდა იცოდეს და სჯეროდეს, რომ მას სამშობლო არ გაგზავნის ისეთ ადგილზე, რომელიც არ სჭირდება მის სახელმწიფოებრივ ინტერესებს.”

სანამ პოლიტიკოსები და საზოგადოება ერაყში ქართული მისიის გაფართოების ავ-კარგზე მსჯელობს, კრწანისის პოლიგონზე უკვე გაიარა მომზადება ყველა მოტომსროლელმა ბატალიონმა და საინჟინრო ასეულმა, რომლებიც სამშვიდობო მისიით გაიგზავნებიან მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილში. ამ პროგრამის კურსდამთავრებულმა კაპრალმა მამუკა ბანძელაძემ რადიო ”თავისუფლებას” უთხრა, რომ სამხედროებმა იცოდნენ ერაყში მივლინების შესახებ და ეს მათი შეგნებული არჩევანი იყო:

[მამუკა ბანძელაძის ხმა] ”შეეგუა ოჯახი. სხვა გზაც არ იყო და, რა ვიცი. და არაფერს არ ამბობენ ისეთს, რომ აი, საშიშროებას წარმოადგენს ან რაღაც. შეეგუა ოჯახი. იციან, რომ მივდივარ და დამილოცავენ გზას.”(სტილი დაცულია)

სამხედრო უწყების ცნობით, 2000 კაცამდე გაზრდილი ქართული ბრიგადა ალ-კუტში, სავარაუდოდ, ზაფხულში, ივლის-აგვისტოში, უნდა ჩავიდეს. სავარაუდოდ იმიტომ, რომ საკითხის ტექნიკური მხარე შესათანხმებელია კოალიციურ სარდლობასთან, ხოლო საკანონმდებლო საკითხები - საქართველოს პარლამენტთან, რომლის ოპოზიციური ნაწილი აშკარად ეწინააღმდეგება საქართველოს პრეზიდენტის ახალ ინიციატივას.



  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG