Accessibility links

logo-print

“ქართული სეზონი – 2007”,


“ქართული სეზონი – 2007”, რომელიც

პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამით ფინანსდება, ამჯერად გერმანიაში ტარდება – 18 აპრილს ბერლინში, კინოთეატრ “არსენალში”, გაიხსნა ქართული ფილმების რეტროსპექტივა “ფოკუსშია საქართველო”, რომელიც მასპინძლების, “არსენალის” დირექტორების, ცოლ-ქმარ ერიკა და ულრიჰ გრეგორების თქმით, საქართველოს უახლესი ისტორიის სურათია – “მოძრავი სურათი” – 60-იანი წლების მიწურულიდან, როცა ქართულ ფილმებს დასავლეთი გაეცნო, დღემდე, როცა ეროვნული კინოხელოვნება კრიზისიდან გამოსვლას ცდილობს. სხვათა შორის, 60-იანი წლების კინოს დასავლეთი პირველად სწორედ “არსენალში” გაეცნო – 70-იანი წლების დასაწყისში ერიკა და ულრიჰ გრეგორებმა ქართული ფილმების დიდი რეტროსპექტივა მოაწყვეს. რეტროსპექტივის პროგრამაში ის ფილმებიც შევიდა, რომელთა ავტორებს საბჭოთა ცენზორებთან სერიოზული პრობლემები ჰქონდათ. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა. “არსენალს” ახალი დარბაზები აუშენეს პოტსდამის მოედანზე, ულტრათანამედროვე “სონი ცენტრის” შენობაში. აქ არაერთი რეტროსპექტივა მოეწყო, თუმცა ქართული კინოს კვირეულის ჩატარება გაჭირდა – 90-იან წლებში ჩვენში იშვიათად იღებდნენ ფილმს, რომელიც “არსენალში” ჩვენების “ღირსი” გახდებოდა. კრიზისის დაძლევის პროცესი ეროვნული კინოცენტრის შექმნის შემდეგ დაიწყო. სწორედ ეროვნულმა კინოცენტრმა შეადგინა პროგრამა რეტროსპექტივისა, რომელიც 30 აპრილს დაიხურება დათო ჯანელიძის ფილმით “მაიდანი, ანუ სამყაროს ჭიპი”.. რეტროსპექტივის გახსნის ცერემონია კი მართლაც საზეიმო იყო – “არსენალში” ჯერ მიხეილ კობახიძის ფილმების, შემდეგ ლევან ზაქარეიშვილის “თბილისი-თბილისის” სანახავად უამრავი ხალხი მოვიდა. “არსენალის” მესვეურები აღიარებენ, რომ ასეთი ანშლაგი აქ დიდი ხანია არ ყოფილა. განსაკუთრებით იმით იყვნენ კმაყოფილები, რომ მაყურებელი ყოველი სეანსის შემდეგ აქტიურად ერთვებოდა დისკუსიაში – ეს არ იყო ჩვეულებრივი პრესკონფერენცია თუ “შეხვედრა ავტორთან” – ბერლინელები საუბრობდნენ დღევანდელ ქართულ კინოსა და დღევანდელ საქართველოზე, ქართული კინოს განვითარების პერსპექტივასა და საქართველოს მომავალზე.


[ლევან თუთბერიძის ხმა] “მე მესმის თქვენი, თუმცა ძნელია ამის ახსნა..… საქართველოში ხდება ასეთი რაღაცეები.”

ეს კინორეჟისორი ლევან თუთბერიძეა. “არსენალში” ასეთი შინარსიის განცხადებას სხვა ქართველი რეჟისორებისგანაც მოისმენდით. განსხვავებული კულტურის დიალოგი ჭირს, როცა ხალხი ერთმანეთს არ იცნობს. ნაწილობრივ, ამ პრობლემას ეძღვნება კიდეც ლევან თუთბერიძის ფილმი “მოგზაურობა ყარაბახში”, ისევე როგორც რეტროსპექტივის პროგრამაში ჩართული დიტო ცინცაძის ახალი სურათი “კაცი საელჩოდან”.. აქ საშუალო ასაკის გერმანელ დიპლომატს, რომელიც თბილისში, გერმანიის საელჩოში, მუშაობს, სრულიად ახალ - მისთვის აქამდე სრულიად უცხო - სამყაროსთან მოუხდება ურთიერთობა: შეეცოდება და სახლში წამოიყვანს მაწანწალა გოგონას, რომელიც ბაზრობებზე ქურდობს – დააპურებს, ჩააცმევს, კომპიუტერული თამაშებით გაართობს. მაგრამ მათი მეგობრობა დიდხანს ვერ გაგრძელდება. Qქართველები ამ ურთიერთობაში რაღაც საეჭვოს, ავადმყოფურს დაინახავენ.. ახალი - ყოველ შემთხვევაში, ქართული კინოსთვის ახალი - თემაა. თუმცა გერმანელები არა იმდენად თემით, რამდენადაც ფილმში ასახული გარემოთი დაინტერესდნენ: რა არის ეს? რატომ ცხოვრობენ მრავალშვილიანი ოჯახები ამ ნანგრევებში, თბილისის ზღვაზე?

[დიტო ცინცაძის ხმა] “რეალური ადგილია – “ტიტანიკს” ეძახიან. აფხაზეთის ომის მერე ლტოლვილებს დაუთმეს. თბილისის ზღვასთანაა და იგრძნობა, ვითომ ზღვასთან არიან.”(სტილი დაცულია)

დევნილები, ომი და შეუწყნარებლობა. ამ თემაზე “არსენალში” არაერთი დისკუსია გაიმართა. დისკუსიის საბაბს თავად ფილმები ქმნიდა. აბა, სხვანაირად როგორ იმსჯელებ თუნდაც ფილმზე “მოგზაურობა ყარაბახში”, პოლიტიკას თუ არ შეეხები.

[ლევან თუთბერიძის ხმა] “თავისთავად ვერ გავექცევით პოლიტიკას, როცა ომზეა ლაპარაკი. Mმაგრამ, მე მგონი, ეს არის უფრო ფილმი სიყვარულზე... მთავარი აქ არის სწრაფვა თავისუფლებისაკენ, გაქცევა ტყვეობიდან.”

დიახ, Aასეა. Qქართველ რეჟისორებს ბერლინში დეტალების ახსნა უწევდათ. თუკი კარგად არ იცი თუნდაც 90-იანი წლების დასაწყისის საქართველო, ძალიან გაგიჭირდება, მაგალითად, ზაზა ურუშაძის ფილმის, “აქ თენდებას”, აღქმა. უფრო სწორად, აღქმით კი აღიქვამ, შეიძლება დაგაინტერესოს ფილმის სიუჟეტმა, მაგრამ ბევრი რამ დარჩება გაუგებარი – მაგალითად, ვინ არიან დუხობორები, რატომ ტოვებდნენ ისინი საქართველოს 90-იანი წლების დასაწყისში, როგორი იყო ამ დროს ეთნიკური უმცირესობების მიმართ საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულება.

[ზაზა ურუშაძის ხმა] “სინამდვილეში არსებობს ასეთი სოფელი. Uუბრალოდ, როცა ჩვენ ვიღებდით, ეს ხალხი უკვე ტოვებდა საქართველოს. დუხობორები დიდი ხანია საქართველოში ცხოვრობენ.”

საინტერესოა, რომ რეტროსპექტივაში ჩართულ ქართულ ფილმებზე მსჯელობისას ბერლინელებმა ხაზგასმით თქვეს, რომ ამ სურათებში ასახული პრობლემები თავად გერმანელებისთვისაც აქტუალურია, რომ “საქართველო ფოკუსში” არა მარტო აცნობს გერმანელებს დღევანდელ საქართველოს, არამედ ზოგადსაკაცობრიო თემებზეც დააფიქრებს. “არსენალში” განსაკუთრებით მიხეილ კობახიძის მოკლემეტრაჟიანი ფილმებით მოიხიბლნენ. Aამჟამად პარიზში მცხოვრებმა ქართული კინოს კლასიკოსმა ბერლინში თავისი 6 მოკლემეტრაჟიანი ფილმი უჩვენა, მათ შორის ქართველი მაყურებლისთვის თითქმის სრულიად უცნობი სტუდენტური ფილმები: “ახალგაზრდა სიყვარული”, “კარუსელი” და სამი წლის წინ საფრანგეთში გადაღებული ფილმი “გზაში”. ამ სურათს და კობახიძის ფილმს “მუსიკოსები” - არც მეტი, არც ნაკლები - 34 წელი აშორებს. Gგერმანელი მაყურებლისთვის ეს უზარმაზარი შუალედია. რას აკეთებდით ამ დროსო, ჰკითხეს ბერლინელებმა კობახიძეს.

[მიხეილ კობახიძის ხმა] “მოვიდა ბრძანება მოსკოვიდან – მე ამიკრძალეს რეჟისორად მუშაობა. იმდენ წინააღმდეგობას ვაწყდებოდი ამ პერიოდში, რომ “მუსიკოსების” ფინალში უკვე გამოვხატე ჩემი განწყობილება – ბოლო სცენა რომაა, ჩვენ რომ გავდივართ უცბად კადრიდან, ეს იყო ჩემი დამშვიდობება კინემატოგრაფთან. Eეს აზრი ჩავდე იქ, თუმცა ბევრი სცენის მერე დავბრუნდი.”

დიახ, მიხეილ კობახიძეს პრობლემები “მუსიკოსებით” დაეწყო. საბჭოთა იდეოლოგიისთვის საშიში გახდა ის ფასეულობები, რომელსაც კობახიძე ქადაგებდა – ნონკონფორმიზმი, ამბოხების უნარი, დაუმორჩილებლობა, ინდივიდუალიზმი. თუმცა ინდივიდუალიზმის ასეთი კულტი იმას არ ნიშნავს, რომ მიხილ კობახიძე არ ცნობს დიალოგს და არ სჯერა ინტეგრაციის. “არსენალში” უთხრეს, თქვენს ფილმებში არაერთი რეჟისორის გავლენა ჩანს. თქვენ როგორ ფიქრობთ, ვინ მოახდინა გავლენა თქვენს შემოქმედებაზეო.

[მიხეილ კობახიძის ხმა] “ადამიანებზე მოქმედებს ყველაფერი, ვარსკვლავებიდან დაწყებული, უხილავი ატომებით დამთავრებული. მაგრამ მაინც ვერ გეტყვით, ვის ვბაძავდი. იმას კი ვცდილობდი, რომ როცა ერთ ფილმს ვაკეთებდი, მეორეში საკუთარი თავისთვის არ მიმებაძა.”

ადამიანებზე ყველაფერი მოქმედებს. მოქმედებს და ცვლის. გერმანელები, რომლებიც ქართული ფილმების დასრულების შემდეგ დიდხანს უკრავდნენ ტაშს ჩვენს კინორეჟისორებს, დისკუსიების დროს აღნიშნავდნენ, ამ სურათების ნახვით არა მარტო საქართველოზე გავიგე ახალი, არამედ მეც შევიცვალეო. “ქართული სეზონების” მორიგი ღონისძიება წარმატებით დასრულდა. Aახლა ჯერი პარიზზე, შემდეგ კი ნიუ-იორკზეა. ქართული ფილმების კვირეული წლის ბოლოს ამ ქალაქებში უნდა გაიმართოს.











XS
SM
MD
LG