Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის მიღების პერსპექტივა საქართველო-რუსეთის ურთიერთობის ფონზე


რუსეთის ხელისუფლებამ უკანასკნელ ხანებში იმედი გამოთქვა, რომ ივნისისთვის დასრულდება ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის ცალკეულ წევრებთან მოლაპარაკებები

და ამის შემდეგ შესაძლებელი იქნება ორგანიზაციაში რუსეთის მიღების თაობაზე კენჭისყრის გამართვა. მაგრამ ამ გზაზე მოსკოვის ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლებაა საქართველო, რომელიც არ აპირებს უკან დახევას და არ უთმობს რუსეთს, სანამ ეს უკანასკნელი არ შეასრულებს თავის წილ ვალდებულებას და აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში საბაჟო კონტროლს არ მოაგვარებს არალეგალური ვაჭრობის აღსაკვეთად.

ჩვენმა ბრიუსელელმა კორესპონდენტმა აჰტო ლობიაკასმა ამ თემაზე ინტერვიუ აიღო საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილესთან, თამარ კოვზირიძესთან. გარდა ამისა, დღესვე ბრიუსელში ევროკომისიის ხელმძღვანელობასთან გამართა მოლაპარაკებები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა.

ჩვენი რადიოსთვის მოცემულ ინტერვიუში თამარ კოვზირიძემ დაადასტურა, რომ საქართველოს პოზიცია ურყევია რუსეთთან მიმართებაში.

[კოვზირიძის ხმა] "დიახ, საქართველო დღემდე ამ პოზიციაზეა. ჩვენ რუსეთთან ერთი პრინციპული საკითხი გვაქვს გასარკვევი. ალბათ მოგეხსენებათ, რომ 2004 წელს დავასრულეთ რუსეთთან ორმხრივი მოლაპარაკებები იმ პირობით, რომ რუსეთი მოაგვარებდა საბაჟო საკითხებთან დაკავშირებულ პრობლემებს. ეს გახლავთ რუსეთ-საქართველოს შორის ორ საბაჟოზე არალეგალური ვაჭრობის პრობლემა. მაგრამ ვინაიდან ამ სფეროში არავითარი წინსვლა არ მომხდარა, ჩვენმა მთავრობამ გადაწყვიტა, განეახლებინა ორმხრივი მოლაპარაკებები."

კოვზირიძის თქმით, სამწუხროდ, მოლაპარაკებების განახლების შემდეგაც არ ჩანს წინსვლა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ რუსეთის წარმომადგენლები თბილისში მიიწვია, ჯერჯერობით ერთადერთი შეხვედრა ჟენევაში შედგა იანვარში და მას მხოლოდ ზოგადი დისკუსიის ხასიათი ჰქონდა.

ჯერჯერობით არ არის ნათელი, რამდენად რეალისტურია იმის მოლოდინი, რომ რუსეთი დაჰყვება საქართველოს ზეწოლას და აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში საბაჟო კონტროლს გაამკაცრებს.

არის კიდევ ერთი გარემოება, რომელიც მოსკოვს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში საქართველოსთვის გვერდის ავლით მოხვედრის იმედს უტოვებს. უკანასკნელ ხანებში რუსეთმა რამდენჯერმე მიანიშნა, რომ შეეცდება ორგანიზაცია ერთგვარი უმრავლესობის წესით მიღებაზე დაიყოლიოს და ამგვარად გააუვნებელყოს საქართველოს ვეტო. თამარ კოვზირიძე დარწმუნებულია, რომ ეს არ მოხდება:

[კოვზირიძის ხმა] "მე მხოლოდ იმას გეტყვით, რომ აქ, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში, გადაწყვეტილებები კონსენსუსის საფუძველზე მიიღება. ეს წესი წევრობის შესახებ მოლაპარაკებებზეც ვრცელდება. არ არსებობს არცერთი ქვეყანა, ორგანიზაციაში რომ გაწევრიანებულიყოს ხმების უმრავლესობის გზით. ეს არ არის ნებადართული და ეს პრაქტიკა არ გამოიყენება, ვინაიდან ეს შეუძლებელია. რომც იქნეს ეს დაშვებული, ჩემი აზრით, ეს არც ისე სასარგებლო იქნებოდა თავად ამ ქვეყნისთვის. ის იქნებოდა ერთადერთი, რომელიც ორგანიზაციაში ყველა წევრის თანხმობის გარეშე იქნებოდა მიღებული. და ეს თავად ორგანიზაციის იმიჯისთვისაც არ იქნებოდა კარგი."

ჩვენი კორესპონდენტის შეკითხვაზე, რამდენად უჭერენ ორგანიზაციაში მხარს საქართველოს, მინისტრის მოადგილემ თქვა:

[კოვზირიძის ხმა] "ცხადია, ჩვენს პოზიციას გაგებით ეკიდებიან და მე ვფიქრობ, რომ ეს სავსებით ბუნებრივია. ყველას ესმის, რომ საკითხი, რომელიც რუსეთის მიმართ წამოვჭერით, საკვანძო მნიშვნელობისაა. დიახ, ჩვენ ვხედავთ, რომ ამას დიდი გაგებით ეკიდებიან და ეს გახლავთ ის, რაც რუსეთთან ორმხრივი წესით უნდა მოვაგვაროთ."

რუსეთთან ურთიერთობების თემა წამყვანი იყო კიდევ ერთ შეხვედრაზე, რომელიც ორშაბათს გაიმართა ბრიუსელში.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი შეხვდა ევროკომისარს ენერგეტიკის საკითხებში, ანდრის პიებალგსს.

შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ბეჟუაშვილმა განაცხადა:

[ბეჟუაშვილის ხმა] "კომისართან დღეს ვისაუბრეთ ენერგოუსაფრთხოების საკითხებზე, ამ სფეროში საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობაზე და იმ როლზე, რომელსაც საქართველო თამაშობს ენერგიის დივერსიფიკაციაში. ვისაუბრეთ ზოგიერთ საკითხში ჩვენს ერთობლივ ხედვაზე, იმაზე, თუ როგორ უნდა გავზარდოთ ენერგიის თვალსაზრისით ევროპის უსაფრთხოება შორეული თუ საშუალო პერსპექტივით."

ევროკომისარმა კი დასძინა, რომ საქართველოს დიდი მნიშვნელობა ენიჭება ევროკავშირის ენერგომომარაგების დივერსიფიკაციის საქმეში.

[პიებალგსის ხმა] "ჩემი აზრით, ამ ეტაპზე ჩემთვის და ბატონი მინისტრისთვის ყველაზე უფრო საყურადღებო საკითხია ტრანსკასპიის მარშრუტი. ჩვენ ვსწავლობთ, რამდენად რეალურია ენერგომომარაგების ტრანსკასპიის მარტშრუტების განხორციელება. ეს პირდაპირ არ ეხება საქართველოს, მაგრამ არაპირდაპირ ძალიან დიდი ურთიერთკავშირია. თუკი ბაქოზე მეტი ენერგომატარებელი გაივლის, ცხადია, აუცილებლად დაგვჭირდება საქართველოში გამტარუნარიანობის გაზრდა," განაცხადა ანდრის პიებალგსმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე.
XS
SM
MD
LG