Accessibility links

logo-print

ყოველკვირეული სამეცნიერო-პოპულარული პროგრამა "ალგორითმი"


საქართველოს ხელნაწერთა ინსტიტუტში დაცული პაპირუსი

საქართველოს ბევრი გამოჩენილი მეცნიერი ჰყოლია. არაერთ მათგანს მთელ მსოფლიოში იცნობენ და აფასებენ. ჰუმანიტართა შორის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი უჭირავს ანტიკური კულტურის სპეციალისტს, პაპიროლოგიის ერთ-ერთ დამფუძნებელს, გრიგოლ წერეთელს, რომელიც გასული საუკუნის პირველ ნახევარში მოღვაწეობდა რუსეთში და საქართველოში.

უკანასკნელ ხანებში გრიგოლ წერეთლის ნაღვაწის მიმართ ინტერესი გაიზარდა. საქმე ის გახლავთ, რომ მის მიერ თავმოყრილი პაპირუსების კოლექცია, რომელიც ერთ-ერთი უმდიდრესია ყოფილ საბჭოთა კავშირში, საერთაშორისო ყურადღების ცენტრში მოექცა.

ახლახან თბილისში იმყოფებოდა ძველი ბერძნული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი ჰაიდელბერგის უნივერსიტეტიდან, პროფესორი უილიამ ჰერლი. გრიგოლ წერეთლის კოლექციაში, რომელიც კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტშია დაცული, იგი მუშაობს პაპირუსზე, რომელიც ჯერ არ გამოქვეყნებულა და უცნობია მსოფლიოს სამეცნიერო წრეებისთვის.

ვისაც არ გახსოვთ, შეგახსენებთ, რომ პაპირუსი არის ქაღალდის მსგავსი საწერი მასალა, რომელიც ამავე სახელის მცენარისგან მზადდებოდა ძირითადად ძველ ეგვიპტეში. მას საწერად გამოიყნებდნენ როგორც ეგვიპტეში, ისე სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის საბერძნეთში.

უილიამ ჰერლის ტელეფონით დავუკავშირდით ჰაიდელბერგში.

[ჰერლის ხმა] "ეს გახლავთ გამოუქვეყნებელი პაპირუსი. იგი მსოფლიოსთვის სრულიად უცნობია. ბედნიერი ვარ, რომ 2006 წლის სექტემბერში წერეთლის არქივში მუშაობისას ვიპოვე იგი. მასზე მუშაობის საშუალება მომეცა წელსაც. აღმოჩნდა, რომ ესაა სამედიცინო ტექსტი. მე ის შევადარე ბერძნული ლიტერატურის ჩვენთვის ცნობილ მთელ კოპუსს და დადგინდა, რომ ეს სრულიად ახალი და უცნობი ტექსტია. სამწუხაროდ, არ შემიძლია ვთქვა, რა ტექსტია და ვინ არის ავტორი."

ექვსი ფრაგმენტისგან შემდეგარი ეს ტექსტი არ შედის გრიგოლ წერეთლის მიერ გამოცემული პაპირუსების ხუთტომიან კორპუსში. შესაძლოა იგი შედიოდა მეექვსე ტომში, რომელიც გამოსაცემად გამზადებული იყო, მაგრამ მას მერე, რაც მეცნიერი სტალინურ ტერორს ემსხვერპლა 1938 წელს, მეექვსე ტომის ტექსტი დაიკარგა. შესაძლოა, იგი უშიშროების სამსახურმა გაანადგურა.

ამდენად, პაპირუსი, რომელზეც ვსაუბრობთ, ფაქტობრივად, ხელახლა იქნა აღმოჩენილი. მაგრამ ერთია ხელნაწერის ხელთ ქონა და მეორე - იმის დადგენა, თუ რა წერია შიგ.

[ჰერლის ხმა] "ეს ფრაგმენტი ზოგჯერ ნახევარ სიტყვებს შეიცავს. ეს საკმაოდ პატარა ფრაგმენტია და მასში ნაწერის ნახევარი სვეტია შემორჩენილი. უპირველესი ამოცანაა იმის დადგენა, რომელი სიტყვის წაკითხვა შეიძლება და შემდეგ ნახვა, რომელი სიტყვების აღდგენაა შესაძლებელი იმ ასოებით, რაც იკითხება. ეს საინტერესო თავსატეხია და საკმაო დროს მოითხოვს, იგი უნდა შედარდეს ჩვენთვის ნაცნო მთელ სამედიცინო ლექსიკას და ა.შ."

ჰერლის თქმით, ეს პაპირუსი მომდინარეობს ეგვიპტიდან და სავარაუდოდ შესრულებულია ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ ან მეორე საუკუნეში, ე.წ. იმპერიის პერიოდში.

რაც შეეხება მის შინაარსს, იგი მეტად საინტერესო ცნობებს შეიცავს ანტიკური მედიცინის ისტორიის თვალსაზრისით.

[ჰერლის ხმა] "ტექსტი სრულიად უცნობია. ყველაფერი, რაც კი მასში წერია, ახალია და ავსებს ჩვენს ცოდნას ბერძნული მედიცინის შესახებ. საინტერესოა მისი შინაარსიც. მისი მთავარი თემაა სალბუნი. ბერძნულად - "კატაპლასმა". ერთ სტრიქონში, რომელიც მე გავშიფრე, საუბარია გასიებულ ჯირკვლებზე. სამწუხაროდ, არ იკითხება, რაში მდგომარეობს მისი მკურნალობა. მაგრამ ეს საინტერესო საკითხია, რომლის მეშვეობითაც შეიძლება სამედიცინო ტექსტების შევსება. მაგალითად, იმპერიის პერიოდის ბერძენი ექიმის, გალენოსის ტექსტებისა."

საქართველოს ხელნაწერთა ინსტიტუტში მრავალი საყურადღებო ნიმუშია დაცული. მათი შესწავლა-გამოცემა ათწლეულების მანძილზე წარმოებს. უკანასკნელ წლებში ინსტიტუტი სულ უფრო მეტად ცდილობს საერთაშორისო სამეცნიერო წრეებთან კონტაქტების გაღრმავებას და წარმატებებსაც აღწევს. მოუსმინეთ ინსტიტუტის სამეცნიერო განყოფილების ხელმძღვანელს, პროფესორ ზაზა ალექსიძეს:

[ზაზა ალექსიძის ხმა] "ჩვენთან იმდენად დიდი იყო, როგორც ჩანს, გრიგოლ წერეთლის ავტორიტეტი და ითვლებოდა, რომ მან უმრავლესობა, ყოველ შემთხვევაში, გამოსცა, რომ ამ მხრივ არ იყო საკმაკრისად ენერგიული მუშაობა ჩვენთან. ბოლო წლებში ჩვენ დავისახეთ მიზნად, რომ კლასიკური ფილოლოგიის კურსდამთავრებულებთან ერთად მოვამზადოთ პაპიროლოგიაში სპეციალურად სამუშაოდ სპეციალისტები. კავშირიც გვაქვს უკვე დამყარებული ევროპელ მეცნიერებთან. ამ ზაფხულს ვაპირებთ უკვე შეხვედრას და დაწყებას ერთობლივი სასწავლო პროცესისა და თან სამუშაო პროცესისა."

ქართველ კოლეგებთან თანამშრომლობის იმედი აქვს პროფესორ უილიამ ჰერლისაც.

[ჰერლის ხმა] "იმედი მაქვს, გავაგრძელებ თბილისში მუშაობას. მინდა ვახსენო პაპიროლოგთა საერთაშორისო საზოგადოება "აპისის" ინტერესი. ეს გახლავთ საინტერნეტო მონაცემთა ბაზა, რომელიც მეცნიერებს პაპირუსებზე მუშაობის საშუალებას აძლევს მთელ მსოფლიოში. ამერიკელმა პროფესორმა როდნი ასტმა კოლუმბიის უნივერსიტეტიდან გამოთქვა ინტერესი, რომ სურს დაუკავშირდეს თბილისის ხელნაწერთა ინსტიტუტს და შეიძლება თანამშრომლობა დაიწყოს მასთან. ამან შესაძლოა უფრო ხელმისაწვდომი გახადოს თბილისში დაცული მდიდარი კოლექცია."

პაპირუსების კოლექცია მხოლოდ ნაწილია იმ მდიდარი მასალისა, რაც დაცულია საქართველოს ხელნაწერთა ცენტრში. ზაზა ალექსიძის აზრით, ახლა, როცა ხელმისაწვდომია ახალი პოლიგრაფიული და ტექნიკური საშუალებები, დიდი მნიშვნელობა აქვს ახალი ტიპის გამოცემებზე მუშაობას.

[ზაზა ალექსიძის ხმა] "ახლა საჭიროა ილუსტრირებული გამოცემების და ფაქსიმილური გამოცემების გაკეთება, რათა ბევრმა ნახოს ჩვენი გამოცემები და შეძლოს მუშაობა ამ გამოცემებზე. ახლა ამ მიმართულებით მივდივარ და ძალიან მალე იქნება ძალიან მნიშვნელოვანი გამოცემები, ფაქსიმილური გამოცემები. მალე ჩაეშვება "ვეფხისტყაოსნის" ე.წ. წერეთლისეული ფაქსიმილური გამოცემა თავისი მინიატურებით; პროცესშია და მალე დამთავდება განთქმული ლაილაშის მეათე საუკუნის ებრაული ბიბლია, რომელიც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია მსოფლიოში. ერთი სიტყვით, ძალიან ამოქმედდა ბოლო ხანებში ინსტიტუტი," გვითხრა პროფესორმა ზაზა ალექსიძემ.
XS
SM
MD
LG