Accessibility links

logo-print

”ქალაქი ანარა” – 30


იუბილარი-ფილმი, რომელსაც გავიხსენებთ, ქართული კინოკომედიის

საუკეთესო ტრადიციების გაგრძელებაა და, ამავე დროს, იმ კრიზისსაც გამოხატავს, რომელსაც ჩვენი კინოხელოვნება 70-იანი წლების მეორე ნახევრიდან განიცდის: კომუნისტური ცენზურა შეშფოთებულია ქართული ფილმების წარმატებებით და ახალ წინააღმდეგობებს უქმნის რეჟისორებს; კინოსტუდია ”ქართულ ფილმში” იძულებულები არიან იგავებით, ქარაგმებით თქვან სიმართლე. ასეთი ფილმია სწორედ ირაკლი კვირიკაძის ”ქალაქი ანარა”, რომლის მნიშვნელობაზეც ვაპირებ დღეს გესაუბროთ.

[მუსიკა. კავკასიელის შტამპი]

ჯერ კიდევ სტალინის ეპოქაში დაწერილი ეს სიმღერა იმ პროცესის დასაწყისია, რომელსაც კულტურული სტერეოტიპის დამკვიდრებას უწოდებენ ხოლმე. ვიღაცამ ასე ისურვა, კავკასიელის ასეთი პორტრეტის დახატვა მოინდომა - ულვაშიანი თამადა ყანწით ხელში. კულტურის ისტორიკოსები ოდესმე, ალბათ, გამოიკვლევენ რატომ გავრცელდა ეს კლიშე, ეს კვაზიმხატვრული სახე მაინცდამაინც 30-იან წლებში - ვინაა ულვაშიანი თამადა, რომელმაც დიდ სუფრას უნდა უხელმძღვანელოს - ბელადი, რომლის სიტყვა კანონია ყველასთვის თუ, პირიქით, ღვინოში ჩაბუჟებული იდიოტი, რომლის მართვა ძალზე ადვილია? ასეა თუ ისე, კავკასიელის ამ სახემ საბჭოთა კულტურაში იმდენად ღრმად გაიდგა ფესვები, რომ იგი ვერც 60-იან წლებში წაიშალა, როცა ხელოვნებაში სტალინური კლიშეების წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყეს. სწორედ ამ დროს გადაიღეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საბჭოთა კომედია ”კავკასიელი ტყვე ქალი” – ”ველურ კავკასიელებზე”, რომელთაც არაფერი აღელვებთ, ღვინისა და მწვადის გარდა.

მოსკოვს, წესით და რიგით, სერიოზული პრობლემები უნდა შეექმნა კინორეჟისორ ირაკლი კვირიკაძისთვის, საერთოდ, კინოსტუდია ”ქართული ფილმისთვის” ”ქალაქი ანარას” სცენარის გამო; კინოიდეოლოგები უნდა გაღიზიანებულიყვნენ სურათის სიუჟეტით, რომელიც ასეთია: ქალაქ ანარაში სახელგანთქმული თამადა კვდება. მის შვილს, მეტეოროლოგ ვარლამს, მემკვიდრეობით რჩება ყველაზე დიდი ყანწი საქართველოში. მაგრამ ყანწის მფლობელი ის გახდება, ვინც ამოუსუნთქავად დალევს ღვინოს.

რა იგულისხმა კვირიკაძემ? რატომ ”ანარა”? ”აგარა” ხომ არა, სადაც მამამისმა რომელიღაც მიღებაზე, როგორც მოგვიანებით თავად კვირიკაძე იტყვის, ”საბჭოთა მნიშვნელობის შაქრის კომბინატში” პარტიულ დელეგაციას უმღერა და ქვეყნის ბატონ-პატრონთა დიდი სიმპათია დაიმსახურა? ანდა რატომაა ვარლამი მეტეოროლოგი? რას ნიშნავს ეს პროფესია? რატომ უნდა იწინასწარმეტყველოს ამინდი, დრო მთავარმა გმირმა ქალაქში, სადაც ხალხი ასეთი კატეგორიებით აზროვნებს?

[ხმა ფილმიდან:”ვინ უნდა დაიცვას ტრადიციები? რა თქმა უნდა, კაცმა”]

სესილია თაყაიშვილი, რეზო ესაძე, ეროსი მანჯგალაძე, დოდო აბაშიძე, კახი კავსაძე... ეს არასრული სიაა იმ მსახიობებისა, რომლებიც ”ქალაქ ანარაში” იმხანად ძალიან ახალგაზრდა რეჟისორის, ირაკლი კვირიკაძის, ფილმში თამაშობენ, თამაშობენ განსაკუთრებული ხალისით - არც ერთი მათგანი არ მალავს ირონიას თავისი პერსონაჟის მიმართ, თითქოს გრძნობს, მოვა დრო და ”ქალაქი ანარა” აღიქმება სატირად, 70-იანი წლების ქართული საზოგადოების ”კრიტიკულ ავტოპორტრეტად”...რომ ეზოპეს ენა და ქარაგმები მხოლოდ და მხოლოდ ცენზურას ეკუთვნის, სინამდვილეში კი ფილმი მწარე სიმართლეს გამოხატავს - გვიამბობს ქალაქზე, რომლის გმირები ისტორიას ემალებიან და მხოლოდ წარსულში ცხოვრობენ

[ხმა ფილმიდან. ეროსი სვამს სადღეგრძელოს]

”ქალაქი ანარა” ეკრანებზე გამოუშვეს მცირე ტირაჟით, მხოლოდ კინოკლუბებისა და პატარა კინოთეატრებისთვის, მაგრამ ფილმის ნახვა მაინც შეიძლებოდა. ცენტრალურ პრესაში დადებითი რეცენზია, ფაქტობრივად, არ დაბეჭდილა. მოგვიანებით ზოგიერთმა საბჭოთა კრიტიკოსმა სწორედ ”ქალაქი ანარა” დაასახელა ქართული კინოს კრიზისის სიმბოლოდ - რეალობას ვერ გრძნობენო, იგავმა და სქემატურმა პერსონაჟებმა სინამდვილე განდევნესო, ქართული კინო ფსევდონაციონალური გახდაო... ეს იყო რეაქცია საერთაშორისო წარმატებაზე, რომელიც ქართველმა კინორეჟისორებმა 70-იან წლებში მოიპოვეს - მათ შორის ირაკლი კვირიკაძემ, რომლის ”ქალაქი ანარა” ლოკარნოს ფესტივალზე კინოკრიტიკოსების პრემიით აღინიშნა.

[ხმა ფილმიდან: ”ჩვენი ადათია ასეთი. ქართველ კაცს ეს არ შეშვენის”]

დრო გავიდა და ”ქალაქი ანარა” უკვე ახლებურად აღიქმება. ირაკლი კვირიკაძის ფილმს დღეს უკვე რუსეთის ტელეარხებიც უჩვენებენ და სურათს ”ზასტოის ეპოქის” შედევრად იხსენიებენ - ამბობენ, ბრეჟნევის ხანაში კვირიკაძემ ”დისიდენტური ფილმი” გადაიღო, გვიამბო მეტეოროლოგზე, რომელიც კარადაში იკეტება - არ უნდა იმ საზოგადოების წესებით იცხოვროს, რომელსაც დროის შეგრძნება არა აქვსო. მაგრამ საქართველოში ”ქალაქი ანარა” სულ სხვანაირად აღიქმება: 30 წლის წინ ირაკლი კვირიკაძემ გადაიღო სატირა დახავსებულ ტრადიციებზე, რომელსაც ხალხი ვერა და ვერ ელევა.

[სიმღერა ”მერიქიფე”]

”ქალაქი ანარა” მეოცე საუკუნის ქართული კულტურის ის იშვიათი ნიმუშია, რომელშიც კულტურული სტერეოტიპი გაძლიერებულია, გამძაფრებული, გროტესკად ქცეული და, ამგვარად, თუ შეიძლება ითქვას, ”მასხარად აგდებული”. რეჟისორი, ერთი მხრივ, ქართული კინოს ტრადიციას აგრძელებს - ქმნის აბსურდულ ტრაგიკომედიას...მეორე მხრივ, თითქოს სთხოვს მაყურებელს, დაინახოს სურათის პერსონაჟებში თავისი თავი და იმაზე დაფიქრდეს, რომ, როგორც წესი, გარედან თავს მოხვეული კულტურული კლიშეები, მაგალითად, სახე ქართველი კაცისა, რომლისთვისაც ყანწი თვითდამკვიდრების საუკეთესო საშუალება გამხდარა, დროთა განმავლობაში კულტურის ორგანული ნაწილი ხდება - ”ხალხურ შემოქმედებად” საღდება.

[სევდიანი სიმღერა ღვინოზე]


XS
SM
MD
LG