Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ აღნიშნავენ 1 მაისს საქართველოში


1 მაისი, როგორც შრომის დღესასწაული, მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში აღინიშნება. ამ დღეს, როგორც წესი, პროფესიული გაერთიანებები საპროტესტო აქციებსა და დემონსტრაციებს მართავენ,

რითაც ხელისუფლებას შეახსენებენ, რომ პასუხისმგებლები არიან მშრომელთა უფლებების დაცვაზე. საინტერესოა, როგორ აღნიშნეს ამჯერად საქართველოში 1 მაისი.

პირველი საპირველმაისო დემონსტრაცია, როგორც ცნობილია, შორეულ 1886 წელს გაიმართა ჩიკაგოში, რვასაათიანი სამუშაო დღის მოთხოვნით. მაშინ, პოლიციელებსა და ამერიკელ მუშებს შორის მომხდარი შეტაკების შედეგად, ათობით ადამიანი დაიღუპა, სამი წლის შემდე კი მეორე ინტერნაციონალის პარიზის კონგრესმა პირველი მაისი მთელი მსოფლიოს მშრომელთა სოლიდარობის დღედ გამოაცხადა. ყველაზე მასშტაბურად ამ დღეს საბჭოთა კავშირსა და სოციალისტური ბანაკის ქვეყნებში აღნიშნავდნენ. ქუჩებში იმართებოდა დემონსტრაციები, ხოლო ტელევიზიით დამკვრელური შრომის გმირებს უმღეროდნენ.

[ისმის სიმღერა]

საბჭოთა კავშირის დროს გამართულ საპირველმაისო დემონსტრაციებში მონაწილეობას იღებდა თბილისელი ვლადიმერ ბასილაძეც, რომელმაც ცხოვრების დიდი ნაწილი საავიაციო ქარხანაში, ჩარხთან, გაატარა.

[ვლადიმერ ბასილაძის ხმა] „რაც თბილისში ჩამოვედი, მას მერე პირველი მაისის დემონსტრაციები არ გამიცდენია. გამოვდიოდით, ტრიბუნასთან ჩავივლიდით, ლენინის სურათი მეჭირა და მეამაყებოდა...“

მაგრამ, აი, საბჭოთა კავშირი, ქვეყანა, სადაც ძალიან უყვარდათ აღლუმები და მთავრობის მიერ მოწყობილი დემონსტრაციები, თხუთმეტი წლის წინ დაინგრა, სოციალისტური ქვეყნებიც ცოტა დარჩა და, შესაბამისად, მშრომელთა საპირველმაისო გამოსვლების მასშტაბებიც და ესთეტიკაც შეიცვალა.

[ისმის დოლების ხმა]

ამ დოლებს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების აქტივისტები იმისთვის სცემენ, რომ ხელისუფლების ყურადღება მიიქციონ - იმ ხელისუფლებისა, რომელმაც, სპორტის მუშაკთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარის იროდი ბეჟაშვილის თქმით, დრაკონული შრომის კოდექსი მიიღო:

[იროდი ბეჟაშვილის ხმა] „დღევანდელი დემონსტრაცია ემსახურება იმ შრომის კოდექსის გაპროტესტებას, რომელიც პარლამენტმა მიიღო. მიუღებელია აბსოლუტურად ყველა მუხლი, ადამიანის უფლებების შელახვა. თან დამსაქმებელს როგორც მოუნდება, ისე მოექცევა დასაქმებულს, რაც არასწორია. უნდა იყოს გამოკვეთილი სამუშაო დრო, ანაზღაურებისა და დასვენების პერიოდები, შრომის საშუალებებისა და პირობების გაუმჯობესება, ისევე როგორც ხელფასების დაბალანსება.“ (სტილი დაცულია)

ამ მოთხოვნებით, ტრანსპარანტებით, დოლებითა და სასტვენებით შეიარაღებულმა ადამიანებმა, პროფესიული კავშირების გაერთიანების ხელმძღვანელობით, პირველ მაისს რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტამდე საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს. გაერთიანების ხელმძღვანელმა ირაკლი პეტრიაშვილმა კი ხელისუფლებას კეთილგონიერებისკენ მოუწოდა:

[ირაკლი პეტრიაშვილის ხმა] „მოთხოვნები კიდევ და კიდევ გაიზრდება, დაემატება თითო-თითო მოთხოვნა, ანუ ამ თემების იგნორირება გაზრდის ჩვენს მოთხოვნებს და არ შეამცირებს. ამიტომ ამ პრობლემების მომგვარებელ სტრუქტურებს ვურჩევ დროზე გაითავისონ, რომ ქუჩაში გამოსული ადამიანები არის ის ხალხი, ვინც ისინი ხელისუფლებაში მოიყვანა და ამ ხალხის მოთხოვნების იგნორირება ქვეყანაში რეალურ პრობლემას შექმნის.“ (სტილი დაცულია)

საპირველმაისო დემონსტრაციაში მონაწილეობა რამდენიმე ათასმა ადამიანმა მიიღო, თუმცა, პროფესიული კავშირების წევრთა გარდა, მსვლელობას რუსთაველის გამზირზე შემთხვევით მოხვედრილი მოქალაქეებიც შეუერთდნენ. მათ შორის იყო ვლადიმერ ბასილაძე - 78 წლის პენსიონერი.

[ვლადიმერ ბასილაძის ხმა] „მშრომელი კაცი ახლა ბორკილებდადებულია, მშრომელი კაცი ჩვენთან აღარ არსებობს - მათხოვრებად გვაქციეს ან ქვეყნიდან გაგვრეკეს.“
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG