Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესა სამხრეთ კავკასიაში ვაშინგტონისა და მოსკოვის ინტერესთა შეჯახებაზე


თამარ ჩიქოვანი, თბილისი ბოლო დღეების განმავლობაში რუსეთის პრესის ყურადღების ცენტრში ესტონეთი აღმოჩნდა, სადაც საბჭოთა ჯარისკაცის ძეგლის გადატანის ირგვლივ ატეხილმა აჟიოტაჟმა

რუსეთ-ესტონეთის ურთიერთობა საკმაოდ დაძაბა. სტაბილურად დაძაბული რჩება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაც, რასაც დღევანდელი რუსული პრესაც ადასტურებს.

”სამხრეთი კავკასია - წრე პირველი” - ასეთი სათაურით ბეჭდავს 27 აპრილის გაზეთი ”კრასნაია ზვეზდა” სტატიას, რომელიც სამხრეთ კავკასიის რეგიონში ვაშინგტონისა და მოსკოვის ინტერესთა შეჯახების თემას ეძღვნება. ვაშინგტონის გეოპოლიტიკურ ინტერესზე საუბრისას გაზეთი მკითხველს შეახსენებს ცოტა ხნის წინ ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ სტრატეგიულ გეგმას 2007-2008 წლისთვის, სადაც ნათქვამია, რომ რუსეთი საქართველოზე ეკონომიკურ და პოლიტიკურ ზეწოლას ახდენს ამ ქვეყნის ინფრასტრუქტურისა და სტრატეგიული შესაძლებლობების გასაკონტროლებლად. გაზეთს აშფოთებს ვაშინგტონის სამხედრო გეგმები საქართველოსთან დაკავშირებით. კერძოდ: ”ჯერ კიდევ 2005 წელს ევროპაში ნატოს შეიარაღებული ძალების მაშინდელმა მხედართმთავარმა გენერალმა ჯეიმს ჯონსმა განაცხადა, რომ ამერიკას თავისი სტრატეგიული გეგმა აქვს, ე.წ. წინა ხაზის ბაზირების კონცეფციის ფარგლებში. საქართველოს ხელისუფლებამ 2002 წელს მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც, აშშ-ს შეუძლია საქართველოს ტერიტორიაზე განათავსოს ყველაფერი, რაც მოესურვება და ქვეყანაში ნებისმიერი ოდენობის სამხედრო კონტინგენტი შეიყვანოს. ამის საპასუხოდ, ბოლო წლების მანძილზე ვაშინგტონმა თბილისს მილიარდ 300 მილონი დოლარის ოდენობის დახმარება გაუწია.”

ქართულ-ოსური კონფლიქტის თემას ეხება 27 აპრილის ჟურნალი ”ვრემია ნოვოსტეი”, რომლის ცნობითაც, ცხინვალი კვლავ იქცა რუსეთ-საქართველოს კამათის საბაბად. საუბარია ოფიციალური თბილისის მიერ მოსკოვის დადანაშაულებაზე 2000 წლის ხელშეკრულების დარღვევაში - ხელშეკრულებისა, რომელიც კონფლიქტის მიერ დაზარალებული ყოფილი სამხრეთ ოსეთის ოლქის აღდგენაში რუსეთისა და საქართველოს მონაწილეობას განსაზღვრავს. ჟურნალის ცნობით, 2006 წლის ბრიუსელის შეთანხმებით, რუსეთს ცხინვალისთვის სარეაბილიტაციოდ 100 მილიონი რუბლი უნდა გამოეყო, რაც გაკეთდა კიდეც. ამას კი ოფიციალური თბილისის პროტესტი მოჰყვა - კონფლიქტების მოგვარების სფეროში სახელმწიფო მინისტრის აპარატის განცხადებით, ასეთი ცალმხრივი ქმედებების გაგრძელების შემთხვევაში, თბილისი გადახედავს თავისი მონაწილეობის შესაძლებლობას 2000 წლის სახელმწიფოთაშორის შეთანხმებაში. სიტუაციას ძაბავს არსებობა სამხრეთ ოსეთის ე.წ. ალტერნატიული მთავრობისა, რომლის ხელმძღვანელს, დიმიტრი სანაკოევს, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რამდენიმე დღის წინ შეხვდა და დახმარებაც აღუთქვა. როგორც ცხინვალის ხელისუფლების ინფორმაციისა და ბეჭდვის კომიტეტის თავმჯდომარე ირინა გაგლოევამ ”ვრემია ნოვოსტეის” განუცხადა, ალტერნატიულ ხელისუფლებაზე ფსონის დადებით, ოფიციალური თბილისი ოსი ხალხის იგნორირებას ახდენს. ოსი ხალხი კი, გაგლოევას განცხადებით, საქართველოს შემადგენლობაში ავტონომიას არასდროს დასთანხმდება.
XS
SM
MD
LG