Accessibility links

logo-print

''ფრიდომ ჰაუსის'' დასკვნით, საქართველოში პრესის თავისუფლების ხარისხი გაუარესდა


"ფრიდომ ჰაუსის" (Freedom House) ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც 1 მაისს გამოქვეყნდა და რომელიც, ტრადიციისამებრ, ამა თუ იმ ქვეყანაში პრესის თავისუფლების ხარისხის შეფასებას ემსახურება,

ამჯერად 2006 წლის მაჩვენებლებია ასახული. არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევა ადასტურებს, რომ პრესა მსოფლიოს 195 ქვეყნიდან მხოლოდ 74-შია თავისუფალი; 58-ში ის ნახევრად თავისუფალია, ხოლო 63 ქვეყანაში - არათავისუფალი. 2005 წლის მსგავსად, საქართველო კვლავაც ნახევრად თავისუფალი ქვეყნების რიგში რჩება. თუმცა მან 2006 წელს ვერათუ წინ წასვლა, ვერც 2005 წელს მიღწეული 118-ე ადგილის შენარჩუნება შეძლო. რას ფიქრობენ ქართველი ექსპერტები ხსენებულ უკუსვლაზე და როგორ აფასებენ ისინი პრესის თავისუფლების ხარისხს საქართველოში? -მოსაზრებები ურთიერთსაწინააღმდეგოა.

2005 წლის მაჩვენებლით, საქართველო 118-ე ადგილს მავრიტანიასა და პარაგვაისთან ერთად იყოფდა. 2006 წელს კი მან, ამჯერად უკვე კოლუმბიასთან საზიარო, 120-ე ადგილი დაიმსახურა. საქართველოზე უკეთესი რეიტინგი აქვს, მაგალითად, ბრაზილიას, პერუს, ნიკარაგუას, ურუგვაის და არაერთ სხვა ქვეყანას. სამაგიეროდ, უკან გადადგმული ორი ნაბიჯის მიუხედავად, საქართველო კვლავაც იმ ქვეყნების რიცხვში რჩება, სადაც პრესა ნახევრად თავისუფალია და, აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის 12 რესპუბლიკიდან (აქ არ იგულისხმება ბალტიისპირა ქვეყნები) "ნახევრად თავისუფალთა" კატეგორიაში მოხვედრა მხოლოდ საქართველომ და უკრაინამ მოახერხა. თუმცა უკრაინამ წელს ერთი ნაბიჯით წაიწია წინ და 112-ე ადგილი დაიკავა. პრესა არათავისუფლად მიიჩნევა ჩვენს მეზობელ ქვეყნებში: სომხეთში, აზერბაიჯანსა და რუსეთში. პრეზიდენტ პუტინის ქვეყანაში მედია შედარებულია უსუსურ ორგანიზმთან, რომელიც პირდაპირ იმეორებს ხელისუფალთა ნააზრევს. "ფრიდომ ჰაუსის" ანგარიშში ასევე საგანგებო ყურადღების ცენტრში მოექცა რუსი ჟურნალისტის ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობის ფაქტი.

ანგარიშში ყველაზე კარგი მაჩვენებელი აქვს ფინეთსა და ისლანდიას, ხოლო ამერიკის შეერთებული შტატები მე-16 ადგილზეა, ესტონეთთან, გერმანიასთან, ირლანდიასთან, მონაკოსა და სენტ-ლუსიასთან ერთად. ყველა ამ ქვეყანაში პრესა თავისუფლად მიიჩნევა.

დავუბრუნდეთ საქართველოს, რომელიც ერთი ადგილით ჩამოქვეითდა. "ფრიდომ ჰაუსის" რეიტინგები თავისუფლების ინსტიტუტის გამგეობის თავმჯდომარე ლევან რამიშვილისთვის, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, "ჭეშმარიტების უკანასკნელ ინსტანციას" არ წარმოადგენს:

(ლევან რამიშვილის ხმა) "ძალიან ხშირად ადგილი აქვს ხოლმე ინფორმაციის, ვთქვათ, დაგვიანებას; ანუ, როდესაც ქვეყნის გარეთ რაღაც მოვლენების შეფასება ხდება, ხშირად ეს შეფასებები ეყრდნობა ვითარებას, რომელიც ხანდახან ორი, სამი და ზოგჯერ მეტი წლის წინანდელ სიტუაციას ასახავს." (სტილი დაცულია)

რამიშვილს მიაჩნია, რომ მედია საქართველოში საკმაოდ თავისუფალია და რომ მის ხელშია ყველანაირი სამართლებრივი გარანტია – დაიცვას პროფესიული უფლებები როგორც სახელმწიფოსგან, ასევე – დამქირავებლისგან. თუმცა სხვა საკითხია, როგორ იყენებენ ჟურნალისტები ამ გარანტიებს. მედიის თავისუფლების პრობლემას რამიშვილი თავად მედიას აბრალებს. თავისუფლების ინსტიტუტის ლიდერი ჟურნალისტის პროფესიულ თავმოყვარეობაზე საუბრობს:

(ლევან რამიშვილის ხმა) "საქმე გვაქვს ხშირად იმასთან, რომ სარედაქციო გადაწყვეტილებების მიღებაზე გარკვეული გალენა იგრძნობა მფლობელისა, მისი პოლიტიკური თუ კომერციული ინტერესების... და ჟურნალისტებში ნაკლები არის, აი, ეს პროფესიული თავმოყვარეობა, პროფესიული სოლიდარობა, რომ, აი, ამას ყველაფერს წინ აღუდგეს." (სტილი დაცულია)

პრობლემას განსხვავებულად უყურებს არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოების კვლევის ცენტრის" დირექტორის მოადგილე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი მარინა მუსხელიშვილი. ის ფიქრობს, რომ ჟურნალისტების თავისუფლებას საქართველოში სულ სხვა ფაქტორები ზღუდავს:

(მარინა მუსხელიშვილის ხმა) "საქართველოში ამ ბოლო წლებში, საერთოდ, შეინიშნება ძალიან მძიმე ვითარება განსხვავებული აზრის მიუღებლობის თვალსაზრისით და ეს ვითარება გავლენას ახდენს მედიაზე, პირველ რიგში, ვინაიდან კრიტიკა ძალიან მძიმედ აღიქმება ხელისუფლების მიერ და არის მცდელობები, რომ ეს კრიტიკა მასმედიაში შეიზღუდოს." (სტილი დაცულია)

მუსხელიშვილი ამბობს, რომ ზეგავლენისა და კონტროლის შესანარჩუნებლად ხელისუფლებას ყოველწუთიერი და ყოველდღიური ჯაფა თითქმის აღარ სჭირდება, რადგანაც მან საიმედო სისტემა უკვე შექმნა:

(მარინა მუსხელიშვილის ხმა) "საკმარისია, თამაშის მონაწილეებმა იცოდნენ, რა ჩარჩოებში არიან ჩასმული, რომ გაიგონ, რა მოეთხოვებათ. ამას არ სჭირდება ყოველდღიური ზეწოლა და ყოველდღიური შეხსენება. თვითცენზურასთან მივდივართ და არა მარტო თვითცენზურასთან, რასაკვირველია, არამედ დალაგებულია გარკვეული მექანიზმები, რომლებიც მოქმედებს მედიაში." (სტილი დაცულია)

შეკითხვაზე - და მაინც, რა პრობლემები ხვდება ჟურნალისტს საქართველოში პროფესიული მოვალეობის შესრულების პროცესში, ლევან რამიშვილი ერთი პრობლემის დასახელებით შემოიფარგლება:

(ლევან რამიშვილის ხმა) "სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, ხშირად იქმნება პრობლემები საჯარო დაწესებულებებში დაცული ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით." (სტილი დაცულია)

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ერთ-ერთი და არა ერთადერთი კრიტერიუმია, რომლის მიხედვითაც არასამთავრობო ორგანიზაცია ”ფრიდომ ჰაუსი” ამა თუ იმ ქვეყანაში პრესის თავისუფლების ხარისხს ადგენს. სათვალავშია არაერთი სხვა გარემოებაც: საკანონმდებლო ბაზის მდგომარეობა, ხელისუფლების ზეგავლენა, ფინანსური წნეხი და ასე შემდეგ. "ფრიდომ ჰაუსი" მსოფლიოში პრესის თავისუფლების ხარისხს უკვე 27 წელიწადია იკვლევს. ორგანიზაცია აღიარებს ჭეშმარიტებას, რომ თავისუფალი პრესის გარეშე ჯანსაღი დემოკრატია ვერ იარსებებს.
XS
SM
MD
LG