Accessibility links

logo-print

ჯორჯ ბუშმა ვეტო დაადო კანონპროექტს, რომელიც ერაყიდან ამერიკელი სამხედროების გაყვანაზე გრაფიკის დაწესებას ითვალისწინებდა


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ვეტო დაადო კონგრესის კანონპროექტს, რომელიც ერაყში მიმდინარე ომის დაფინანსებას ჯარების გაყვანის გრაფიკის დაწესებას უკავშირებდა.

კანონპროექტი ითვალისწინებდა მიმდინარე წლის ოქტომბერში ერაყიდან აშშ-ის სამხედრო კონტინგენტის გაყვანის დაწყებას და 2008 წლის აპრილისთვის ამ პროცესის დასრულებას. ამავე დოკუმენტით ერაყისა და ავღანეთის სამხედრო ოპერაციების დასაფინანსებლად 100 მილიარდი დოლარის გამოყოფა იყო გათვალისწინებული. კანონპროექტზე ვეტოს დადებით ჯორჯ ბუშმა გადაჭრით უარყო ოპოზიციური დემოკრატიული პარტიის მოთხოვნა, შეეცვალა ვაშინგტონის სტრატეგია ერაყის კონფლიქტში. მოუსმინეთ დავით კაკაბაძეს.

ჯორჯ ბუშის ვეტომ კანონპროექტი საბოლოოდ დაასამარა, რადგან დემოკრატები კონგრესში არ ფლობენ პრეზიდენტის ვეტოს უკუსაგდებად აუცილებელ ორმესამედიან უმრავლესობას. რაც იმას ნიშნავს, რომ ორივე პარტიის ლიდერები, კომპრომისული გადაწყვეტილების მიღების მიზნით, დაიწყებენ ერთობლივ კონსულტაციებს, რომლებშიც დროდადრო თავად ჯორჯ ბუშიც მიიღებს მონაწილეობას.

1 მაისს, ტელევიზიით გავრცელებულ მიმართვაში, ბუშმა ასე ახსნა თავისი გადაწყვეტილება, ვეტო დაედო კანონპროექტისთვის:

[ჯორჯ ბუშის ხმა] "უაზრობაა, მტერს აცნობო, როდის აპირებ ჯარის გაყვანას. ამ თარიღს თავის კალენდარში ხომ ყველა ტერორისტი მოინიშნავს, რათა მოახდინონ ძალების კონცენტრაცია, ჩამოაგდონ ერაყის კანონიერი მთავრობა და ქვეყანა საკუთარ კონტროლს დაუქვემდებარონ. დარწმუნებული ვარ, ერაყიდან ჩვენი წასვლის თარიღის დადგენა ერაყელ ხალხში დემორალიზაციას გამოიწვევს, ფრთებს შეასხამს მკვლელებს მთელს ახლო აღმოსავლეთში და იქცევა ნიშნად იმისა, რომ ამერიკა ვერ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს."

სხვათა შორის, თავისი პრეზიდენტობის პერიოდში ჯორჯ ბუშმა სულ მეორედ მიმართა ვეტოს გზას. არადა, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები ადასტურებს, რომ ამერიკელთა უმრავლესობა ერაყიდან აშშ-ის ჯარის გაყვანის მომხრეა. სწორედ ამ გამოკითხვების შედეგებს გულისხმობდა წარმომადგენელთა პალატის დემოკრატი სპიკერი ნენსი პელოსი, რომელმაც ბუშის ნაბიჯით საკუთარი და თანაპარტიელების გაწბილება გამოხატა.

[ნენსი პელოსის ხმა] "იმედი მქონდა, რომ პრეზიდენტი ამ დოკუმენტს პატივისცემით მოეკიდებოდა. ეს კანონპროექტი, რომელსაც არა მარტო ორივე პარტიის წირმომადგენლები, არამედ ამერიკელი ხალხის უდიდესი უმრავლესობა უჭერს მხარს, ნამდვილად იმსახურებდა ასეთ დამოკიდებულებას. ამის ნაცვლად, პრეზიდენტმა მას დაუფიქრებლად დაადო ვეტო, და არასწორად წარმოგვიდგინა მიზნები, რომლებსაც კანონპროექტი ისახავდა."

როგორც ერთმა, ისე მეორე მხარემ, სცადა, კანონპროექტის ირგვლივ წარმოშობილი დაპირისპირება კიდევ უფრო მკაფიო გაეხადათ სიმბოლური ჟესტებით. ბუშმა დოკუმენტს ვეტო დაადო კალმისტრით, რომელიც მას ერაყში დაღუპული ამერიკელი ჯარისკაცის მამამ აჩუქა; ხოლო კონგრესის დემოკრატმა ლიდერებმა პრეზიდენტს კანონპროექტი ზუსტად იმ დღეს წარუდგინეს, როცა შესრულდა ოთხი წელი ბუშის ცნობილი გამოსვლიდან - "მისია შესრულებულია". 2003 წლის 1 მაისს, აშშ-ის სამხედრო ხომალდ "აბრამ ლინკოლნზე" მყოფმა ბუშმა განაცხადა, ერაყში მსხვილმასშტაბიანი საომარი ოპერაციები დამთავრდაო. იმ დღის გასახსენებლად არასამთავრობო ორგანიზაციამ სახელწოდებით "ცვლილებებისთვის გაერთიანებული ამერიკელები" საგანგებო სატელევიზიო კლიპიც დააფინანსა, რომელსაც სამშაბათს არაერთი ტელეარხი გადასცემდა:

[სატელევიზიო კლიპი] ჯორჯ ბუში: "მსხვილმასშტაბიანი საომარი ოპერაციები ერაყში დამთავრდა..."
დიქტორი: "დამთავრებას ოთხი წლის შემდეგაც არ უჩანს პირი. ჯორჯ ბუშს კი დღესაც არ სურს, თვალი გაუსწოროს სიმართლეს. კონგრესმა გადაწყვიტა, ჩვენი ჯარების შინ დაბრუნების პროცესი დაეწყო, მაგრამ პრეზიდენტმა კანონპროექტს ვეტო დაადო. ის შეცდა მაშინაც, და ის ცდება ახლაც. მთელი ერის ნებას ერთი კაცის სიჯიუტე დაუპირისპირდა. ბატონო პრეზიდენტო, თქვენ შეგიძლიათ, ვეტო დაადოთ კანონპროექტს, მაგრამ ვეტოს ვერ დაადებთ სიმართლეს."

ძნელი მისახვედრი არ არის, რომ კომპრომისისკენ მიმავალ გზაზე დემოკრატებსაც და რესპუბლიკელებსაც არაერთ დათმობაზე მოუწევთ წასვლა. 2 მაისს, ბიზნესმენთა ჯგუფთან შეხვედრაზე ჯორჯ ბუშის გამოსვლით თუ ვიმსჯელებთ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ კომპრომისის მიღწევა იოლი საქმე არ იქნება.

[ჯორჯ ბუშის ხმა] "ერაყში შეერთებული შტატების ჯარის სარდალმა, გენერალმა დევიდ პეტრეუსმა შეგვახსენა, რომ ქვეყანაში ჯერ სრულად არ ჩაუღწევია იმ დამატებით აღჭურვილობას, რომელიც მან მოითხოვა; და რომ ზაფხულის ბოლომდე ის მას არც ეცოდინება, წარმატებული გამოდგა თუ არა ჩვენი ახალი სტრატეგია. სხვაგვარად თუ ვიტყვით, სტრატეგია ამჟამად ადრეულ ეტაპზე იმყოფება. ჩემი შეხედულებით, კონგრესმა და ქვეყანამ გენერად პეტრეუსს უნდა მისცენ დრო საიმისოდ, რათა გაირკვეს, ამართლებს თუ არა ეს სტრატეგია."
XS
SM
MD
LG