Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს საინფორმაციო ცენტრის ახალი ამბიციური პროექტები


უკანასკნელი სოციოლოგიური გამოკითხვით, ნატოში ქვეყნის გაწევრიანებას მოსახლეობის 80 პროცენტზე მეტი ემხრობა,

თუმცა საზოგადოებაში სულ უფრო მეტი მოთხოვნა ჩნდება ინფორმაციაზე, თუ რას აკეთებს სახელმწიფო - როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ - ამ მიზანთან მისაახლოებლად. ორი წლის წინ დაარსებული ”ნატოს საინფორმაციო” ცენტრის მუშაობის მთავარი მიზანი სწორედ ამ საინფორმაციო მოთხოვნების დაკმაყოფილებაა. დაახლოებით სამთვიანი ტექნიკური პაუზის შემდეგ საინფორმაციო ცენტრმა კვლავ განაახლა მუშაობა და ბევრი ამბიციური პროექტის განხორციელებას აპირებს არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ჟურნალისტებთან ერთად.


ნახევარი წლის წინ საქართველოში ”ნატოს საინფორმაციო ცენტრი” საგარეო საქმეთა სამინისტროდან სამხედრო უწყების დაქვემდებარებაში გადავიდა და ცოტა ხანში კარზე ბოქლომიც დაედო. შეწყდა ყოველკვირეული ღია შეხვედრები, რომლებიც ცენტრში საზოგადოების ფართო ფენების მონაწილეობით ტარდებოდა. თუმცა, როგორც ნატოს საინფორმაციო ცენტრის ახალმა ხელმღვანელმა, ნანუკა ჟორჟოლიანმა, რადიო ”თავისუფლებას” უთხრა, შესვენება გარკვეული ტექნიკური პრობლემებით - მათ შორის, ახალი ოფისის გარემონტებით და პერსონალის გადახალისებით - იყო გამოწვეული. კონკურსის საფუძველზე ახალი კადრებით დაკომპლექტების შემდეგ, რაც რამდენიმე დღეში დასრულდება, ცენტრის თანამშრომლები ხალხში გასვლას და ამბიციური საინფორმაციო პროექტების განახლებას აპირებენ.

[ნანუკა ჟორჟოლიანის ხმა] ”ჯგუფი, გუნდი, ეს ექვსკაციანი ჯგუფი, ვინც ერთად ვიმუშავებთ, წავა განმუხურში, ბანაკში, სადაც იქნებიან სტუდენტები. ასევე ვაპირებთ თქვენთან ერთად და არსამთავრობოებთან ერთად შესვლას სამხედრო ბაზებზე. სავალდებულო თანამშრომლობა დიპლომატიურ კორპუსთან და სახელმწიფიო უწყებებეთან თანმიმდევრული იქნება, მაგრამ პირველი, რასაც გავაკეთებთ, ეს იქნება ხალხში გასვლა.”(სტილი დაცულია)


ნატო-საქართველოს ურთიერთობის ყველა არსებითი ასპექტის თაობაზე საზოგადოებასა და პრესასთან გამჭვირვალე თანამშრომლობის მომხრეა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ბათუ ქუთელია. მინისტრის მოადგილემ, რომელიც ნატოს საინფორმაციო ოფისს კურირებს, რადიო ”თავისუფლებას” უთხრა, რომ იგი პირადადაც მიიღებს მონაწილეობას ერთობლივ შეხვედრებში, იმისდა მიუხედავად, თუ ვინ იქნება მათი ჩატარების ინიციატორი:

[ბათუ ქუთელიას ხმა] ”ჩვენი დახმარება გამოიხატება იმაში, რომ ნებისმიერ ღონისძიებაში მივიღებთ მონაწილეობას, არა აქვს მნიშვნელობა, ვთქვათ, ეს იქნება ხელისუფლების მომხრე თუ ოპოზიციური ძალების მიერ ინიცირებული, რადგან ნატოს საინფორმაციო ცენტრი არ არის მარტო ინფორმირებულ სახელისუფლებო წრეებზე ორიენტირებული, არამედ ის არის ორიენტირებული საქართველოს საზოგადოებაზე.”(სტილი დაცულია)

არასამთავრობო ორგანიზაცია ”ახალი თაობა - ახალი ინიციატივები” საქართველოში, ”ნატოს საინფორმაციო ცენტრთან” ერთად, რამდენიმე ერთობლივი პროექტის განხორციელებაში ღებულობს მონაწილეობას. ორგანიზაციის ხელმძღვანელს კოკი იონათამიშვილს მიაჩნია, რომ საზოგადოებასთან უფრო გასაგები ენით არის საჭირო საუბარი იმაზე, თუ რა ორმხრივ სარგებლობას იძლევა ნატოსთან თანამშრომლობა.

[კოკი იონათამიშვილის ხმა] ”ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, სადაც დემოკრატიული ინსტიტუტები უნდა განვითარდეს და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, გვაქვს მოუგვარებელი შიდა კონფლიქტები, ზუსტი ობიექტური მოლოდინების შექმნა ნატოსთან მიმართებაში არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი.”(სტილი დაცულია)

საზოგადოებასთან ურთიერთობის თავლსაზრისით, საინტერესო იყო ის შეხვედრა, რომელიც თავდაცვის მინისტრ დავით კეზერაშვილის ინიციატივით 2 მაისს თავდაცვის საიმინისტროში გაიმართა. ამ შეხვედრაზე მინისტრის გაცნობისა და მასთან დიალოგის საშუალება მიეცათ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებებს, - მათ შორის, რადიო ”თავისუფლებას”, - რომლებიც ორი წლის წინ ამის შესაძლებლობას მოკლებულნი იყვნენ. შეხვედრის საუბრის თემა წინდაწინვე არ იყო გამიზნული პრესისათვის, თუმცა დავით კეზერაშვილი დაგვპირდა, რომ ახლო მომავალში რადიო ”თავისუფლების” შეკითხვებსაც უპასუხებს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG