Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შევამციროთ გაზის ტარიფი 9 თეთრით – სამოქალაქო სექტორი მომხმარებელთა ინტერესებს იცავს


მეორე დღეა საქართველოს მოსახლეობა ბუნებრივ აირს შედარებით მომჭირნედ მოიხმარს და შიშითა და ინტერესით ელის თვის დასასრულს,

როდესაც გაზრდილი ტარიფით პირველად მოუწევს მოხმარებული გაზის საფასურის გადახდა. 1 მაისიდან საქართველოში ბუნებრივი აირის სამომხმარებლო ტარიფი თითქმის 50 პროცენტით გაძვირდა. მაშინ, როდესაც საქართველოს მთავრობაში გაზის საფასურის სუბსიდირებისა და დიფერენცირების შესაძლებლობაზე პრაქტიკულად არაფერს ამნბობენ, მოსახლეობის შეღავათიან პირობებში ჩასაყენებლად ინიციატივები სამოქალაქო სექტორში ჩნდება.ერთ-ერთი ასეთი ინიციატივა ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას „სოლიდარობის ცენტრი“. ინიციატივა ბუნებრივი აირის იმპორტისა და მიწოდების დამატებული ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს.

არასამთავრობო ორგანიზაცია „სოლიდარობის ცენტრის“ ინიციატივას კანონპროექტის სახე აქვს. კანონპროექტი უახლოეს მომავალში სოციალური პრობლემების მოგვარებით დაინტერესებულ დეპუტატებს - ძირითადად, ოპოზიციონერებს - გადაეცემათ თხოვნით, გამოიყენონ საკანონმდებლო ინიციატივის უფლება და მოახერხონ თანამოქალაქეებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ამ საკითხის პლენარულ სხდომაზე გატანა. ორიოდე კვირის წინ პარლამენტში უმრავლესობის რიგებიდან გაისმა დეპუტატ ბესო ჯუღელის წინადადებაც, მოხმარებული ენერგიის ახალი ტარიფით გადახდა დაეკისროთ მხოლოდ იმ პირებს, რომელთა წლიური შემოსავალი 20 000 ლარს აღემატება. ბესო ჯუღელის წინადადება, შეიძლება ითქვას, ერთხმად უარყვეს როგორც დეპუტატებმა, ისე ექსპერტებმა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა. რაც შეეხება ბუნებრივი აირის იმპორტისა და მიწოდების დამატებული ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლებას, ამ ინიციატივას - როგორც ჩანს, ერთდროულად და ერთმანეთისგან დამოუკიდებლად - რამდენიმე ავტორიც კი ჰყავს. მათგან ერთ–ერთის, „სოლიდარობის ცენტრის”, გათვლებით, თუ საქართველოს საგადასახადო კოდექსში შესაბამისი ცვლილებები შევა, 1 კუბურ მეტრ მოხმარებულ ბუნებრივ აირზე გადასახადის მოცულობა, ქვეყნის მასშტაბით, 8–9 თეთრის ოდენობით შემცირდება. თბილისში, მაგალითად, ტარიფის ოდენობა 51 თეთრიდან 42 თეთრამდე დაიკლებს. როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი კახა კოხრეიძე შენიშნავს, საგადასახადო კოდექსის შესწორების შემთხვევაში, საბიუჯეტო შემოსავლები შემცირდება, თუმცა სოციალურად ორიენტირებული დემოკრატიული ქვეყნისთვის ასეთი არგუმენტი უსაფუძვლო და მიუღებელი უნდა იყოს.

[კახა კოხრეიძის ხმა]“ როდესაც ელექტროენერგიაზე განხორციელდა ასევე ტარიფების ზრდა, საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი და დღეს ბუნებრივი აირის იმპორტი და მიწოდება გათავისუფლებულია დღგ–საგან, ოღონდ რომელიც უშუალოდ გამოიყენება ელექტროენერგიის საწარმოებლად. ანუ გაზის იმპორტი თავისუფლდება დღგ–საგან, თუ მას შიგნით ქვეყანაში გამოვიყენებთ ელექტროენერგიის საწარმოებლად. აქედან გამომდინარე, ის თუ შეიძლებოდა განხორციელებულიყო იმ მიზნით, რომ ელექტროენერგიის ტარიფი შენარჩუნებულიყო გარკვეული კუთხით, რატომ არ შეიძლება იგივე გაკეთდეს გაზის ტარიფზე?“(სტილი დაცულია)

არასამთავრობო ორგანიზაცია „სოლიდარობის ცენტრის“ მიერ მომზადებული კანონპროექტი მხოლოდ ერთი პუნქტისაგან შედგება - იგი საგადასახადო კოდექსის 230 მუხლის პირველი ნაწილის ჯ ქვეპუნქტის ახალი რედაქციით ჩამოყალიბებას შეეხება და, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბუნებრივი აირის მიწოდებასა და იმპორტზე დამატებული ღირებულების გადასახადის მოხსნას ითვალისწინებს. არის სხვა წინადადებებიც. მოუსმინეთ ექსპერტს ენერგეტიკულ საკითხებში გია ხუხაშვილს:

[გია ხუხაშვილის ხმა]“ მე ვთავაზობდი, გარდა ამისა, დიფერენცირებული გადასახადის შემოღებას - ინდივიდუალურ მომხმარებელს, ანუ მოსახლეობას, მისწოდებოდა შედარებით დაბალი ტარიფით და კორპორატიულ კლიენტს, ანუ სახინკლეებს, რესტორნებს, პურის ქარხნებს და ასე შემდეგ, მისწოდებოდათ უფრო მაღალი ტარიფით. მხოლოდ დღგ–დან გათავისუფლება კი იქნება გარკვეული ეფექტის მომცემი, მაგრამ თუ დიფერენცირებული ტარიფის შემოღებაც იქნებოდა გამოყენებული, ორივეს ერთად გამოყენების შემთხვევაში, ჩვენ გვქონდა შანსი, რომ მოსახლეობისთვის ტარიფი არ გაგვეზარდა.“(სტილი დაცულია)

ფიქრობს ექსპერტი გია ხუხაშვილი და, ბუნებრივი აირის სამომხმარებლო ტარიფის შემცირების მოწადინე ადამიანებისა თუ ორგანიზაციების არაკოორდინირების მიუხედავად, მიიჩნევს, რომ იდეათა და პროექტთა სიმრავლე საქმისთვის მხოლოდ სასიკეთო იქნება.
XS
SM
MD
LG