Accessibility links

logo-print

როგორ აფასებენ საერთაშორისო ორგანიზაციები პრესის თავისუფლებას საქართველოში?


3 მაისს პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღე აღინიშნება. ასეა 1993 წლიდან, როცა გადაწყვეტილება პრესის თავისუფლების დღის აღნიშნვის შესახებ

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო. წელს ყურადღების ცენტრში დგას, ზოგადად, პრესის თავისუფლების გარდა, ჟურნალისტთა უსაფრთხოების, აგრეთვე ჟურნალისტთა დევნის დაუსჯელობის პრობლემები. შესაბამისად შეირჩა ლაურეატიც - განსაკუთრებული დამსახურებებისათვის (ამ შემთხვევაში სიტყვის თავისუფლების დაცვისას გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის) განკუთვნილი პრემიისთვის. “გუილერმო კანოს სახელობის პრესის თავისუფლების საერთაშორისო პრემია” მიენიჭა ანა პოლიტკოვსკაიას. პრემიით ის - სამწუხაროდ - ტრაგიკული სიკვდილის შემდეგ დააჯილდოვა “იუნესკომ”, გაეროს უწყებამ. თუმცა გაერო არ არის ერთადერთი ავტორიტეტიანი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც პრესის თავისუფლების დაცვასა, თუ პრესის თავისუფლების ხარისხის აღწერაზე ზრუნავს. დღეს შეგახსენებთ რამდენიმეს ამ პროფილის ორგანიზაციებიდან და მიმოვიხილავთ ინფორმაციას, რომელიც მათ გაავრცელეს საქართველოში პრესის თავისუფლების ხარისხზე.

პრესის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე მსხვილ ორგანიზაციებად, ჩვეულებრივ, 6 ჯგუფს ასახელებენ, რომელთაგან სამი მაინც ბევრჯერ მოგვიხსენებია რადიო თავისუფლების გადაცემებში. ესენია “ფრიდომ ჰაუზი”, “რეპორტიორები უსაზღვრებოდ” და “პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი”.

3 მაისთან - პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სამივემ გაავრცელა ინფორმაცია. ჩვენ ყველაზე კრიტიკულით დავიწყებთ - საქართველოს მიმართ ყველაზე კრიტიკული ანგარიშით, რომელსაც “ფრიდომ ჰაუზი” აქვეყნებს. www.freedomhouse.org/template.cfm?page=362


ეს არასამთავრობო, არაკომერციული ორგანიზაცია 1941 წელს დაარსდა აშშ-ში და მსოფლიოში თავისუფლების დაცვაზე, დემოკრატიული ფასეულობების გავრცელებაზე მომუშავე ერთ-ერთ ყველაზე უფრო ავტორიტეტიან ორგანიზაციად არის აღიარებული.

მსოფლიოში პრესის თავისუფლებაზე მის ანგარიშში ორი მთავარი შეფასება შეიძლება გამოიყოს: ჯერ ერთი, “ფრიდომ ჰაუზი” ლაპარაკობს ზოგად გაუარესებაზე მსოფლიოში პრესის თავისუფლების მხრივ 2006 წლის მანძილზე. ეს გაუარესება შეინიშნება, უწინარეს ყოვლისა აზიაში, ყოფილ საბჭოთა სივრცეში, და ლათინურ ამერიკაში. და მეორე - პრესის თავისუფლების თვალსაზრისით შესწავლილი ქვეყნები და ტერიტორიები დაყოფილია, ტრადიციისამებრ, სამ ჯგუფად - თავისუფალ, ნაწილობრივ თავისუფალ და არათავისუფალ ქვეყნებად თუ ტერიტორიებად. საქართველო ნაწილობრივ თავისუფალთა რიგშია შეყვანილი - ის, “ფრიდომ ჰაუზის” რეიტინგით, 121-ე ადგილს იკავებს სულ 194-ადგილიან სიაში. ანუ, წინა წელთან შედარებით, არის გაუარესება - შარშან “ფრიდომ ჰაუზმა” საქართველოს სამი ადგილით უკეთესი - 118-ე ადგილი მიაკუთვნა პრესის თავისუფლების კრიტერიუმით შედგენილ რეიტინგში.

ამ გაუარესების ფონზე, ალბათ ვერაფერი ნუგეშია ის, რომ თითქმის ყველა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკა - ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და უკრაინის გარდა - საქართველოზე უარეს შეფასებას იმსახურებენ. ზოგი საგრძნობლად უარესს - სომხეთს 142-ე, აზერბაიჯანს 164-ე, რუსეთს 165-ე ადგილი ერგო.

მეორე მხრივ, დამაიმედებლად ჟღერს “ფრიდომ ჰაუზისგან” განსხვავებული, შეიძლება ითქვას საწინააღდმეგო დასკვნა, რომელსაც აკეთებს საფრანგეთში დაფუძნებული ორგანიზაცია, 1985 წლიდან მოქმედი “რეპორტიორები უსაზღვრებოდ”. (www.rsf.org/rubrique.php3?id_rubrique=280)მან ბოლო ანგარიშში საქართველოს 89-ე ადგილი მიუჩინა, მანამდე ერთი წლით ადრე კი 99-ე ადგილი, ამდენად პრესის თავისუფლების მხრივ გაუმჯობესებას ხედავს.

აქვე უნდა ითქვას, რომ ორგანიზაციის “რეპორტიორები უსაზღვრებოდ” სია ნაკლებ ქვეყანას მოიცავს, ვიდრე “ფრიდომ ჰაუზის” სია - 168, ხოლო რეიტინგი, რომელშიც საქართველოს 89-ე ადგილი ერგო, ჯერ კიდევ შარშან, ოქტომბერშია გამოქვეყნებული.

რაც შეეხება ორგანიზაციის “რეპორტიორები უსაზღვრებოდ” პუბლიკაციას დღევანდელ დღესთან, დაკავშირებით, ის წარმოგვიდგენს პრესის თავისუფლების შეზღუდვისთვის მთავარ პასუხისმგებელ პირებს. ორგანიზაციის ვებსაიტზე (www.rsf.org/article.php3?id_article=13624) გამოქვეყნებულია 33 ფოტოსურათი, რომელთაგან რამდენიმეზე ჩვენი მსმენელისთვისაც კარგად ცნობილი პოლიტიკური მოღვაწეები არიან გამოსახული - მათ შორის ვლადიმირ პუტინი, ილჰამ ალიევი, ალექსანდრ ლუკაშენკა და ფიდელ კასტრო.

წეღან ვახსენეთ “ფრიდომ ჰაუზის” შეფასება, რომ მსოფლიოში პრესის თავისუფლების მხრივ ვითარება 2006 წლის მანძილზე, წინა წელთან შედარებით, გაუარესდა. ორგანიზაცია “პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი”, რომელიც 120-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელ წამყვან ჟურნალისტებს აერთიანებს, კიდევ უფრო პირქუშ დასვნამდე მიდის. რომ 2006ი წელი, 100ი მოკლული ჟურნალისტით, ყველაზე უფრო სასტიკი და სისხლისმღვრელი წელი იყო თანამედროვე მასმედიის ისტორიაში: მსხვერპლის მაღალი მაჩვენებელი უწინარეს ყოვლისა განპირობებულია ადგილობრივი ჟურნალისტების დაღუპვით ერაყში - მარტო იქ მასმედიის 46ი მუშაკი იქნა მოკლული. განსხვავებით ორგანიზაციებისაგან, როგორიც არის “ფრიდომ ჰაუზი” ან “რეპორტიურები უსაზღვრებოდ” - “პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი” (www.freemedia.at/cms/ipi/about.html)არ აქვეყნებს რეიტინგს, მაგრამ იძლევა ინფორმაციას პრესის თავისუფლების ხარისხზე მსოფლიოს 180-ზე მეტ ქვეყანაში. საქართველოს შესახებ ტექსტში წაიკითხავთ, რომ პრესა შედარებით თავისუფალია მთავრობის კონტროლისაგან, მაგრამ წამყვანი სატელევიზიო არხები ხელისუფლებისადმი კრიტიკისაგან თავის შეკავებას ამჯობინებენ.

თუმცა, ეს ინფორმაცია უფრო ადრეა გავრცელებული. 3 მაისთან, ანუ პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, “პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი” იუწყება ლაურეატზე, რომელსაც წლევანდელ პრემიას ანიჭებს - მედიის თავისუფლებისთვის ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის. ეს არის საინფორმაციო სააგენტო “მიზიმა” (Mizzima), რომელიც 1998 წელსს დაარსეს ბირმელმა ემიგრანტმა ჟურნალისტებმა.

რამდენად სახიფათოა ამ ჟურნალისტებისა და მათი ბევრი კოლეგის საქმე - თითქოს სრულიად უწყინარი საქმე, მოიპოვო და გაავრცელო ინფორმაცია; რამდენად ძვირად შეიძლება ამ საქმის კეთება დაგიჯდეს - ცხადყოფს მონუმენტი, მემორიალი, რომელიც საფრანგეთში გაიხსნა. ის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მოკლული ჟურნალისტების ხსოვნას ეძღვნება. მონუმენტი მოიცავს 23 თეთრ ქვას, რომლებზეც 1800-მდე ჟურნაოლისტის გვარებია ამოტვიფრული. მათ შორის ქართველი ჟურნალისტებიც შეუყვანიათ: კუკური ადანაია, გიორგი ჭანია, გიორგი სანაია.
XS
SM
MD
LG