Accessibility links

საქართველო-თურქეთის სამხედრო თანამშრომლობის რეალობა და პერსპექტივა


მცირე პაუზის შემდეგ, თურქეთის მხარემ განაახლა თავდაცვის სამინისტროსთან სამხედრო სფეროში თანამშრომლობა.

3 მაისს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს საკმაოდ ძვირად ღირებული მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები გადაეცათ. ოფიციალური ინფორმაციით, სამხედრო დახმარებამ უნდა უზრუნველყოს გამართული ფუნქციონირება მარნეულის სამხედრო აეროდრომისა, რომლის მოდერნიზება, თურქეთის სახელმწიფო გრანტის ფარგლებში, 8 წლის წინ დაიწყო. მინდა საქართველო-თურქეთის სამხედრო თანამშრომლობის წინაისტორიასა და პერსპექტივებზე უფრო ვრცლად გესაუბროთ.

ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობა საქართველოსა და თურქეთს შორის ყველაზე წარმატებულიც იყო და ყველაზე კურიოზულიც. ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს თურქული გრანტის ფარგლებში ხდებოდა ქართული არმიის აღჭურვა საავტომობილო ტექნიკით, ფორმის ტანსაცმლით, კომპიუტერებითა და, თქვენ წარმოიდგინეთ, ჯამ-ჭურჭლითაც კი სამხედრო სასადილოებისთვის. ერთ პერიოდში საქართველოს ბიუჯეტს ისე გაუჭირდა, რომ ქართულ სამხედრო ტექნიკაში საწვავსაც თურქები ასხამდნენ. ყოფილი თავდაცვის მინისტრის დავით თევზაძის თქმით, ერთ-ერთი ბოლო მსხვილი პროექტის განხორციელება თურქმა სპეციალისტებმა 2000 წელს დაიწყეს. ქართული მხარის თხოვნით, თურქეთის გენერალურ შტაბს დაევალა მომავალი ქართველი ოფიცრების მომზადება, რის გამოც საქართველოს სამხედრო აკადემიაში სწავლა მთლიანად თურქულ სისტემაზე გადავიდა:

[დავით თევზაძის ხმა] ”თურქები აკეთებდნენ ორ რამეს. პირველი: წვრთნიდნენ პერსონალს, რომელსაც მასწავლებლობა უნდა გაეწია და, მეორე, წვრთნიდნენ ჩვენს კადეტებს. ანუ 5 წლის მანძილზე, ნელ-ნელა, მცოცავად, ამ აკადემიის მართვა ჩვენს ხელში უნდა გადმოსულიყო და ამისთვის პერსონალი მზადდებოდა.”

თუმცა თურქ სამხედროებს ამ პროექტის ბოლომდე განხორციელების საშუალება არ მიეცათ. 2005 წლის ბოლოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა სამხედრო აკადემიაში 5 წლიანი სწავლების კურსი გააუქმა. ქართველი კურსანტები სამოქალაქო სასწავლებლებში გადაანაწილეს, ხოლო თურქი სპეციალისტები, რომლებიც ცოტა კი გაანაწყენა მასპინძლების ასეთმა საქციელმა, შინ დაბრუნდნენ. თუ ამ გაუგებრობას არ მივიღებთ მხედველობაში, ქართულ-თურქული სამხედრო თანამშრომლობა ბოლო წლებში ინტენსიურად გრძელდებოდა. როგორც სამხედრო მიმომხილველმა ირაკლი ალადაშვილმა რადიო ”თავისუფლებას” უთხრა, თურქეთის დახმარებას კვლავ მნიშვნელოვანი სარგებლობა მოაქვს საქართველოს უსაფრთხოების სისტემისათვის:

[ირაკლი ალადაშვილის ხმა] ”თურქეთის მხარემ ქართველ მესაზღვრეებს დახმარება გაუწია ლილოს სასწავლო ცენტრის აღჭურვაში, ასევე -რემონტში. ტექნიკურ დახმარებად შეიძლება ჩაითვალოს ასევე მათთვისაც სატრანსპორტო საშუალებების გადაცემა. წლების განმავლობაში თურქეთის ჟანდარმერიაში მომზადებას გადიოდნენ ოფიცრები როგორც შინაგანი ჯარებიდან, ასევე საზღვრის დაცვის დეპარტამენტიდანაც.”

ცალკე აღნიშვნის ღირსია თურქეთის წვლილი საქართველოში არსებული ერთადერთი სამხედრო აეროდრომის მოდერნიზებაში. ირაკლი ალადაშვილის თქმით, აეროდრომის რეკონსტრუქცია თურქეთის მხარემ 1999 წელს დაიწყო და ეს პროცესი დღემდე გრძელდება:

[ირაკლი ალადაშვილის ხმა] ”თურქეთის მხარემ ჯერ კიდევ ”ვარდების რევოლუციამდე” მოახდინა მარნეულის აეროდრომის ამ ასაფრენ-დასაფრენი ზოლის რემონტი და იქ დააყენა სანავიგაციო სისტემები. მათ შორი საუბარი იყო ღამის განათების სისტემებზე, რომ 24 საათის განმავლობაში შესაძლებელი ყოფილიყო ექსპლუატაცია ამ აეროდრომის.”

3 მაისს თურქეთის მხარემ მორიგი სანავიგაციო საშუალებები და რადიო-შუქურა შემოიტანა მარნეულის სამხედრო აეროდრომის დასაკომპლექტებლად. პარალელურად სამხედრო აღჭურვილობა გადაეცათ სამხედრო-საზღვაო და სპეცდანიშნულების ძალებს. დახმარება არსებითია, თუმცა არა ისეთი ძვირად ღირებული, როგორც წინა წლებში იყო. თურქეთის გრანტით მიღებული მატერიალურ-ტექნიკური საშუალების საფასური 750 ათას დოლარს შეადგენს. იმის კვალობაზე, რაც უფრო იზრდება საქართველოს სამხედრო ბიუჯეტი, სტრატეგიული მოკავშირეები დახმარებიდან რეალურ კოოპერირებაზე გადადიან. საბიუჯეტო ცვლილების კანონპროექტით, რომელმაც პარლამენტში საკომიტეტო მოსმენები გაიარა, საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტი 445 მილიონი ლარით იზრდება და წლის ბოლომდე თითქმის მილიარდიან ნიშნულს მიაღწევს.
XS
SM
MD
LG