Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დნესტრისპირეთის თაობაზე შეთანხმების შესახებ გავრცელებულ ხმებს სპეკულაციები მოჰყვა


გასულ კვირაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოლდავეთსა დ რუსეთს შორის დნესტრისპირეთის თაობაზე საიდუმლო გარიგება შედგა.

მართალია, გაირკვა, რომ შეთანხმებაზე ლაპარაკი ნაადრევი იყო და, ასეთი შეთანხმების არსებობის შემთხვევაშიც კი, მისი განხორციელება ძნელი იქნებოდა, აშკარაა, რომ მოსკოვი ამ “გაყინულ” კონფლიქტში ბერკეტების მფლობელი რჩება. ცნობა, რომ მოსკოვმა და კიშინიოვმა გარიგება მოახერხეს, გაავრცელა ჟურნალმა “ეკონომისტმა”. მასში გამოქვეყნდა მიუნხენში მცხოვრები მიმომხილველის ვლადიმირ სოკორის წერილი, რომელშიც წაიკითხავდით, რომ ასეთი შეთანხმება შეიძლებოდა დამღუპველი ყოფილიყო, მაგრამ ევროპის ყველაზე ღარიბ ქვეყანაში ტერიტორიული დავის თაობაზე ეს გარიგება მაინც მიმზიდველი აღმოჩნდა.

სხვადასხვა ძალები - ისინი, ვინც ჩართულია დნესტრისპირეთის საკითხის მოგვარებაში: თვითგამოცხადებული რესპუბლიკა, ეუთო, უკრაინა, ასევე აშშ და ევროკავშირი, როგორც მეთვალყურეები - სასწრაფოდ ამოქმედდნენ ამგვარი მალული გარიგების არსებობის შესახებ სიმართლეში გასარკვევად. ვერავინ ადასტურებდა, რომ ის არსებობს. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილემ დევიდ კრემერმა მკაფიოდ თქვა, რომ საიდუმლო გარიგებას ყველა უარყოფდა:

(კრემერის ხმა) “ჩვენ კიდევ ერთხელ მივიღეთ საგანგებო დადასტურება მოლდავეთის მთავრობისგან, რომ მისთვის რუსებს წერილობითი გეგმა არ გაუგზავნიათ. ასევე მოვიდა დადასტურება პრეზიდენტ ვორონინისგან პირადად, რეინტეგრაციის მინისტრ სოვასაგან, საგარეო საქმეთა მინისტრ სტრატანისგან. ჩვენ მათ შეკითხვა იმდენად ცხადად დავუსვით, რომ გაუგებრობა არ უნდა იყოს.”

ჩანს, რომ შეთანხმებაზე ლაპარაკი ნაადრევია. მაგრამ ეს ინფორმაცია უსაფუძვლო მაინც არ უნდა ყოფილიყო. ორი კვირის წინ მოლდავეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ იური როსკამ ჟურნალ “ფლუქსისთვის” მიცემულ ინტერვიუში რუსეთი გააკრიტიკა მისი წინადადებების გამო. ისიც გახდა ცნობილი, რომ პრეზიდენტმა ვორონინმა ეს წინადადებები დახურულ კარს მიღმა განიხილა წამყვან ოპოზიციურ პარტიებთან. ეს გაჟონილი ინფორმაცია შეიცავს საკვანძო ელემენტს, რომლის თაობაზეც ვორონინი და დნესტრისპირეთის ლიდერი იგორ სმირნოვი შეთანხმდნენ. ამ ცნობის თანახმად, ისინი გეგმავენ მოლდავეთისა და დნესტრისპირეთის პარლამენტთა დაშლას და საპარლამენტო არჩევნების მოწყობას 2007 წლის ნოემბრისთვის. ახალ პარლამენტში დნესტრისპირელებს ექნებათ გარანტირებული 18-19 მანდატი 101-დან, ასევე - თანამდებობების კვოტა მთავრობაში. მოლდავეთი პირობას დებს, რომ იქნება ნეიტრალური და იქ რუსეთის ჯარი კიდევ ორ-სამ წელიწადს დარჩება.

ამ გეგმას, რამდენად სწრაფადაც არ უნდა ჩანდეს შესაძლებელი მისი მოგვარება, არაერთი წინააღმდეგობა ახასიათებს, რაც მის განხორციელებას უთუოდ ხელს შეუშლიდა. პირველი და, ალბათ, მთავარი ისაა, რომ მოლდავეთის პარლამენტის ასე მარტივად დაშლას ვორონინი ვერ შეძლებს. იური როსკა ამბობს, რომ ვორონინისა და სმირნოვის გარიგება “პოლიტიკური ქარაფშუტობა” იქნებოდა. დნესტრისპირელ პოლიტიკოსებს მოლდავეთთან კვლავ შეკავშირება არ სურთ, სეპარატისტთა პრეზიდენტმა სმირნოვმა შარშან საარჩევნო კამპანია დამოუკიდებლობის იდეაზე ააგო. მან ჩვენს რადიოსთან საუბარში რუსეთის წინადადებაზე დაფუძნებული ამგვარი გარიგების არსებობა სრულიად უარყო:

(სმირნოვის ხმა) “ასეთი გეგმა არა მაქვს. ოფიციალურად არაფერი მიმიღია. ეს მოლაპარაკების ფორმატია. მე ორი კვირის წინ შევხვდი რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეს იური ზუბაკოვს და მას არაფერი უთქვამს. შეიძლება რაღაც ხდება მოლდავეთში, მაგრამ ისინი, ჩვეულებრივ, დნესტრისპირეთის რესპუბლიკის აზრის გაუთვალისწინებლად მოქმედებენ.”

იმ სიძნელეებთან ერთად, რომელიც ზემოხსენებული შესაძლებელი გარიგების განხორციელებას შეექმნებოდა, ლაპარაკობენ რუსეთის, როგორც ეკონომიკური ბერკეტების მქონე სახელმწიფოს, დიდ გავლენაზე კიშინიოვსა და ტირასპოლზე. მოლდავეთზე მოსკოვის გავლენა ცნობილია. ამავე დროს, დნესტრისპირეთი, თავისი პრობლემების გამო, რუსეთს სთხოვს დახმარებას. საბოლოო ჯამში, ის გარემოება, რომ ორსავე შემთხვევაში ეკონომიკური ბერკეტები რუსეთის ხელთაა, დასავლელ დიპლომატებს საფუძველს აძლევს, ასე სერიოზულად მოეკიდონ კონფლიქტის მოგვარების სფეროში რუსეთის წინადადებებს.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG