Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ დაიჭირეს პოლიციის გენერალი კეკუა


შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილეს გენერალ დავით კეკუას, რომელსაც ბრალად ედება სამსახურებრივი მოვალეობის ბოროტად გამოყენება,

სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, მტკიცებულებათა ფალსიფიკაცია და ექსპერტიზის ყალბი დასკვნის გაცემის წაქეზება, თბილისის საქალაქო სასამართლომ 2 მაისს აღმკვეთ ღონისძიებად ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, თუმცა თავად კეკუა წაყენებულ ბრალდებებს უარყოფს და გადაწყვეტილებას თბილისის სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს. დავით კეკუასთან ერთად სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2 მაისს ასევე დააკავეს საექსპერტო კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელები - ზაზა ალთუნაშვილი და მიხეილ ივანიკაშვილი.

გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებული ცნობით, საქმე შეეხება 2002 წლის 14 აგვისტოს "ეი-ი-ეს თელასის" ფინანსური მენეჯერის ნიკოლოზ ლომინაძის განზრახ მკვლელობასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეს, რომლის გამოც 2002 წლის 27 სექტემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის სამსახურის თანამშრომელი დავით მჭედლიძე დააკავეს. 6 თვის შემდეგ მჭედლიძეს წინასწარი პატიმრობა პოლიციის ზედამხედველობით შეეცვალა, ხოლო 2003 წლის 25 მარტს პატიმრობიდან გათავისუფლდა. გამოძიებამ დაადგინა, რომ დავით კეკუას მხრიდან ადგილი ჰქონდა მტკიცებულებათა ფალსიფიკაციას და რომ მკვლელობა მჭედლიძეს არ ჩაუდენია. გენერალური პროკურორის მოადგილის ნიკა გვარამიას კომენტარი:

[ნიკა გვარამიას ხმა] „ჩვენი პოზიცია ასეთია: დანაშაულის ნიშნებს ჰქონდა ადგილი და შესაბამისი რეაგირება მოვახდინეთ. გამოძიება გაგრძელდება ჩეულებრივად დადგენილი წესით.“

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ნიკოლოზ ლომინაძის მკვლელობის საქმიდან ცალკე წარმოებად გამოიყო სისხლის სამართლის საქმე მტკიცებულებების ფალსიფიკაციის ფაქტზე. გამოძიებამ დაადგინა, რომ დავით კეკუამ, იმ დროისათვის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ, კრიმინალური პოლიციის უფროსმა, მკვლელობის გახსნისა და დამნაშავის დასადგენად მტკიცებულებათა ფალსიფიკაცია მოახდინა, დაგეგმა და განახორციელა ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის გაყალბება, თუმცა ყველა ეს ბრალდება თავად დავით კეკუამ 2 მაისს გამართულ სასამართლო პროცესზე უარყო:

[დავით კეკუას ხმა] „მასალას არ ვიცნობ. ბრალში წამოყენებულ საკითხებს არც ერთს არ ვეთანხმები და თავს დამნაშავედ არ ვთვლი.“

ეს იყო დავით კეკეუა, რომლის დაპატიმრებასაც გამოეხმაურნენ „ეი-ი-ეს თელასის“ ფინანსური მენეჯერის ნიკოლოზ ლომინაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული გია გვიჩიანის ადვოკატები. მალხაზ ჯანგირაშვილს არა აქვს იმედი, რომ სახელმწიფო, პროკურატურის სახით, გვიჩიანისთვის წაყენებულ ბრალდებას შეცვლის.

[მალხაზ ჯანგირაშვილის ხმა] „სახელმწიფო ცდილობს დამნაშავე ელემენტებისგან განწმენდას, მაგრამ გვიჩიანის განაჩენს მაინც ძალაში ტოვებს.“

თუმცა დავუბრუნდეთ დავით კეკუას დაპატიმრების ფაქტს. გაზეთ „რეზონანსის“ მთავარი რედაქტორის მოადგილე ელისო ჩაფიძე წლების მანძილზე შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებულ მანკიერებებს იკვლევდა. ჟურნალისტის თქმით, პასუხისგებაში მიცემული გენერალი პოლიციაში 1985 წლიდან მუშაობდა, თუმცა მაღალ თანამდებობებზე იგი კახა თარგამაძის მინისტრობის დროს დაინიშნა:

[ელისო ჩაფიძის ხმა] „მესმის, რომ ძველი კადრების გამოყენება, რომლებსაც აქვთ ოპერატიული მუშაობის გამოცდილება, ხელისუფლებას სჭირდება, თუმცა თუკი ხელისუფლებას უნდა შექმნას თვისებრივად ახალი პოლიცია, მაშინ ეს დისკრედიტებული კადრები არ უნდა იყვნენ მნიშვნელოვან თანამდებობებზე. მათ შეუძლიათ გააგრძელონ კორუფციული საქმიანობა და ასე შემდეგ.“(სტილი დაცულია)

ელისო ჩაფიძის თქმით, ხელისუფლება და შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობა დღემდე არ ამბობს უარს დისკრედიტებული პოლიციელების მომსახურებაზე. ამ აზრს იზიარებს სახალხო დამცველი სოზარ სუბარიც, რომელმაც საკუთარი საქაღალდიდან ომბუდსმენის 2004 წლის ანგარიში ამოიღო:

[სოზარ სუბარის ხმა] „ჯერ კიდევ პირველ მოხსენებაში დავით კეკუას ვასახელებთ როგორც ადამიანს, რომელზეც არსებობდა სერიოზული ეჭვები და მტკიცებულებები, რომ ის მონაწილეობდა დაკავებულთა და პატიმართა ცემასა და წამებებში, წამების გზით აღიარებების გამოძალვაში და, შესაბამისად, საქმეების გაყალბებაში. მაშინ ჩვენ ვითხოვდით საქმის აღძვრას და ძიების დაწყებას, მაგრამ ამ ამბებიდან ორი წლის მანძილზე დავით კეკუა მუშაობდა შსს-ში ძალიან მაღალ თანამდებობებზე.“

თუმცა დავით კეკუას ამჟამად სოზარ სუბარის მიერ ჩამოთვლილ დანაშაულთა გამო არ ედავებიან. სამსახურებრივი მოვალეობის ბოროტად გამოყენება; სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და მტკიცებულებათა ფალსიფიკაცია, ჯამში, თავისუფლების 12 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG