Accessibility links

სიცოცხლის რიტმები


ჩვენს ცხოვრებას განსაზღვრავს რიტმი

- უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით, რიტმები, შინაგანი და გარეგანი. აი, თქვენ გულის ცემას ისმენდით. ასევე, უმთავრესი რიტმია სუნთქვა. გარეთ კი მზე ამოდის და ჩადის - ამას დღე-ღამის რიტმი ჰქვია. ქალის ორგანიზმი პირდაპირ არის დამოკიდებული მთვარის რიტმზე და ა.შ. ამ ყველაფერს ქრონობიოლოგია სწავლობს. დროის ბიოლოგია სულ უფრო აქტიურად ერთვება ადამიანის სამსახურში, რადგან რიტმი, სიცოცხლის განმსაზღვრელი ფაქტორი, ადამიანს თუკი აერია, ის ავადდება. ბევრს განუცდია ძილის რიტმის დარღვევა დიდსა თუ მცირე ასაკში. როცა ძილის დროს ვერ გძინავს და დღისით დაღლილი ხარ, ანუ გეძინება, ცხოვრება ძნელდება. რიტმის დარღვევა შეუმჩნევლად ხდება, მისი აღდგენა კი იოლი არაა. ავსტრიაში არსებული არაინვაზიური დიაგნოსტიკის ინსტიტუტის თანამშრომლები, ფსიქოლოგები და ბიოლოგები, გარდა იმისა, რომ ძილსა და რიტმებს სწავლობენ, როგორც ორგანიზაციის დასახელებიდან ჩანს, ჩაურევლობის პრინციპით, შეიმუშავებენ მეთოდებს იმისათვის, რომ დაეხმარონ ადამიანებს, აღიდგინონ დარღვეული რიტმი. ამ ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი ვინცენტ გროტე რიტმის სასიცოცხლო დანიშნულებაზე ლაპარაკობს, ლაპარაკობს იმაზე, რომ რიტმი ადამიანისთვის ძალაა.

(გროტეს ხმა) “მარტივად რომ ვთქვათ, რიტმი სიცოცხლე და ენერგიის დაზოგვაა. განსხვავებით მანქანისაგან, რომელმაც მუდმივად ერთ ტაქტში უნდა იმუშაოს, ადამიანისთვის კარგია, როცა რიტმი იცვლება. რიტმის სიხშირის მომატებითა და შემცირებით, რაც ერთმანეთთანაა დაკავშირებული, იზოგება ენერგია. ენერგიის დაზოგვა კი ადამიანის რესურსს ზრდის.”

ჩვენი თანამოსაუბრე რიტმის სახეებზე საუბრობს და ამბობს, ადამიანს, ძილისა და სიცოცხლის რიტმის გარდა, სხვა სახის რიტმებიც ახასიათებს და, თანაც, ძილს საკუთარი რიტმი აქვსო.

(გროტეს ხმა) “ულტრაბიანურს უწოდებენ რიტმს, რომელიც ძილს, მის 90 წუთიან სიზმრისა და ღრმა ძილის ფაზებს მართავს. ძილის გარდა, არსებობს სიფხიზლის რიტმები. ყველაზე ცნობილი მაგალითია შუადღის დაღლილობის ფაზა; ასევე ცნობილია ცენტრალური ნერვული სისტემის მახასიათებელი სწრაფი რიტმები; სხვადასხვა პერიოდები აქვს ჰორმონალურ და იმუნოლოგიურ საფუძველზე დამყარებულ რიტმებს - ამის მაგილითი ტკივილის შეგრძნებაა, რომელიც სხვადასხვა დროს სხვადასხვაა. ასევე კონცენტრაცია, რომელიც დღის მონაკვეთზეა დამოკიდებელი.”

აქვე უნდა ითქვას, რომ ადამიანის რიტმი დაბადების შემდეგ განვითარებას განიცდის. თავიდან ის 4-საათიანია; შემდეგ კი, ზრდასთან ერთად, შეიმუშავებს 24 თუ 25 საათიან რიტმს.
ცნობილია, რომ წელიწადის რიტმი, ანუ მზის გარშემო დედამიწის შემოვლის დრო და დღე-ღამის დამოკიდებულება, პირდაპირაა დაკავშირებული ადამიანის სუნთქვისა და გულის ცემის რიტმთან. ასეთი კანონზომიერება არაერთია ბუნებაში, მაგრამ ადამიანი ამას ფხიზლად არ აღიქვამს და მისდევს რიტმს, როგორსაც მას ცხოვრებ უკარნახებს. ჩვენი თანამოსაუბრე ამბობს, ადამიანი ყოველთვის ამგვარ რიტმებში ცხოვრობდა, გარეგან თუ შინაგან რიტმებში, რომელთაც არასოდეს ცნობიერად არ აღიქვამდაო. მაგრამ დღეს მას უამრავი საშუალება აქვს იმისათვის, რომ უგულებელყოს ეს რიტმები. ასეთია ხელოვნული შუქი ან, თუნდაც, ყავა თუ სხვა გამომაფხიზლებელი ან დამამშვიდებელი საშუალება, რაც ამ ბუნებრივი რიტმების წინააღმდეგ ბრძოლის გზას წარმოადგენს. სხვადასხვა რიტმებით ცხოვრობენ ადამიანები დედამიწის სხვადასხვა რეგიონში. ცნობილია სამხრეთელების მიდრეკილება დაისვენონ შუადღისას - ამას “სიესტას” უწოდებენ. ჩრდილოეთში დილით ადრე დგებიან, მაგრამ მალევე ამთავრებენ საქმეს და ა.შ. ჩვენი თანამოსაუბრე ადამიანის ორგანიზმზე რიტმის წინააღმდეგ ამგვარი ბრძოლის უარყოფითი ზემოქმედების შესახებ ლაპარაკობს და ამბობს, რომ ორგანიზმი სუსტდება, როცა ირღვევა რიტმი. ამას ყველაზე ხშირად შეხვდებით ცივილიზებულ ქვეყნებში, სადაც გავრცელებულია ისეთი დაავადებები, როგორიცაა უძილობა ან დეპრესია. ვინცენტ გროტეს კიბოს მაგალითი მოჰყავს:

(გროტეს ხმა) “ცნობილია, რომ სანამ ადამიანი კიბოთი დაავადდებოდეს, სანამ ადამიანი შეძლებდეს ამის აღქმას, სხეულის რიტმები უკვე დარღვეულია. ეს ხშირად შეიმჩნევა. ასე რომ, სანამ ავადმყოფობას შევიგრძნობთ, სხვადასხვა ორგანოსა და სისტემათა რიტმულობის დარღვევა ამაზე უკვე მიანიშნებს ხოლმე.”

ასე რომ, - განაგრძობს ავსტრიელი ფსიქოლოგი, - რიტმულობის დარღვევით დაავადებათა წინასწარ დადგენა შეიძლება. ადამიანმა უნდა მიაქციოს ყურადღება თავის რიტმებს, არ უნდა იმოქმედოს საკუთარი ორგანიზმის, საკუთარი ჯანმრთელობის წინააღმდეგ.

(გროტეს ხმა) “პირველი, რაც ადამიანს უნდა ვასწავლოთ (ის, რაც დაკარგულია), ყურადღების განვითარებაა, საკუთარი სხეულის აღქმაა. ადამიანმა უნდა შეიგნოს, რა მოჰყვება, რა საფრთხე ემუქრება მას, როცა საკუთარი რესურსების წინააღმდეგ მოქმედებს. შესაბამისად, მეთოდოლოგია, რომელიც ადამიანის რიტმების დარღვევას სწავლობს, საშუალებას იძლევა მივაგნოთ პირებს, რომლებიც პოტენციურ რისკის ჯგუფებს მიეკუთვნებიან. ამის შედეგად, შეგვიძლია დროულად, სანამ დაავადება გაჩენილა, სხვადასხვა ზომებს მივმართოთ.”

ვინცენტ გროტეს თანახმად, რიტმის დარღვევის დადგენით შეიძლება ასევე კონკრეტული დაავადებების ამოცნობა და, შემდეგ უკვე, რიტის აღდგენის მიმართულებით მუშაობა და მკურნალობის გაწევა.

ნუ დაირღვევთ რიტმს, მაგრამ ნურც ჩამორჩებით მას - რიტმი სიცოცხლეა!

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG