Accessibility links

logo-print

სოხუმში დატყვევებული ქართველი სტუდენტების გათავისუფლების დეტალები უცნობი რჩება


3 მაისს აფხაზთა მხარის მიერ გათავისუფლებულ სტუდენტებს - ლევან ღაჭავას, ივერი ყორშიასა და კობა რიგვავას - თბილისში სამედიცინო შემოწმება ჩაუტარეს.

სტუდენტები თავს კარგად გრძნობენ, 4 მაისს, საღამოსთვის, მათ უკვე ოჯახებში, ზუგდიდში, ელოდებოდნენ. სტუდენტების გათავისუფლების დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს საქართველოს მხარეც და აფხაზთა მხარეც. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს ვერსიას, რომლის თანახმადაც, სტუდენტები, შესაძლოა, გალის რაიონის დე ფაქტო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეში, დავით სიგუაში, გაიცვალნენ. გაცვლის ფაქტს გამორიცხავს გალის რაიონში აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელი რუსლან ქიშმარიაც.

3 მაისს სოხუმის ციხიდან გათავისუფლებული ქართველი სტუდენტები ენგურის ხიდამდე პირადად გალის რაიონში აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელმა რუსლან ქიშმარიამ მიაცილა. ჩვენ სწორედ რუსლან ქიშმარიას ვთხოვეთ განემარტა, რა პირობით და როგორ მოხდა სტუდენტების გათავისუფლება.

[რუსლან ქიშმარიას ხმა] "უბრალოდ, გავუშვით და ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მხარეც გამოიჩენს კეთილ ნებას. ამაში დავით სიგუას გათავისუფლებას ვგულისხმობ, ვიცით, რომ ის მაქეთ არის. იმედია, მანდაც გამოჩდებიან ნორმალური ადამიანები და გაათავისუფლებენ მას."

რუსლან ქიშმარიამ სისულელე უწოდა გავრცელებულ ვერსიას იმის თაობაზე, თითქოს სტუდენტების გათავისუფლება მიხეილ სააკაშვილისა და სერგეი ბაღაფშის სატელეფონო საუბრის შემდეგ მოხდა:

[რუსლან ქიშმარიას ხმა] “ამის შესახებ არაფერი ვიცი, არც მსმენია. სისულელეა, მერწმუნეთ...”

“სტუდენტების გათავისუფლება აფხაზთა მხარის კეთილი ჟესტი იყო, ველით თანმხვედრ ნაბიჯს საქართველოსგან, კერძოდ, გალის რაიონის საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლის დავით სიგუას გათავისუფლებას“, - განაცხადა 4 მაისს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა. მან ისიც თქვა, რომ სტუდენტების გათავისუფლებასთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციების თხოვნა გაითვალისწინა. ბაღაფშმა გააკრიტიკა საქართველოს პრეზიდენტი, თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილმა აფხაზთა მხარის კეთილი ნება პიარისთვის გამოიყენა. "მიხეილ სააკაშვილმა უნა გაითვალისწინოს, რომ, ბოლოს და ბოლოს, აღარ ეყოფა ღირსების მედლები აფხაზეთის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის დაკავებული და გათავისუფლებული საქართველოს მოქალაქეების დასაჯილდოებლად."

შეგახსენებთ: სოხუმის ციხიდან გათავისუფლებული სტუდენტები მიხეილ სააკაშვილმა 3 მაისს ღირსების მედლებით დააჯილდოვა.

საქართველოს მხარე სტუდენტთა გათავისუფლების დეტალების მოკლე განმარტებით შემოიფარგლება. ერთადერთი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს სამი ქართველი სტუდენტის გაცვლას ვინმე დავით სიგუაში, იქიდან გამომდინარე, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ის არ დაუკავებია. თავისი ვერსია აქვს კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილს. მისი თქმით, ღაჭავას, ყორშიასა და რიგვავას გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკება 4 დღის მანძილზე მიდიოდა. აფხაზთა მხრე ითხოვდა ინფორმაციას გალის რაიონის დე ფაქტო საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლის დავით სიგუას შესახებ და სტუდენტებიც ინფორმაციის მიღების შემდეგ გაათავისუფლა. ზაქარეიშვილის ვერსიით, საქართველოს მხარემ დაუდასტურა სოხუმს, რომ ფლობს ინფორმაციას სიგუას შესახებ. ასეა თუ ისე, 3 ქართველი სტუდენტის ტყვეობა სოხუმში, როგორც იქნა, დასრულდა. 3 მაისს სოხუმიდან თბილისში გადმოყვანილმა ერთ-ერთმა სტუდენტმა პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ გათავისუფლება მისთვის და მისი მეგობრებისთვის მოულოდნელი იყო:

[ერთ-ერთი სტუდენტის ხმა] “მოულოდნელი იყო, არ ველოდით. ჯერ გაგვასამართლეს და მერე გამოგვიშვეს."

ლევან ღაჭავა, ივერი ყორშია და კობა რიგვავა გალის რაიონში 1 მარტს დააკავეს. ახალგაზრდები იქ ადგილობრივ მოსახლეობას ეგრეთ წოდებული საპარლამენტო არჩევნების ბოიკოტისკენ მოუწოდებდნენ. ქართველი სტუდენტები სოხუმში საზღვრის უკნონო დარღვევის ბრალდებით გაასამართლეს და ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. 1 მარტიდან მოყოლებული, საქართველოს მხარე სტუდენტების უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებას მოითხოვდა, აფხაზთა მხარე კი სტუდენტების გათავისუფლებისთვის დავით სიგუას გათავისუფლებას ითხოვდა. ის 3 თებერვალს გალის რაინიდან გაიტაცეს და აფხაზთა მხარემ მის გატაცებაში საქართველოს სპეცსამსახურები დაადანაშაულა. სიგუას გათავისუფლებას სოხუმში აქამდე თბილისთან მოლაპარაკებების განახლების ერთ-ერთ პირობად ასახელებდნენ. მოთხოვნა ძალაში რჩება, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მხარე კატეგორიულად უარყოფს დავით სიგუას გატაცებასა და დაკავებაში მონაწილეობას.
XS
SM
MD
LG