Accessibility links

logo-print

კულტურული დაპირისპირება თურქეთის მოსახლეობის პრობლემაა


ვინ გახდება თურქეთის მომავალი პრეზიდენტი? სწორედ ამ შეკითხვას უკავშირდება ბოლო დღეების მღელვარება, რომელიც თურქეთის მმართველ, ისლამისტური ფესვების მქონე პარტიასა და

გავლენიანი სამხედრო წრეებით მართულ სეკულარულ ოპოზიციას შორის დაპირისპირებით გამოიხატა. არსებობს კიდევ ერთი გარემოება, რომელიც ამ დაძაბულობის ფონზე იკვეთება და რომელიც, თავის მხრივ, ასაზრდოებს კიდეც დაძაბულობას. ეს არის მკვეთრი კულტურული განსხვავება, ერთი მხრივ, ძირითადად, ღარიბ, პროვინციელ კონსერვატორებსა და, მეორე მხრივ, დასავლური ცხოვრების სტილის მიმდევარ ქალაქელებს შორის.

ისლამური თავსაბურავი თუ მოკლე მაისური? – მოკლედ რომ ვთქვათ, დაახლოებით ასეთია არჩევანი, რომელმაც თურქეთი ვადამდელი საყოველთაო არჩევნების დანიშვნამდე მიიყვანა. 22 ივლისს დაგეგმილ არჩევნებს სწორედ ასეთ ჭრილში განიხილავს ანკარაში მოღვაწე ანალიტიკოსი, ბრიტანელი დევიდ ბარჩარდი:

(დევიდ ბარჩარდის ხმა) "სავსებით მოსალოდნელია, რომ არჩევნები დაემსგავსოს პლებისციტს იმასთან დაკავშირებით, უფრო რელიგიური უნდა იყოს საზოგადოება, თუ – არა... და მოსალოდნელია ისიც, რომ უმრავლესობის პასუხი დადებითი იყოს. შედეგად, სამართლიანობისა და განვითარების პარტია გაიმარჯვებს."

საყოველთაო არჩევნები თურქეთში 4 ნოემბრისთვის იყო დანიშნული. ვადაზე ადრე მისი გამართვის წინადადება პრემიერ-მინისტრმა რეჯებ ტაიპ ერდოანმა მას შემდეგ წამოაყენა, რაც ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლომ ბათილად ცნო პარლამენტში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების პირველი რაუნდი. საქმე ის გახლავთ, რომ სეკულარულმა ოპოზიციამ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა და, შედეგად, კენჭისყრისას, კვორუმი არ შედგა. ბოიკოტის მიზეზი გახდა სეკულარული ფრთის შიში იმასთან დაკავშირებით, რომ მთავრობის მიერ დასახელებული კანდიდატი, ამჟამად საგარეო საქმეთა მინისტრი აბდულა გიული ქვეყანას ისლამისტური კანონების ჩარჩოებში მოაქცევს. გიულის წინააღმდეგ სტამბuლის ქუჩებში გასულ კვირას დაახლოებით მილიონი ადამიანი გამოვიდა. პარალელურად, გავლენიანი სამხედრო წრეები დებდნენ პირობას, რომ ყველაფერს გააკეთებდნენ სეკულარიზმის დასაცავად.

გიული ყოფილი ისლამისტია, ხოლო მისი ცოლი დღემდე ატარებს თავსაფარს. ეს კი, სეკულარული თურქეთისთვის მთავარ ტაბუდ მიიჩნევა.

სეკულარული ფრთის მასობრივი პროტესტის მიუხედავად, სამართლიანობისა და განვითარების პარტია, ისევე როგორც მისი ლიდერი რეჯებ ტაიპ ერდოანი, განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს თურქეთში. ბარჩარდი მიიჩნევს, რომ ეს პოპულარობა, ძირითადად, თურქეთის პერიფერიებში მცხოვრები ანდა დიდ ქალაქებში (მათ შორის სტამბuლში) ახლახან ჩამოსული ხალხის დამსახურებაა.

პარალელურად, თურქეთში აშკარად არსებობს დასავლური ყაიდის ცხოვრების სტილი. ბარჩარდი ამბობს, რომ ხალხს, განსაკუთრებით – ქალებს, ბუნებრივი თავისუფლება სურთ:

(დევიდ ბარჩარდის ხმა) "ჩემი შეხედულებით, მართალია, ზოგჯერ ისინი ზედმეტად მუქ ფერებში ხატავენ სიტუაციებს, აზვიადებენ და ზოგჯერ ისტერიკულადაც აღიქვამენ, მაგრამ ეს ბუნებრივი შეშფოთებაა. მათ არ უნდათ არაბული სამყაროს მსგავს საზოგადოებაში ცხოვრება. მათ სურთ იცხოვრონ უფრო ევროპული ყაიდის საზოგადოებაში და არ სურთ აღმოჩნდნენ ისლამისტური კანონების ტყვეობაში, იღებდნენ ისლამისტურ განათლებას და ასე შემდეგ... ასეა თუ ისე, ამ ხალხს სურს რომ თურქეთი სეკულარულ ქვეყნად დარჩეს."

ანალიტიკოსი დარწმუნებულია, რომ სეკულარიზმის მომხრეები მხოლოდ ქალაქელ სნობებს არ წარმოადგენენ. მათ შორის არის პროვინციაში დამკვიდრებული წესებით მცხოვრები ხალხი, ბევრია რელიგიურიც და მეჩეთსაც ხშირად სტუმრობს. მაგრამ განსხვავება ის არის, რომ მათ სხვაგვარად ესმით რელიგიის როლი საზოგადოებაში.

რადიო ”თავისუფლების" ყირგიზული სამსახურის თურქი კორესპონდენტი ჰაკიმ ოზგენი მიიჩნევს, რომ ქალაქელებსა და პროვინციელებს შორის რეალური ბარიერი არსებობს და რომ ერდოანის პოპულარობა, ძირითადად, ქალაქში ახლად ჩამოსული მოსახლეობის შექმნილია. ის ამბობს, რომ ეს კატეგორია კვლავაც ამყარებს იმედს ერდოანზე. უფრო მეტიც, ეს კატეგორია ფიქრობს, რომ ერდოანს, ერთხელ უკვე ნასამართლევს ისლამისტური რწმენისათვის, ქვეყნის ხელისუფლება და სამხედრო მაღალჩინოსნები უსამართლოდ მოექცნენ:

(ჰაკიმ ოზგენის ხმა) "ხელისუფლებაში მის მოყვანას ხალხის რეაქცია დაედო საფუძვლად. მათ შორის იყვნენ რელიგიურებიც, მაგრამ უმთავრესი მაინც იყო ის, რომ რეჯებ ტაიპ ერდოანს სტამბულის მერობის დროს მიეცა შანსი მოეპოვებინა ანატოლიიდან ჩამოსული ხალხის მხარდაჭერა და ხმები."

ასეა თუ ისე, ერდოანი და მისი მმართველი პარტია კვლავაც გამარჯვების მოლოდინშია. თურქეთის ამჟამინდელი ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ ქვეყნის მართვის სადავეების კიდევ 5 წლით შენარჩუნებას შეძლებს. გამარჯვების რწმენა იმდენად ძლიერია, რომ სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ წამოაყენა წინადადება, პრეზიდენტი ხალხმა პირდაპირი წესით აირჩიოს. თუმცა, პოლიტიკური ოპოზიციის განცხადებით, კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა უკვე ძალიან დაგვიანებულია.
XS
SM
MD
LG