Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოველკვირეული პროგრამა


694-ე გამოშვება

ბიძინა რამიშვილი:
ძვირფასო რადიომსმენელებო. გთავაზობთ რადიოჟურნალ "მეათე სტუდიის" მორიგ გამოშვებას. დღეს ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს საზოგადოებრივი ტელევიზია; მოგითხრობთ ბაქოში გამართულ ერთ ფორუზე, რომელზიც ეხებოდა მედიის როლს ტოლერანტობისა და ურთიერთგაგების განვითარებაში; შემოგთავაზებთ მასალას დიმიტრი ყიფიანზე, რომელიც საქართველოს მართლმადიდებლელი ეკლესიის სინოდმა ახლახან წმინდანად შერაცხა; გადაცემას დავასრულებთ სიუჟეტით ვენის ოპერაში განხორციელებული ერთი დადგმის შესახებ, რომელშიც ქართველი სოპრანო მონაწილეობდა.

პრაღაში პროგრამას უძღვება ბიძინა რამიშვილი.


როგორი უნდა იყოს საზოგადოებრივი ტელევიზია

ბიძინა რამიშვილი:
მაისში საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა საქართველოს პარლამენტს 2-წლიანი მუშაობის ანგარიში უნდა ჩააბაროს. ყოფილი სახელმწიფო ტელევიზიის მუშაობის მიმართ საპარლამენტო ოპოზიცია საკმაოდ კრიტიკულადაა განწყობილი. მაგალითად, ახალი მემარჯვენეები თვლიან, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან საკმაოდ სოლიდური დაფინანსების მქონე ტელევიზია უფრო ”ყურებადი” და ობიექტური უნდა იყოს. როგორო საზოგადოებრივი ტელევიზია უნდა მაყურებელს - ამ თემაზე თამარ ჩიქოვანი ისაუბრებს.


თამარ ჩიქოვანი:
რას ელის საქართველოს ტელემაყურებელი საზოგადოებრივი მაუწყებლისგან - ამის დასადგენად 2006 წლის ოქტომბერში 3 500 ადამიანი გამოიკითხა. საინიციატივო ჯგუფისა და სოციალური კვლევის ინსტიტუტის მიერ კვლევის შედეგად მომზადებული დოკუმენტი საკმაოდ დიდია - დაახლოებით 100 გვერდი. კვლევის საკითხები საკმაოდ ფართო იყო - დაწყებული იმით, თუ როდის უყურებენ საქართველოში ტელევიზორს საზოგადოებრივ ტელევიზიაში მიმდინარე რეფორმებადმი არსებული მოლოდინით დამთავრებული. ფსიქოლოგი გაგა ნიჟარაძე, რომელიც კვლევის ერთერთი ავტორია, საზოგადოებრივი ტელევიზიის იდეას განმართავს:

[ გაგა ნიჟარაძის ხმა] ” საზოგადოებრივი ტელევიზიის იდეაა, რომ არ იყოს ორიენტირებული სენსაციაზე, კომერციასა და მოგებაზე, არამედ შეძლებისდაგვარად დააკმაყოფილოს საზოგადოების ყველა ფენა - ეს იქნება უმცირესობა, უმრავლესობა, მათალი ან დაბალი განათლების მქონე ადამიანები და ა.შ. ამის გამო ვერ იქნება ისეთი რეიტინგული, როგორც სხვა კომერციული არხები.

[ ჟურნალისტის ხმა] ”თუმცა, რაღაც რეიტინგი მაინც უნდა ჰქონდეს, ვიღაც ხომ უნდა უყურებდეს...

[ გაგა ნიჟარაძის ხმა] ” ბუნებრივია, მაგრამ საქმე რაშია - თუ მე ვუშვებ გადაცემას, რომელიც საინტერესოა რაღაც სოციალური ჯგუფისთვის, რომელიც ითვლის 5 ათას ადამიანს, ეს ნიშნავს, რომ დანარჩენი საქართველო ამას არ უყურებს, სხვა არხზე აქვს გადართული და, რეიტინგი, ბუნებრივია ეცემა. და იმ 5 ათასი ადამიანის ინტერესი აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული. როგორ მოხერხდება ეს, ძნელი სათქმელია, მაგრამ იდეა ასეთია.”

რა სურვილი გამოიკვეთა კვლევისას - გაგა ნიჟარაძე მხოლოდ რამდენიმეზე ამახვილებს ყურადღებას:

[ გაგა ნიჟარაძის ხმა] ”მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულებაა სერიალების მიმართ - ბევრიაო. დაახლოებით 60 პროცენტს სურს, რომ სერიალების რაოდენობა შემცირდეს. ბევრი სფეროა, რომლის გადიდების სურვილია - იყოს მეტი საგანმანათლებლო გადაცემა, მეტი სპორტი, მეტი რეალითი შოუ, მეტი ანალიზი და მეტი ჟურნალისტური გამოძიება სურთ. მაგრამ, ამასთან ერთად, ერთი მნიშვნელოვანი და დამაფიქრებელი შედეგი მივიღეთ - დიდ უმრავლესობას სურს მხოლოდ საქართველოთი იყოს შემოფარგლული ყველა ტიპის გადაცემა - პოლიტიკურიც, საგანმანათლებლოც, გასართობიც. ნაკლებად აინტერესებთ, რა ხდება მსოფლიოში.”

იმ პირობებში, როცა საქართველო ევროპული ინტერგაციის მზადყოფნას გამოთქვამს, ასეთი ტენდენცია მართლაც ახსნას მოითხოვს. ხომ არ შეიძლება ეს საზოგადოებრივი მაუწყებლის მაყურებელთა სოციალური კუთვნილებით აიხსნას. და საერთოდ, როგორ ირჩევს მაყურებელი სატელევიზიო არხს. უფრო ზუსტად, რომელ არხს როგორი მაყურებელი ჰყავს - გაგა ნიჟარაძე ამბობს:

[ გაგა ნიჟარაძის ხმა] ”რუსთავი 2-ს ნაკლებად განათლებული ხალხი არჩევს - ეს ტენდენციაა. საკმაოდ სუსტი, მაგრამ გამოკვეთილი. საზოგადიოებრივ მაუწყებელს უფრო ასაკოვანი ხალხი უყურებს და, ალბათ, ეს გასაგებია - ამ ასაკის ხალხს ინერციით მეტი ნდობა აქვს სახელმწიფო არხის მიმართ. ”იმედს” მეტი ქალები უყურებენ, ვიდრე კაცები.”

და მაინც, როგორია იდეალური ტელევიზია. ამ კითხვას ერთერთი ახალგაზრდა ტელემაყურებელი მარტივად განმარტავს:

[ გოგონას ხმა] ” ჩემთვის იდეალური ტელევიზია იქნება ისეთ, სადაც კარგი გადაცემები დაბალი რეიტინგის გამო არ დაიხურება. შეიძლება მასა არ უყურებდეს, მაგრამ უყურებდნენ ის ადამიანები, რომლებმაც გადაწყვიტეს, ტელევიზორს არ უყურონ, რადგან მათთვის საინტერესო გადაცემები არ არის ეთერში.”


სიტყვის მნიშვნელობისა და თავისუფლების შესახებ...

ბიძინა რამიშვილი:
რამდენიმე დღის წინ, აზერბაიჯანში დიდი და წარმომადგენლობითი ფორუმი გაიმართა - ,,მედიის როლი ტოლერანტობისა და ურთიერთგაგების განვითარებაში”. იმ დღეებში, ბაქოში მართლაც გადაიკვეთა აღმოსავლეთისა და დასავლეთის გზები. მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან ჩამოსული ჟურნალისტები, პოლიტიკოსები და საზოგადო მოღვაწეები ცდილობდნენ გულწრფელად ესაუბრათ იმ პრობლემებზე, რომლებიც მრავალფეროვან და მღელვარე მსოფლიოში დაგროვდა, ცდილობდნენ უშუალო საუბრებით მიეცათ მაგალითი დიალოგისთვის კულტურათა და ცივილიზაციათა შორის, რომელთაც ისინი წარმოადგენდნენ. და რადგან მთავარი თემა ამ დიალოგის წარმართვისათვის მედიის როლი იყო, კონფერენციაზე საუბარი თანამედროვე ჟურნალისტიკის ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემებსაც შეეხო. უფრო მეტს ამ შეხვედრების შესახებ, მარინა ვაშაყმაძე გიამბობთ.

მარინა ვაშაყმაძე:
,,ტოლერანტობა” ,,ცივილიზაციათა დიალოგი” რაღაც ბრტყელ სიტყვებად გადაიქცა. უფრო სწორად, ლოზუნგებად, რომლებიც კარგია,
და სწორია
და უნდა თქვა...
მაგრამ მხოლოდ ეს სიტყვები და ჭკვიანური ლაპარაკები ამ თემაზე მაინც ყოველთვის გაუცხოების გრძნობას იწვევს და თითქოს ვალის მოხდის შეგრძნებას რაღაცის ან ვიღაცის წინაშე ვისაც - არც იცნობ.
რეალურ შინაარსს ეს სიტყვები ადამინების ურთიერთობისას იძენენ.
ორი ადამიანის საუბარი, - ეს არის დიალოგი. და ბაქოშიც ზუსტად ამაზე იყო საუბარი.
სწორედ გაუცხოებასა და გაუგებრობაზე, როცა ცნობილი ექსპერტები მიყოლებით აღიარებდნენ, რა ცოტა ვიცით ერთმანეთის შესახებ.

კონფერენციას ასე ერქვა - ,,მედიის როლი ტოლერანტობისა და ურთიერთგაგების განვითარებაში”. უზარმაზარი დარბაზი მაღალი რანგის სტუმრებითა და მონაწილეებით იყო სავსე და ეს ყველაფერი თითქოს კიდევ ერთხელ უნდა ყოფილიყო წინაპირობა, მორიგი მაღალფარდოვანი ტექსტებისა და მაღალი იდეალებისადმი ვალის მოხდის.

არადა საუბარი ძალიან უშუალო გამოვიდა. ადამიანები საუბრობდნენ თავიანთი თანამოძმეების პრობლემებზე და ტკივილილებზე და ლოზუნგი რომ სტერეოტიპები უნდა დავანგრიოთ კონკრეტულ შინაარსს იძენდა. ,,ისლამი ტერორის რელიგია არ არის, ის მშვიდობისა და ტოლერანტობის რელიგიაა”. ისმოდა დარბაზში და კიდევ ისმოდა გულამოსკვნილი: ,,რატომ დაამკვიდრეთ ტერმინი ,,ისლამური ტერორიზმი, ჩვენც გვძულს ტერორი, განა ვინმეს მოუვა თავში ქრისტიანული ტერორიო თქვას”...

თურმე ტერმინების გაგებაც გარკვეულად სტერეოტიპია. რას ნიშნავს მაგალითად ,,ტოლერანტობა”.

მასანორი ნაიტომ, ჰიტოცუბაშის უნივერსიტეტის პროფესორმა თქვა, რომ ამ სიტყვის განმარტება მუსულმანურ სამყაროში სრულიად განსხვავდება მისი ევროპული გაგებისაგან. ევროპაში ეს ტერმინი სხვათა მშვიდად ატანას და მოთმენას ნიშნავს. თურქულად კი ტოლერანტობა ,,ხოშგურუ” - სხვათა ,,გულგახსნილ და გულთბილ ხედვას” ნიშნავს... იგივე მნიშვნელობა აქვს ამ სიტყვას თურმე იაპონურშიც და იგი ასე ჟღერს:

[მასანორი ნაიტოს ხმა] ,, იცოდე ადამიანის ბუნება, ადამიანური ღირსება... უნდა იყოს პირველი ნაბიჯი ურთიერთგაგებისა. შესაძლოა თქვენ, საქართველოში, რომელსაც ძალზე რთული ისტორიული გამოცდილება აქვს კავკასიის რეგიონში, თქვენ ყველაზე იოლად გაიგებთ რაზეც მინდოდა საუბარი”.

მთელი ეს საუბარი კი მედიას უკავშირდებოდა.

[ნაზირ აჰმედის ხმა] ,,ეს კონფერენცია ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანი იყო, რადგან ის არის როლზე, რომელიც მედიამ შეიძლება შეასრულოს სხვადასხვა საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის ტოლერანტობისა და გაგების, დიალოგის წარმართვაში.”

მითხრა ლორდმა ნაზირ აჰმედმა, ლორდთა პალატის წევრმა და ბრიტანეტის პირველმა მუსულმანმა პერმა.

ამ საუბრებს ეთიკურ ჟურნალიზმზე მსჯელობა მოჰყვა. ბუნებრივი იყო... ისეთ მტკივნეულ და მღელვარე თემებს ეხებოდნენ თავიანთ საუბრებში მონაწილეები. მაგრამ იქვე ისმოდა კითხვა, ,,თუ ყველაფერთან დაკავშირებით ფრთხილად ვიქნებით ხომ არ შელახავს ეს სიტყვის თავისუფლებას?”

[ტერი დევისის ხმა] ,,რაც ჩვენ გვჭირდება, ეს არის გამოვიყენოთ გამოხატვის თავისუფლება, უერთიერთპატივისცემითა და ცივილიზებული სახით - იმისათვის რომ მშვიდობიან თანაარსებობას მივაღწიოთ სხვადასხვა ხალხსა თუ საზოგადოებრივ ჯგუფს შორის. ეს ფუნდამენტური თავისუფლება არ უნდა იყოს გამოყენებული შუღლისა და დაპირისპირების ხელშესაწყობად. ჩვენ ყველანი უნდა დავეთანხმოთ და პატივი ვცეთ ფაქტს, რომ სხვებს შესაძლოა განსხვავებული შეხედულებები ჰქონდეთ... და მათ აქვთ უფლება გამოხატონ ისინი,” თქვა ტერი დევისმა, ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა.

ხანდახან ამგვარი ფრაზებიც გაკვალული გზის გამეორება გგონია. განსაკუთრებით ჩვენს სამყაროში როცა ამაზე ამდენს ვლაპარაკობთ. მაგრამ ასეთ შეხვედრებზე, შეიძლება მაგალითად, ვიეტნამელი ჟურნალისტის ჩან კუან ვინის, ამგვარი გულწრფელი აზრიც მოისმინო:

[ჩან კუან ვინის ხმა] ,, თვით გაგება ,,სიტყვის თავისუფლება” სხვადასხვაგვარად ესმით სხვადასხვა ქვეყანაში. ამერიკაში სხვაგვარად ესმით, ვიეტნამში სხვაგვარად, ვიეტნამის კონსტიტუციის მიხედვით, ჩვენ გვაქვს რელიგიის თავისუფლება და სიტყვის თავისუფლება. მაგრამ ვიეტნამელებს ოდნავ სხვანაირად ესმით სიტყვის თავისუფლება. თავისუფლება მაგრამ გარკვეული ფორმით გარკვეულ საზღვრებში. ამიტომ აბსოლუტური თავისუფლება, როგორც ეს ამერილკელებს წარმოუდგენიათ ჩვენთან არ არსებობს. ჩვენთან თავისუფლება გარკვეულ რეჟიმშია.”

სიტყვის თავისუფლება ,,რეჟიმში” აღარ არის მაგალითად, უკრაინაში. მაგრამ იგორ სლისარენკომ, ,,5Kanal TV”-ს ჟურნალისტმა მითხრა, რომ სიტყვის თავისუფლებაც კი არ არის საკმარისი, ამ სიტყვის მთქმელი უნდა იყოს გარანტირებულად დაცულიო.

[იგორ სლისარენკოს ხმა] ,,ჩვენთან, უკრაინაში სიმართლე, სიტყვის თავისუფლება, სისხლით არის გადახდილი. იგივე გია ღონღაძის სისხლით. ჩვენთვის ეს არის მუდმივი...… არ მინდა ბანალური სიტყვა ტკივილი ვიხმარო... მაგრამ უკრაინელი ჟურნალისტებისთვის ეს არის სისხლხორცეული აუცილებლობა, რომ ამ საქმის გამოძიება ბოლოს და ბოლოს დამთავრდეს. რომ გამოვლინდნენ არა მხოლოდ უბრალოდ შემსრულებლები, არამედ ნამდვილი დამნაშავეები და სასამართლოს წინაშე წარსდგნენ. სწორედ მაშინ გაჩნდება ჩვენში სიტყვის თავისუფლების გარანტია, ჟურნალისტის უსაფრთხო მუშაობის გარანტია.

დღეს ჩვენ ვამბობთ და ეს სამართლიანად იყო აღნიშნული ევროპის საბჭოში, რომ დიახ, დემოკრატიული მიღწევები არის, სიტყვის თავისუფლებაც მათ შორის. - მაგრამ გარანტიები არ არის...”

კონფერენციაზე საუბარი განათლების პრობლემასაც შეეხო. UNESCO - ს კომუნიკაციისა და ინფორმაციის გენერალური დირექტორის მოადგილე მოგენს შმიდტი ჟურნალისტურ განათლებასა და წიგნებზე საუბრობდა. ურიგო არ იქნებოდა საქართველოშიც გვქონდეს ეს წიგნები.

[მოგენს შმიდტის ხმა] ,,ამ დღეებში, უფრო სწორად დღეს... უნივერსიტეტების ლექტორთა ჯგუფი პარიზში იკრიბება, რომ განიხილოს ეს საკითხები და მომავალ თვეში კიდევ რამდენიმე წიგნი და სახელმძღვანელო დაიბეჭდება, უკვე მზა სახელმძღვანეოებიც გვაქვს და ძალზე მოხარული ვიქნები რომ ისინი თბილისში რადიო თავისუფლებაში გამოვაგზავნო,” სიამოვნებით გამოგვეხმაურა მოგენს შმიდტი.

ბაქოში წვიმდა... მაგრამ ამის გამო მაინც და მაინც გილდაწყვეტილი არავინ ჩანდა. საღამოობით, კონფერენციაზე ჩამოსული მილეთის ხალხი, ძველი ბაქოს პატარა ჩაიხანებში ინაცვლებდა და საუბარს აგრძელებდა...
მთავარი ღირებულებები და ბანალური ჭეშმარიტება - ამქვეყნად არაფერია ადამიანურ ურთიერთობებზე მნიშვნელოვანი...


დიმიტრი ყიფიანი წმინდანად შერაცხეს

ბიძინა რამიშვილი:
გასულ კვირას საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდმა წმინდანად შერაცხა მეცხრამეტე საუკუნის საზოგადო მოღვაწე დიმიტრი ყიფიანი. სინოდის გადაწყვეტილებით ამიერიდან მართლმადიდებლური ეკლესია, 1886 წელს სტავროპოლში დღემდე გაურკვეველ ვითარებაში მოკლულ ქართველ მოღვაწეს, ”სამშობლოსათვის წამებულ წმინდა დიმიტრი ყიფიანად” მოიხსენიებს. რა დაედო საფუძვლად სინოდის ამ გადაწყვეტილებას და როგორი იყო დიმიტრი ყიფიანის უკანასკნელი წლები - ამის შესახებ რადიო ”თავისუფლების” კორესპონდენტი ალექსანდრე ელისაშვილი ისაუბრებს

ალექსანდრე ელისაშვილი:
დიმიტრი ყიფიანი 1814 წელს გორის მაზრის სოფელ მერეთში დაიბადა. კეთილშობილთა გიმნაზიის დასრულების შემდეგ ამავე გიმნაზიაში მასწავლებლად გაამწესეს, თუმცა მალევე 1832 წლის შეთქმულებაში მონაწილეობის გამო ვოლოგდაში გადაასახლეს. გადასახლებაშივე განათლებულ ქართველს ადგილობრივი გუბერნიის კანცელარიაში შესთავაზეს სამსახური. 5 წლიანი გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ იგი ათწლეულების მანძილზე კავკასიის მთავარმმართებლის კანცელარიაში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. პარალელურად იყო წამომწყები უამრავი ეროვნული საქმისა. სწორედ მისი მოთავეობით დაარსდა ”ქართველთა შორის წერა კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება”, ”სათავადაზნაურო ბანკი”, ”ქართული დრამატული საზოგადოება” და სხვა. მოგვიანებით, 1876 წელს დიმიტრი ყიფიანი ტფილისის თავად აირჩიეს და სწორედ ის იყო ქალაქის პირველი არჩეული ხელმძღვანელი. ეროვნულ საქმიანობასთან ერთად დიმიტრი ყიფიანი რუსეთის იმპერიის სანიმუშო მოხელეც იყო. თუმცა ამან საბოლოოდ ვერ დაიფარა იმპერიის რისხვისაგან. როგორც ცნობილია 1886 წელს სასულიერო სემინარიიდან გარიცხული სტუდენტის იოსებ ლაღიაშვილის მიერ რექტორ ჩუდეცკის მკვლელობის გამო საქართველოს რუსმა ეგზარქოსმა პავლე ლებედევმა ლაღიაშვილის გამჩენი ქართველი ერი დასწყევლა. დაწყევლილ ერს ქომაგად უკვე ასაკოვანი დიმიტრი ყიფიანი დაუდგა და ცნობილ წერილში მან ქართველთა მაწყევარისაგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა. ისიც ცნობილია, რომ ამ სითამამეს ყიფიანისათვის რიგით მეორე, ამჯერად სტავროპოლში გადასახლება მოჰყვა, რაც ერთი წლის შემდეგ მისი მკვლელობით დასრულდა. თბილისის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის პედაგოგი ზურაბ ცხოვრებაძე დიმიტრი ყიფიანთან დაკავშირებით პირველ რიგში ილია ჭავჭავაძის მიერ ნათქვამ სიტყვებს იხსენებს:

[ზურაბ ცხოვრებაძის ხმა] ის ტვინი, რომელიც დღე და ღამ საქართველოსთვის ფიქრობდა თავზე გადმოანთხიეს, ის ხელები, რომლებიც დღედა ღამ საქართველოსთვის იღვწოდა გულზე დააკრეფინეს. ძალიან ბევრი რამ გააკეთა მან საქართველოსთვის, ეს გრძელი ჩამოსათვლელია და წმინდა სინოდის ეს გადაწყვეტილება ბუნებრივია იყო ერთსულოვანი და ძალიან დიდი სახარული მოუტანა მან მთელ ჩვენ ერს.
ზურაბ ცხოვრებაძემ ჩვენთან დაუბარში დააკონკრეტა ის მთავარი მოტივები, რითაც ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდმა დიმიტრი ყიფიანის წმინდანად შერაცხვისას, ანუ კანონიზირებისას იხელმძღვანელა:

[ზურაბ ცხოვრებაძის ხმა] იგი მთელი თავისი მოღვაწეობის მანძილზე გამოირჩეოდა თავისი მტკიცე სარწმუნოებით, სამშობლოსათვის თავდადებით და ყველა თავის მოქმედებაში მოქმედებდა უფლისა და ერის ინტერესებიდან გამომდინარე. მისი უშუალო მოკვდინება დაკავშირებული იყო ისევ და ისევ საქართველოსთვის თავდადებასთან.

ისიც სათქმელია, რომ საქართველოსთვის თავდადებულის, ახლა უკვე წმინდა დიმიტრი ყიფიანის მკვლელობის დეტალები დღემდე ბოლომდე გაურკვეველი და გამოუძიებელია. სამწუხაროდ დღემდე ქართველ მკვლევარებს ეს თემა ბოლომდე არ შეუსწავლიათ და სტავროპოლში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ისევ ზოგადი ვარაუდი და მეტნაკლებად საიმედო ვერსია არსებობს. ასევე სამწუხაროდ უკვე რამდენიმე წელიწადია მთაწმინდის პანთეონზე დიმიტრი ყიფიანის ბიუსტი დაზიანებულია და მისი აღდგენაზე ჯერჯერობით ისევ არავინ ფიქრობს. დიმიტრი ყიფიანის კანონიზირებამდე ასი წლით ადრე კი აკაკი წერეთელმა დაწერა და კომპანია ”გრამოფონის” წყალობით თაობებს შემოუნახა საკუთარი ხმით წაკითხული ლექსი, რომელიც მთაწმინდაზე დიმიტრი ყიფიანის დაკრძალვას მიუძღვნა:

[აკაკი წერეთელი კითხულობს "განთიადს"]


სიმონ ბოკანეგრა ვენის ოპერაში - ქართველი სოპრანოს მონაწილეობით

[მუსიკა]

ბიძინა რამიშვილი:
“სიმონ ბოკანეგრა”, რომლის ნაწყვეტსაც ახლა ისმენთ, ბევრ საოპერო სცენაზე არასდროს აჟღერებულა. არადა მისი ავტორი ყველა დროის ალბათ ყველაზე უფრო პოპულარული საოპერო კომპოზიტორია, თვით ჯუზეპე ვერდი. შესაძლოა, უცნაური და უჩვეულო არაფერი იყოს იმაში, რომ თუნდაც დიდი ხელოვანის ზოგი ნაწარმოები ჩრდილში მოექცეს, მაგრამ მაგალითად, ვენის სახელმწიფო ოპერაში, რომელიც მსოფლიოს წამყვან სცენებს მიეკუთვნება, “სიმონ ბოკანეგრა” ჩრდილში მოქცეული ნაწარმოების შთაბეჭდილებას ნამდვილად არ ტოვებს - ის დიდი წარმატებით და სხვათა შორის, ქართველი მომღერლის, თამარ ივერის მონაწილეობით დაიდგა. ერთ-ერთ სპექტაკლზე დასწრების შესაძლებლობა მარიამ ჭიაურელსაც მიეცა.

იხ. აუდიოვერსია

ბიძინა რამიშვილი:
თქვენ მოისმინეთ რადიოჟურნალ "მეათე სტუდიის" მორიგი გამოშვება, რომელსაც ბიძინა რამიშვილი უძღვებოდა. მომავალ შეხვედრამდე რადიო თავისუფლების ეთერში.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG