Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანელი ექსპერტი ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში სულხან მოლაშვილის მოსანახულებლად არ შეუშვეს


თბილისში საქმიანი ვიზიტით მყოფი ბრიტანელი ექსპერტი, უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია ”ინტერაითსის” ადვოკატი დინა ვედერნიკოვა

ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში შეშვებას ითხოვს კონტროლის პალატის ყოფილ თავმჯდომარესთან, სულხან მოლაშვილთან, შესახვედრად. ბრიტანელი ექსპერტი 5 მაისს ორგანიზაციაში ”კონსტიტუციის 42-ე მუხლი” მოლაშვილის ადვოკატებთან ერთად ჟურნალისტებს ესაუბრა და გაკვირვება გამოთქვა მისი მოთხოვნისადმი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გაუგებარი დამოკიდებულების გამო. რა დაბრკოლება შეექმნა თბილისში ”ინტერაითსის”ადვოკატს?

ადამიანის უფლებათა დამცველი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია ”ინტერაითსი” ამა წლის მარტიდან ჩაერთო პროექტში ”სტრატეგიული სამართალწარმოება კავკასიაში” და ამ პროექტის ფარგლებში დახმარებას უწევს ევროსასამართლოს საქმეებზე მომუშავე ქართველ ადვოკატებს. პროექტს, სახელწოდებით ”სტრატეგიული სამართალწარმოება კავკასიაში”, საქართველოში ახორციელებს ორგანიზაცია ”კონსტიტუციის 42-ე მუხლი” სწორედ ”ინტერაითსთან” და ”ნიდერლანდების ჰელსინკის კომიტეტთან” პარტნიორობით. ”ინტერაითსის” ადვოკატი, ბრიტანეთის მოქალაქე დინა ვედერნიკოვა ადვოკატებთან სოსო ბარათაშვილსა და შალვა შავგულიძესთან ერთად მუშაობს საქმეზე, რომლის განხილვაც ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში დაჩქარებული წესით უნდა მოხდეს. ვგულისხმობთ კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის, სულხან მოლაშვილის, საქმეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაკვირი არაა, რომ თბილისში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ”ინტერაითსის” ადვოკატმა პატიმართან შეხვედრა მოისურვა. შეხვედრასთან დაკავშირებით სასჯელაღსრულების დეპარტამენტს ”ინტერაითსის” პარტნიორმა ორგანიზაციამ ”კონსტიტუციის 42-ე მუხლი” წერილობით 23 აპრილს მიმართა და, როგორც ”კონსტიტუციის 42- ე მუხლის” წარმომადგენელი მანანა კობახიძე აღნიშნავს:

[მანანა კობახიძის ხმა] ”გუშინ მივიღეთ ტელეფონით არაოფიციალურად უარი, რომ დინა ვედერნიკოვა ვერ შეხვდება პატიმარს. ჩვენ არ გვაქვს წერილობითი პასუხი და არ გვაქვს არგუმენეტები იმის ასახსნელად, რატომ უთხრეს უარი ბრიტანელ ექსპერტს, ადამიანის უფლებათა დამცველს. ის წარმოადგენს საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დაცვით ორგანიზაციას.”

5 მაისს ჩვენ დავუკავშირდით სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პრესსამსახურს და ვთხოვეთ განმარტება იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ეთქვა არაოფიციალურად უარი ბრიტანელ ადვოკატს, სულხან მოლაშვილთან შეხვედრის მიზნით, ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში შესვლაზე. გვითხრეს, რომ ოფიციალური წერილობითი პასუხი არ გაცემულა. დინა ვედერნიკოვა თბილისში 7 მაისამდე რჩება და იტოვებს იმედს, რომ მისი მოთხოვნისადმი დამოკიდებულება შეიცვლება, თუმცა 4 მაისს მიღებული არაოფიციალური უარით გაკვირვებულია:

[დინა ვედერნიკოვას ხმა] ”გამიკვირდა უარის მიღება. არ გამიკვირდებოდა, ეს რომ რუსეთში მომხდარიყო - მიკვირს, რომ საქართველოში ხდება. არ ვიცი, როგორი იქნებოდა დამოკიდებულება, სხვა საქმესთან დაკავშირებით სხვა პატიმართან შეხვედრა რომ მომეთხოვა, ამაზე ლაპარაკი არ შემიძლია. მაგრამ მეჩვენება, რომ მოლაშვილის საკითხთან დაკავშირებით ხელისუფლება არაობიექტურად მოიქცა და ეს აჩვენებს მის სუბიექტივიზმს მოლაშვილის საქმესთან დაკავშირებით. ”

კონტროლის პალატის ყოფილ თავმჯდომარე სულხან მოლაშვილს 8 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის, სახელმწიფო თანხის გაფლანგვისა და მითვისებისთვის. მაგრამ მოლაშვილის ადვოკატებს მიაჩნიათ, რომ კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს სასამართლოებში არ განხილულა მოლაშვილის დაცვის მხარის მტკიცებულებები, არ დაკითხულან დაცვის მხარის მოწმეები და ექსპერტები. ადვოკატების აზრით, მოლაშვილი უკანონო პატიმარია, ხელისუფლების მხრიდან მან განიცადა პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაცია და დაპატიმრების შემდეგ სულხან მოლაშვილის მიმართ ადგილი ჰქონდა წამებას და არაადამიანურ მოპყრობას. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის საქმე წარმოებაში მიღებული აქვს ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს დაჩქარებული წესით განსახილველად.
XS
SM
MD
LG