Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თავდაცვის სამინისტრო მედიასა და არასამთავრობოებთან სათანამშრომლოდ ნაბიჯებს დგამს


საქართველოს არმიის ხელმძღვანელობა,

04.05.2007
რომელიც სახელმწიფოსგან დამატებით 445 მილიონ ლარს მიიღებს, აპირებს უფრო გამჭვირვალე გახადოს არმიის მშენებლობა და მჭიდროდ ითანამშრომლოს საზოგადოებისა და მედიის ფართო სპექტრთან. ამის შესახებ ითქვა გასულ კვირაში თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, რომლის ინიციატორიც თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი გახლდათ. შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციები და ის ჟურნალისტებიც ვესწრებოდით, რომელთაც ბოლო ორი წლის განმავლობაში აკრძალული გვქონდა სამხედრო უწყების საჯარო ღონისძიებებზე დასწრება. სამხედრო პროგრამაში ”ჯარისკაცი და სახელმწიფო” მინდა იმ ექსპერტების შთაბეჭდილებები გაგაცნოთ, რომლებმაც სამხედრო უწყების კედლები დატოვეს განწყობით, რომ ”ცივი ომი” მათსა და თავდაცვის სამინისტროს შორის საბოლოოდ წარსულს ჩაბარდა.

სამხედრო ექსპერტი შალვა თადუმაძე, არასამთავრობო ორგანიზაციიდან ”სამართალი და თავისუფლება”, ორი თვის წინ ვერც კი იფიქრებდა, რომ თავდაცვის მინისტრთან შეხვედრას და მტკივნეულ საკითხებზე გულახდილი პასუხების მოსმენას შეძლებდა. ორი თვის წინ სამხედრო იურისტმა, რომელიც სამხედრო უწყების კედლებში ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ ღია კონკურსში ღებულობდა მონაწილეობას, სკანდალური სტატია გამოაქვეყნა იმ შეურაცხყოფის გამო, რომელიც მას თავდაცვის ერთ-ერთმა მინისტრმა საკონკურსო კომისიის თანდასწრებით მიაყენა:

[შალვა თადუმაძის ხმა] ”შემოვარდა ოთახში განცხადებით, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, რომ თუ არ შევწყვეტდი ჩემს საქმიანობას, - და გულისხმობდა იმ მონიტორინგების განხორციელებას და საგაზეთო ინტერვიუებში მონაწილეობას, რომელსაც მუდმივად ვახორციელებ, - ისე მცემდა, რომ გამხევდა მუცელზე ან, საერთოდ, გადამჭრიდა მუცელზე. და კიდევ სხვა რაღაც დამატებითი განცხადებები გააკეთა.”(სტილი დაცულია)

მაგრამ ახლა შალვა თადუმაძე ორი თვის წინანდელი ისტორიის გახსენებას აღარ აპირებს. 2 მაისს თავდაცვის სამინისტროში მედიის, არასამთავრობო სექტორის ერთი ნაწილისა და თავდაცვის მინისტრ დავით კეზერაშვილის შეხვედრის შემდეგ, თადუმაძეს დარჩა შთაბეჭდილება, რომ გაუგებრობა დასრულებულია. სამხედრო ექსპერტი და იურისტი, რომელმაც დიდი ხანი იმუშავა ჯარისკაცთა უფლებების დაცვის სფეროში, მზად არის ითანამშრომლოს სამხედრო უწყებასთან და დაეხმაროს მას იურიდიული ლიტერატურის დამუშავებაში:

[შალვა თადუმაძის ხმა] ”შემიძლია ნებისმიერი სახის დახმარება გავუწიო თავდაცვის სამინისტროს სამხედრო სამართლის რეფორმის საკითხში, დაწყებული ინტელექტუალურიდან, დამთავრებული ტექნიკურ საშუალებებამდე. და მე ვთვლი, რომ ეს დაწყებული დიალოგი საერთო საქმეს მოხმარდება, ეროვნულ თავდაცვას მოხმარდება და არა კონკრეტულ მაღალჩინოსანს ან კონკრეტულ სამხედრო ექსპერტს, რომელიც ამ სფეროში მუშაობს.”(სტილი დაცულია)


სამხედრო უწყებასთან დიალოგის რეჟიმში გამართულ პირველ შეხვედრას თავდაცვის სამინისტროს კედლებში პოზიტიურად აფასებს სამხედრო ჟურნალ ”არსენალის” რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი. თუმცა ორი წლის წინ ცნობილი ჟურნალისტი, კრიტიკული პუბლიკაციების გამო,”შავ სიაში” მოხვდა, ხოლო მისი ძმა, ყოფილი თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, სამხედრო უწყებიდან დაითხოვეს. თავდაცვის მინისტრ დავით კეზერაშვილთან შეხვედრაზე სამხედრო ჟურნალისტს ეს უსიამოვნო ფაქტი არ უხსენებია. ირაკლი ალადაშვილმა მინისტრს შესთავაზა ერთობლივი პროექტის განხორციელება, რათა მკითხველმა უფრო მეტი საინტერესო ინფორმაცია მიიღოს ქართველი სამხედროების ცხოვრებაზე:

[ირაკლი ალადაშვილის ხმა] ”გვინდა რამდენიმე გვერდი დავუთმოთ თავდაცვის სამინისტროს უსასყიდლოდ, რომ მათ თავიანთი პოზიცია დააფიქსირონ. ძირითადად, ჩვენ გვინდა ეს იყოს საჟურნალო თემები სამხედრო ჯარისკაცების, ოფიცრებისა და სამხედრო ნაწილების ცხოვრებაზე. ის, რაც რეალურად ხდება.”(სტილი დაცულია)

2 მაისს თავდაცვის სამინისტროში გამართული შეხვედრა ორ საათს გაგრძელდა. თავდაცვის მინისტრმა დავით კეზერაშვილმა მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების ბევრი მოსაზრება მოისმინა, წარმოადგინა საკუთარი ხედვა საქართველოს არმიის მშენებლობის პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ, გულწრფელად ისაუბრა გეგმებზე. შეხვედრის ფორმატიდან გამომდინარე, საუბარი ჩვენს შორის დარჩა, თუმცა სამხედრო უწყების ხელმძღვანელი დაგვპირდა, რომ დიალოგი სისტემატურ ხასიათს მიიღებს და მასში სხვა ჟურნალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც მიიღებენ მონაწილეობას. როგორც რადიო ”თავისუფლებასთან” საუბარში თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ბათუ ქუთელიამ აღნიშნა, სამხედრო უწყების ხელმძღვანელობა ჟურნალისტებისგან უფრო საქმიან და დაბალანსებულ პუბლიკაციებს ელოდება:

[ბათუ ქუთელიას ხმა] ”პირველ რიგში, ჟურნალისტებს აქვთ უფრო ინტენსიური შეხება საზოგადოების ფართო მასებთან. შესაბამისად, ჩვენ მოველით კონკრეტულ ანალიზს და იმის ანარეკლს, თუ რა განცდები არის, რა მოლოდინები არის საზოგადოებაში. ოღონდ ეს უნდა იყოს სწორი, მიუკერძოებელი და წინასწარი პოლიტიკური აღქმისაგან თავისუფალი. ასეთ შემთხვევაში ეს იქნება ჩვენთვის შეუფასებელი დახმარება.” (სტილი დაცულია)


ასეთი პუბლიკაციების შექმნა დიდწილად დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად მეტი საშუალება ექნებათ ჟურნალისტებს და გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეიხედონ ჯარისკაცების ყაზარმებში, დაესწრონ სამხედრო სწავლებებს და მიიღონ დროული პასუხები სამხედრო უწყების პასუხისმგებელი პირებისაგან. არასამთავრობო ორგანიზაცია ”სამართალი და თავისუფლების” ხელმძღვანელი ირაკლი სესიაშვილი ფიქრობს, რომ სამხედრო უწყებას შეუძლია კარგად გამოიყენოს ის რესურსი, რაც მესამე სექტორს და მედიას აქვს დემოკრატიულ საზოგადოებაში:

[ირაკლი სესიაშვილის ხმა] ”დიალოგი შედგა. რა თქმა უნდა, დიალოგი არ წყვეტს ყველაფერს. მთავარი არის ის, თუ რა შედეგები მოჰყვება ამას, ანუ როგორი იქნება ჩვენი პრაქტიკული თანამშრომლობა თავდაცვის სამინისტროსთან. მე, ყოველ შემთხვევაში, ამ დიალოგიდან შთაბეჭდილება დამრჩა, რომ თანამშრომლობა შედგება და ეს იქნება მომგებიანი როგროც თავდაცვის სამინისტროსთვის, ისე საზოგადოებისთვის, ჟურნალისტებისა და, ზოგადად, ქვეყნისთვის.”(სტილი დაცულია)


საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიპატიჟებით, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები სულ მალე ეწვევიან რეზერვისტების მოსამზადებელ ბაზას. იგეგმება გასვლითი შეხვედრები სამხედრო ნაწილებში და დასწრება სამხედროების წვრთნებზე, რომელიც წელს კიდევ უფრო მეტი იქნება, ვიდრე შარშან. თუმცა, როგორ კარგადაც არ უნდა აეწყოს 2 მაისს დაწყებული დიალოგი, ერთი დილემა მაინც იარსებებს სამხედრო უწყებასთან დაკავშირებით: ჟურნალისტები შეეცდებიან სულ უფრო მეტი ინფორმაცია მიიღონ სამხედროებისაგან, სამხედროები კი,პირიქით, გასცემენ იმას, რაც იერარქიული ფილტრის გავლის შემდეგ ფურცელზე დარჩება.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG