Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპრეზიდენტო არჩევნები საფრანგეთში


საფრანგეთს ახალი პრეზიდენტი ჰყავს. კვირას, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვება მოიპოვა კონსერვატორმა ნიკოლა სარკოზიმ, რომელმაც ხმების 53 პროცენტი მოაგროვა.

მისი მეტოქე იყო სოციალისტი სეგოლენ რუაიალი. უჩვეულოდ მაღალი იყო ამომრჩეველთა აქტიობა.

კვირას სარკოზის ათასობით მომხრე ზეიმობდა პარიზის ქუჩებში. თავად გამარჯვებულმა თავის პირველ გამოსვლაში ხაზგასმით თქვა, რომ იგი საფრანგეთის მთელი მოსახლეობის პრეზიდენტობას აპირებს და არა მხოლოდ მისი ამომრჩევლებისა.

[სარკოზის ხმა] "ჩემთვის მხოლოდ ერთი საფრანგეთი არსებობს. მე მინდა რუაიალის მომხრეებს ვუთხრა, რომ მთელი საფრანგეთის ხალხის პრეზიდენტი ვიქნები, ყველას წარმომადგენელი ვიქნები. მინდა ვუთხრა მათ, რომ დღეს ერთ საფრანგეთს არ გაუმარჯვია მეორე საფრანგეთის წინააღმდეგ. დღეს ჩემთვის ერთადერთმა რამემ გაიმარჯვა. ეს გახლავთ დემოკრატია."

კენჭისყრაში ამომრჩეველთა სარეკორდო რაოდენობამ, 85-მა პროცენტმა მიიღო მონაწილეობა. ასეთი მაჩვენებელი საფრანგეთს არ ახსოვს 1965 წლის შემდეგ.

სარკოზის მომხრეები იმედოვნებენ, რომ ეს მას აძლევს საიმისო მანდატს, რომ ახალმა პრეზიდენტმა ძირეული ეკონომიკური ად სოციალური რეფორმების განხორციელება შეძლოს საიმისოდ, რომ საფრანგეთი უფრო კონკურენტუნარიანი გახადოს.

სარკოზი აბსურდულად მიიჩნევს 35-საათიან სამუშაო კვირას. იგი პირობას დებს, რომ შეამცირებს ზედმეტ ნამუშევარ საათებზე გადასახადებს, რათა ხალხს მეტი მუშაობის სტიმული მისცეს.

ამავე დროს მას სურს, კომპანიებს გაუადვილოს თანამშრომლების აყვანისა და დათხოვნის პროცედურა.

სარკოზი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გამკაცრებასაც აპირებს. ამასთან, თავად უნგრელი იმიგრანტის შვილს, გადაყვეტილი აქვს, იმიგრანტებს გაურთულოს საფრანგეთში მათი ოჯახის წევრების ჩაყვანა.

მის ამ პოლიტიკას მრავალი მომხრე ჰყავს. ჟაკ კიულიუა ერთ-ერთია:

[კიულიუას ხმა] "მას რეფორმების გატარება სურს. და საფრანგეთს სჭირდება რეფორმები, ეს ეჭვგარეშეა. მე რეგიონი ვცხოვრობ, კორსიკაში, სადაც საქმე შეიძლება სხვაგვარად გამოიყურება. მაგრამ ვფიქრობ, რომ საფრანგეთში ძალიან ბევრი რამაა გასაკეთებელი."

მაგრამ სარკოზის ამ ამბიციურმა გეგმებმა იგი ბევრისთვის საძაგებელ პოლიტიკოსად აქცია.

2005 წელს იმიგრანტებით დასახლებულ რაიონებში ამბოხების დროს მან გამოსვლების მონაწილეებს "ნაგავი" უწოდა.

სარკოზი დღემდე ცნობილი იყო, როგორც უკომპრომისო, ენერგიული და ხშირად აგრესიული პოლიტიკოსი. ექსპერტების აზრის, მას მომავალში უფრო კომპრომისული კურსის არჩევა მოუწევს, ვინაიდან მოსახელობის საკმაოდ დიდი ნაწილი არ იზიარებს მის პოლიტიკას.

სარკოზის რთული ამოცანის წინაშე მოუწევს დგომა. პროფკავშირები მასთან მწვავე დაპირისპირებისთვის ემზადებიან.

მომავალ თვეში საფრანგეთში საკანონმდებლო ორგანოს არჩვენები ტარდება. სარკოზის სახალხო მოძრაობის კავშირი შეეცდება უმრავლესობის მოპოვებას. მაგრამ ეს არჩევნები შანსს სთავაზობს სოციალისტებსაც, რომლებსაც წარმატების შემთხვევაში შესაძლებლობა მიეცემათ ხელი შეუშალონ სარკოზის რეფორმატორულ გეგმებს.

საშა გრანდემონჟი სოციალისტური პარტიის შტაბბინაში გამართული თავყრილობის ერთ-ერთი მონაწილეა:

[გრანდემონჟის ხმა] "მე სოციალისტი ვარ და სოციალისტი დავრჩები. ბრძოლა გრძელდება. მალე საკანონმდებლო ორგანოს არჩევნები გვაქვს. ვფიქრობ, ყველა მემარცხენე გაერთიანდება და ეს მართლა შეცვლის ვითარებას. იმედი მაქვს, რომ სოციალური მოძრაობისა და ყველა მხარდამჭერის მეშვეობით დავარწმუნებთ ფრანგ ხალხს, რომ ძალიან გაძნელდება საქმე, თუკი სარკოზი ხელისუფლებაში დარჩება."

სარკოზი 16 მაისს გადაიბარებს უფლებამოსილებებს მიმავალი პრეზიდენტის, ჟაკ შირაკისგან.
XS
SM
MD
LG