Accessibility links

logo-print

საქართველოს 3 დღიანი ოფიციალური ვიზიტით ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ტოომას ჰენდრიკ ილვესი ეწვია


ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ტოომას ჰენდრიკ ილვესი თბილისს უკვე მეორედ ეწვია.

პირველად ის საქართველოში გასული წლის 23 ნოემბერს, ვარდების რევოლუციის სამი წლისთავზე ჩამოვიდა. მაშინ ტოომას ჰენდრიკ ილვესმა საქართველოს პარლამენტის სხდომაზე გამოაცხადა, რომ, ესტონეთის სახით, საქართველოს ნატოში ძლიერი და თავდადებული მხარდამჭერი ჰყავს. პოლიტიკური მხარდაჭერის გარდა, ამჯერად თბილისში ესტონეთის პრეზიდენტის ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ორი პოსტსაბჭოთა ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობაცაა.

[ესტონეთის ჰიმნი]

ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ტოომას ჰენდრიკ ილვესის დახვედრის საზეიმო ცერემონიალი საქართველოს პარლამენტში გაიმართა.

აქვე შედგა პრეზიდენტების - სააკაშვილისა და ტოომას ჰენდრიკ ილვესის -მოლაპარაკება დახურულ კარს მიღმა. მოგვიანებით გაიმართა დელეგაციების გაფართოებული შეხვედრა. მოლაპარაკებათა დასრულების შემდეგ პრეზიდენტებმა პრესკონფერენცია მოაწყვეს და, ძირითადად, პოლიტიკურ საკითხებზე ისაუბრეს. რა თქმა უნდა, მთავარი თემები საქართველოს ნატოში გაწევრიანება და რუსეთ-საქართველოსა და რუსეთ-ესტონეთის ურთიერთობები იყო. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დაგმო ორიოდე კვირის წინ ესტონეთის დედაქალაქში განვითარებული მოვლენები და განაცხადა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს ესტონეთის მხარდასაჭერად. ესტონეთის პრეზიდენტმა ტოომას ჰენდრიკ ილვესმა კი, აი, ასეთი კომენტარი გააკეთა:

[ილვესის ხმა] ”ეს საკმაოდ ნათელია, თუ გადახედავ ქვეყნებს, რომლებიც დემოკრატიულები გახდნენ... რაც უფრო დემიკრატიული ხარ, მით უფრო დიდი წნეხის ქვეშ ექცევი. იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ჩვენს საერთო მეზობელს ესაზღვრებიან, ისინი, რომლებიც დემოკრატიულები არიან, წნეხის ქვეშ იმყოფებიან, მათ კი, რომლებმაც ნაკლებად დემოკრატიული გზა აირჩიეს, ნაკლებად მძიმე ჟამი უდგათ და გაცილებით გაიოლებული აქვთ ურთიერთობები. ეს ნიშნავს, რომ დემოკრატიული ქვეყნები ერთად უნდა დადგნენ.”

ერთად დგომის მაგალითად პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესში ესტონეთის მხარდაჭერა დაასახელა. სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ესტონეთი საქართველოს მხარდამჭერი, პარტნიორი და მეგობარი ქვეყანაა:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”ჩვენ ძალზე ოპტიმისტურად ვართ განწყობილი. ჩვენ ჩვენს გზას მივდევთ. ვფიქრობ, ძალიან კარგ გამოძახილს მივიღებთ ნატოდან, საკმაოდ ოპტიმისტურ შეფასებებს. ჩვენ არ ვაპირებთ შევცვალოთ კურსი. ეს ორიენტაცია ფასეულობებზეა დაფუძნებული და ფასეულობები არ იყიდება... და მე ვფიქრობ, ეს გაცილებით უფრო ფართოა, ვიდრე საქართველოს ახლანდელი მთავრობა ან ახლანდელი განწყობა ჩვენს საზოგადოებაში, რომელიც, როგორც მოგეხსენებათ, მეტად პრონატოურია, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მხარდამჭერი. ზოგადად, ეს არის სტრატეგიული ხედვა ჩვენი ქვეყნისათვის, სამომავლო ხედვა.”

ნატოში მხარდაჭერის გარდა, საქართველოს პრეზიდენტმა განსაკუთრებულად აღნიშნა ის როლი, რომელსაც ესტონეთი საქართველოში მიმდინარე რეფორმების პროცესში ასრულებს. ჩვენ ახლა ვაკეთებთ იმას, რაც ესტონეთმა რამდენიმე წლის წინ გააკეთაო, დასძინა სააკაშვილმა. სიმპათიები და სამომავლო თანამშრომლობის სურვილი არც ესტონეთის პრეზიდენტს ტოომას ჰენდრიკ ილვესს დაუფარავს:

[ილვესის ხმა] ,,ესტონელები საფუძვლიანად არიან ჩართული საქართველოსთან ურთერთობებში, რადგან ჩვენ გვესმის, რის გაკეთებას ცდილობთ. ყველა არ არის ასე განწყობილი, მაგრამ ჩვენ გვესმის, რისი გაკეთება გინდათ... თქვენ კი გესმით, ჩვენ რა გავაკეთეთ. და ვფიქრობ, ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც გვაქვს ასეთი ღრმა და ახლო ურთიერთობები და რატომ ვმუშაობთ ასე ეფექტურად.”

ილვესმა იქვე დასძინა, ჩვენი ასეთი თანამშრომლობისა ზოგიერთ ქვეყანას შურს კიდეცო.

ამგვარი პოლიტიკური მეგობრობის მიუხედავად, ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობა მხოლოდ ჩანასახის სტადიაშია. ამაზე მეტყველებს სტატისტიკაც. 2007 წლის იანვრიდან, მარტის ჩათვლით, ესტონეთში ექსპორტის მოცულობა 332 ათას აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო საქართველოში იმპორტირებული ესტონური პროდუქციის ღირებულება 157 ათასს დოლარს არ აღემატება.

ამ ვითარების შესაცვლელად ესტონეთის პრეზიდენტმა ტოომას ჰენდრიკ ილვესმა საქართველოში 45 ესტონელი ბიზნესმენი ჩამოიყვანა. მათთან ერთად ილვესმა მონაწილეობა მიიღო საქართველო-ესტონეთის ბიზნესფორუმში. ირკვევა, რომ ესტონეთი საქართველოში ტურიზმის ინვესტირებითაა დაინტერესებული.

უფრო მეტი ინფორმაციის მოსაპოვებლად პრეზიდენტ ილვესის პროგრამაში აჭარის მონახულებაც შედის. ესტონეთის პრეზიდენტის ტოომას ჰენდრიკ ილვესის საქართველოში ვიზიტი 9 მაისს სწორედ ბათუმში დასრულდება.

XS
SM
MD
LG