Accessibility links

logo-print

კეტრინ ჰეპბერნი – 100


კეტრინ ჰეპბერნს 12 მაისს ასი წელი შეუსრულდებოდა.


მართალია, დიდი ამერიკელი მსახიობის ზოგიერთი ბიოგრაფი ამტკიცებს, რომ ჰეპბერნი არა 1907, არამედ 1909 წელსაა დაბადებული, მსახიობის თაყვანისმცემლები 2009 წლამდე ლოდინს არ აპირებენ და უკვე აღნიშნავენ “ჰოლივუდის დედოფლად” მონათლული კინოვარსკვლავის იუბილეს. კეტრინ ჰეპბერნს საქართველოშიც მრავალი თაყვანისმცემელი ჰყავს. ქართველ კინომოყვარულთა უმრავლესობა კეტრინ ჰეპბერნს ერთადერთი ფილმით იცნობს, სურათით “ლომი ზამთარში”, რომელიც გასული საუკუნის 70-იან წლებში გამოვიდა ეკრანებზე. “ოქროს საუკუნის” ამ გამოშვებაში ჩვენ მოვუსმენთ კინომცოდნე ოლღა თაბუკაშვილს, რომელსაც გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ვესაუბრე.

მეოცე საუკუნე ისე მიიწურა, რომ მეოცე საუკუნის ერთ-ერთმა უდიდესმა მსახიობმა, კეტრინ ჰეპბერნმა, საბჭოთა “კინოსივრცეში” შეღწევა მხოლოდ ერთხელ შეძლო, ფილმით “ლომი ზამთარში”. კომუნისტური სისტემის მოშლისა და საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ სოციოლოგები, კინომცოდნეები, კულტუროლოგები ხშირად კითხულობდნენ, რა არ მოსწონდათ კომუნისტებს ამ ქალში და იმ ფილმებში, რომელშიც კეტრინ ჰეპბერნი მონაწილეობდა. ზოგიერთი სხვა მსახიობისგან განსხვავებით, კეტრინ ჰეპბერნს ხომ არასდროს მოუხსენებია აუგად საბჭოთა კავშირი და საბჭოთა სისტემა. პარადოქსია – ჩვენში ჰიტლერის საყვარელი მსახიობის, მარიკა როკის, ფილმებს უჩვენებდნენ, კინოს მოყვარულებმა კი კეტრინ ჰეპბერნი პირველად 70-იანი წლების დასაწყისში ნახეს – ნახეს უკვე დაბერებული მსახიობი ფილმში “ლომი ზამთარში” – დაბერებული, მაგრამ მშვენიერი.

კინომცოდნე ოლღა თაბუკაშვილს გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე შევხვდით. Qქალბატონმა ოლღამ გვთხოვა, კეტრინ ჰეპბერნზე მინდა ლაპარაკი, მალე მისი ასი წლის იუბილეაო. ჩვენთან საუბარში გაიხსენა, როგორი ეფექტი მოახდინა მაშინ 60 წლის კეტრინ ჰეპბერნმა. “ლომი ზამთარში” არ მიეკუთვნება ეგრეთ წოდებულ “სამაყურებლო კინოს”, მაგრამ სურათი, რომელშიც ჰეპბერნს კიდევ ერთმა დიდმა და ჩვენში იმხანად უცნობმა მსახიობმა, პიტერ ო,ტულმა, გაუწია პარტნიორობა, დიდი ხნის განმავლობაში სავსე დარბაზებში გადიოდა – კეტრინ დედოფალი დედოფალს ისე თამაშობდა, თითქოს ბავშვობიდან მეფის სასახლეში ყოფილიყო გაზრდილი.


[ოლღა თაბუკაშვილის ხმა] “ლომი ზამთარში”, პიტერ ო, ტულთან ერთად, მე, ალბათ, 30 წლის წინ მაქვს ნანახი. ალბათ, ერთადერთი უდიდესი მაგალითია კლასიკური ოსტატობის... არატრადიციული გაგებით... მე რომ ვიყო პედაგოგი სამსახიობო ოსტატობის, მე ყოველ კადრს დავანაწევრებდი და მსახიობებს ვასწავლიდი კეტრინ ჰეპბერნის მაგალითზე.”(სტილი დაცულია)

მეფის სასახლეში არა, მაგრამ მაინც ძალიან მკაცრად აღიზარდა – ცნობილი ქირურგის ოჯახში. მშობლები ხელოვნებას აფასებდნენ, ამიტომ წინააღმდეგობა არ გაუწევიათ შვილისთვის, როცა კეტრინ ჰეპბერნმა თეატრის მსახიობობა გადაწყვიტა. პირველი წარმატება სცენაზე დაემთხვა ხმის მოსვლას კინოში. ჩვეულებრივზე ოდნავ წვრილი ხმა ჰქონდა, მაგრამ ამას არავინ მიაქცია ყურადღება, რადგან შესანიშნავად შეეძლო სწორედ ხმით შეექმნა ხასიათი.

[კეტრინ ჰეპბერნი. ხმა. “მონოლოგი”]

1932 წელს პირველი “ოსკარი” მოიპოვა როლისთვის, რომელიც ფილმში “ადრეული აღიარება” განასახიერა. თუმცა ვერც ამ “ოსკარმა” და ვერც 30-იან წლებში სხვა ფილმებში ნათამაშებმა როლებმა ვერ გაამარჯვებინა კონკურსში, რომელიც “ქარწაღებულების” გადაღების წინ გამოცხადდა – კეტრინ ჰეპბერნი სკარლეტ ო, ჰარას როლზე არ დაამტკიცეს – ჰოლივუდში მიიჩნიეს, რომ მეტისმეტად არასექსუალური იყო და ქედმაღალი. როგორც ჩანს, მისი ხასიათიც შეისწავლეს – გაიხსენეს, რომ ქედმაღლობისა და პრეტენზიულობის გამო არაერთხელ დაეტოვებინა თეატრი და არაერთხელ ჩაეშალა გადაღება. ოლღა თაბუკაშვილმა გვითხრა, სწორედ ესაა კეტრინ ჰეპბერნის პარადოქსი – ამერიკამ იგი იმიტომ შეიყვარა, რომ სხვა არც ერთ მსახიობს არ ჰგავდაო.

[ოლღა თაბუკაშვილის ხმა] “ისე გაიარა ცხოვრება, რომ აბსოლუტურად განსხვავებული იყო, მიუხედავად იმისა, რომ ვარსკვლავიც იყო და ხალხისგან ბევრი წოდება ჰქონდა, აღიარება... მე შევადარებდი მას თავისი თვისებებით ჟან გაბენს... ისინი არავითარ ჩარჩოებში არ ჯდებიან, არ ჯდებიან ხელოვნურ ვარსკვლავურ სისტემაში.”

1942 წელს კეტრინ ჰეპბერნმა მთავარი როლი შეასრულა ფილმში “ქალის წელი”, რომელშიც პარტნიორობას სპენსერ ტრესი უწევდა. მაშინ დაიწყო მათი რომანი, ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი სასიყვარულო ისტორია ჰოლივუდში. სპენსერ ტრესი, მართალია, ცოლთან გაშორებული იყო, განქორწინებას არ აპირებდა, რადგან შვილი ყრუ-მუნჯი ჰყავდა და, როგორც მოგვიანებით კეტრინ ჰეპბერნმა აღიარა, “არ უნდოდა, შვილისთვის ტრავმა მიეყენებინა”... მაგრამ ჰეპბერნმა ეს მხოლოდ 70-იან წლებში აღიარა თავის მემუარებში, მოკლე, მაგრამ ძალზე ნიშანდობლივი სათაურით – “მე”... ეს რომანი აღიარა მაშინ, როცა სპენსერ ტრესი უკვე ცოცხალი აღარ იყო. მანამდე კი მათ ერთად იღებდნენ, ამერიკაში იცოდნენ მათი რომანის შესახებ – უფრო მეტიც, ყველა საქმის კურსში იყო, რომ სწორედ ჰეპბერნი ზრუნავდა სპენსერ ტრესიზე, როცა მსახიობი ლოგინად ჩავარდა, მაგრამ უცნაური რამ მოხდა – როგორც ოლღა თაბუკაშვილმა გვითხრა, ვერავინ გაბედა საყვარელი მსახიობების პირად ცხოვრებაში ჩარევა – ბულვარული პრესაც კი დუმდაო.


[ოლღა თაბუკაშვილის ხმა] “ფილმებიც კი, რომელშიც გადაღებულია, აბსოლუტურად განსხვავებულია. ის, შეიძლება ითქვას, ეტალონია მსახიობობის და ეტალონია პიროვნების, მოქალაქის... არის ადამიანი, რომელზედაც... კალმისტარსაც კი ვერ იღებდნენ ხელში, რომ დაეწერათ სიბინძურე, მიუხედავად იმისა, რომ მისი ურთიერთობები სპენსერ ტრესისთან ყველამ იცოდა, მაგრამ მე არაფერი წამიკითხავს თაყვანისცემის და დიდი პატივისცემის გარდა. იგი ჰოლივუდის კანონებს გარეშე იდგა.”(სტილი დაცულია)

კეტრინ ჰეპბერნი 12-ჯერ იყო წარდგენილი ამერიკულ “ოსკარზე”. თუ გავითვალისწინებთ, რომ მსახიობი 48 ფილმში გადაიღეს, გამოდის, რომ ამერიკის კინოაკადემიამ მისი ყოველი მეოთხე როლი “ოსკარის” ღირსად ცნო... მიუხედავად იმისა, რომ სხვა “აკადემიკოსებივით” არ ცხოვრობდა – ჰოლივუდის მიღებები სძულდა და თითქმის არ აძლევდა ინტერვიუს... ოლღა თაბუკაშვილის თქმით, კეტრინ ჰეპბერნი მის დისერტაციაში, რომელიც ჰოლივუდის ვარსკვლავებს ეძღვნება, არ მოხვდა, ერთი მარტივი მიზეზით: “ვარსკვლავი” – გარკვეულ მექანიზმს გამოხატავს, გარკვეულ სახეს... კეტრინ ჰეპბერნი კი “მექანიზმად” არასდროს გადაქცეულა

[ოლღა თაბუკაშვილის ხმა] “მას სიბრძნე ეტყობა სახეზე. არც პლასტიკური ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული, არ სჭირდებოდა ხელოვნური გაახალგაზრდავება – 96 წლის ასაკში მან მოიტანა ამერიკის ისტორიაც, კინოს ისტორიაც, ყველაფერი იყო მასში ჩადებული მისი ცხოვრების სწორედ იმ იმიჯის გათვალისწინებით, რომელსაც თავად მიიჩნევდა საჭიროდ.”(სტილი დაცულია)

[ტონი ჰაიგტაუერი. სიმღერა კეტრინ ჰეპბერნზე]

დიახ. 2003 წელს, როცა კეტრინ ჰეპბერნი გარდაიცვალა, ამერიკელმა მუსიკოსებმა დიდ მსახიობს სიმღერები მიუძღვნეს. სიყვარულს უხსნიდნენ, მაგრამ მისი მშვენიერების საიდუმლოს მაინც ვერ ჩასწვდნენ.



XS
SM
MD
LG