Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ესტონეთის პრეზიდენტი საქართველოს უსურვებს მეტ სითამამეს დემოკრატიული რეფორმების განხორციელებაში


საქართველოში გრძელდება ესტონეთის პრეზიდენტის ტოომას ჰენდრიკ ილვესის ოფიციალური ვიზიტი.

8 მაისს ესტონეთის პრეზიდენტი შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ამავე დღეს მან ყვავილების გვირგვინით შეამკო საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი. 8 მაისსვე ტოომას ჰენდრიკ ილვესი მოხსენებით გამოვიდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა. საქართველოს პარლამენტმა კი მიიღო ესტონეთის მხარდასაჭერი განცხადება. როგორ აფასებს ესტონეთის პრეზიდენტი საქართველოს რეალობას და რატომ არის საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საქართველოს მეგობარი ესტონეთის გამოცდილება?

[გიორგი თაბაგარის ხმა] ”საბაკალავრო ნაშრომს ვაკეთებ ბალტიისპირეთზე, ამიტომ კარგი წარმოდგენა მაქვს ამ ქვეყნებზე. ესტონეთი და ეს ქვეყნები არის სამაგალითო სამხრეთ კავკასიისთვის და მიხარია, მეგობრული ურთიერთობა რომ გვაქვს მათთან. ”(სტილი დაცულია)

”ესტონეთის გამოცდილება აუცილებლად უნდა გავიზიაროთ”, - გვითხრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა გიორგი თაბაგარმა. მან და სხვა სტუდენტებმა, პედაგოგებთან ერთად, ესტონეთის გამოცდილების შესახებ პირადად ესტონეთის პრეზიდენტისგან მოისმინეს. როგორც უკვე ვთქვით,ტოომას ჰენდრიკ ილვესი 8 მაისს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს სტუმრობდა. უნივერსიტეტში თავის უაღრესად საინტერესო გამოსვლაში მან გაიხსენა საქართველოსა და ესტონეთის საერთო საბჭოთა ისტორია, ესტონეთისა და საქართველოს ბრძოლა თავისუფლებისთვის და ორი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის დღევანდელობა (განსხვავებული დღევანდელობა) ერთმანეთთან მისდამი რუსეთის დამოკიდებულებით დააკავშირა.

[ტოომას ჰენდრიკ ილვესის ხმა] ” ჩვენი მეზობელი ( რუსეთი) პატივს სცემს ძველ დემოკრატიებს: საფრანგეთს, გერმანიას, ფინეთს, მაგრამ ახლებს: პოლონეთს, ესტონეთს, უკრაინას და საქართველოს - არა. ამავე დროს, ის მხარს უჭერს დიქტატორულ ბელორუსიას. ჩვენი არსებობა, ჩვენი წარმატება ნათელს ხდის, რომ დემოკრატია გამოუსადეგარია რუსეთისთვის. სიტყვის თავისუფლება, პრესის თავისუფლება, შეკრების თავისუფლება სხვებისთვის არის, რუსეთში კი გამონაკლისს და შეუფერებელ ცნებებს წარმოადგენს. ჩვენი წარმატება - ესტონეთისა და საქართველოს წარმატება - მართული დემოკრატიის იდეოლოგიის საპირისპირო მაგალითებია და სანამ ჩვენ ამ გზაზე ვიდგებით, აღგვიქვამენ საფრთხედ, ყოველ შემთხვევაში, მანამდე, სანამ ჩვენი მეზობელი მართული დემოკრატიის მოდელს უერთგულებს. ”

”საქართველო დღეს იმავე ვითარებაში იმყოფება, როგორშიც ესტონეთი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ იყო” - ესეც ტოომას ჰენდრიკ ილვესის სიტყვებია. ესტონეთის პრეზიდენტს საქართველოში ვიზიტის პერიოდში არაერთხელ - და, მათ შორის, უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლის დროსაც - მოუხდა იმის განმარტება, რომ ნატოსა და ევროკავშირამდე ეკონომიკური ბლოკადებით და ენერგეტიკული კრიზისით დამძიმებული გზა მისმა ქვეყანამ თამამი რეფორმებით გაიარა, რომ ესტონეთმა სწორედ რეფორმების წყალობით შეძლო ის, რაც ბევრს შეუძლებელი ეგონა.
”ჩვენ დავძლიეთ ეს ეჭვები და ამას მივაღწიეთ იმით, რომ რეფორმებს ვატარებდით, მიუხედავად ყველაფრისა - მაშინაც კი, როცა გვეუბნებოდნენ, რომ არ მიესალმებოდნენ ნატოსა და ევროკავშირში ჩვენს გაწევრიანებას. ” - ძალიან მოკლედ ასე განმარტა ესტონეთის პრეზიდენტმა საკუთარი ქვეყნის წარმატების ფორმულა და საქართველოსაც უსურვა მეტი სითამამე დემოკრატიული რეფორმების გზაზე, იმისდა მიუხედავად, რომ რეფორმები, განსაკუთრებით საწყის ეტაპზე, როგორც წესი, არაპოპულარულია:

[ტოომას ჰენდრიკ ილევსის ხმა] ”ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველო შეუდგა ისტორიულ გზას ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ. ევროკავშირმა და ნატომ, რომლებიც მშვიდობისა და კეთილდღეობის გამოხატულებას წარმოადგენს, გაამკაცრეს გაწევრიანების პირობები, მაგრამ მათი შესრულება არ არის შეუძლებელი, გადაულახავი და ჩვენ ეს კარგად ვიცით. ”

ბალტიისპირა სახელმწიფოების შემდეგ ყოფილ საბჭოთა სივრცეში ახლა საქართველომ უნდა დაამტკიცოს, რომ შეუძლია იმ რთული, მაგრამ არა დაუძლეველი ამოცანების შესრულება, რასაც მას ნატოში გაწევრიანების მიზანი უყენებს; შეუძლია ეს ”რეფორმებით, რეფორმებით და რეფორმებით”, - თქვა ტოომას ჰენდრიკ ილვესმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოსვლისას. ესტონეთი საქართველოს ჰპირდება სრულ მხარდაჭერას ნატოში ინტეგრაციის გზაზე. თავის მხრივ კი, საქართველო მხარს უჭერს ესტონეთს მის სუვერენულ უფლებაში, შეაფასოს საკუთარი ისტორიული წარსული. 8 მაისს საქართველოს პარლამენტმა სპეციალური განცხადების მიღებით გამოხატა მხარდაჭერა ესტონეთისადმი, რომლის სუვერენულ უფლებასაც რუსეთი ასე დაუპირისპირდა. ესტონეთმა გადაჭრით უარი თქვა საბჭოთა მემკვიდრეობაზე, მათ შორის, დიდ სამამულო ომში დაღუპულთა მემორიალზე. საქართველო კი 9 მაისს ფაშისტურ გერმანიაზე საბჭოთა ჯარების გამარჯვებას უქმე დღით აღნიშნავს.

XS
SM
MD
LG