Accessibility links

logo-print

საქართველოს პარლამენტმა კულტურული მემკვიდრეობის კანონი მიიღო


საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო საქართველოს კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ.

კანონის მიხედვით, რომელიც უამრავი კამათისა და დაპირისპირების მიზეზად იქცა, კულტურული და ისტორიული ძეგლების რეაბილიტაციის ზონაში რეაბილიტაციის მოსაკრებელი დაწესდება. მოსაკრებლის მაქსიმალურ ოდენობას ცალკე კანონი განსაზღვრავს, ხოლო მისი მოქმედების ვადას და მოცულობას - ადგილობრივი თვითმმართველობა. მოსაკრებელი, რომელიც რეაბილიტაციის პროცესის დასრულებისთანავე გაუქმდება, კვლავ რჩება ოპოზიციისა და მმართველი ძალის დაპირისპირების ერთ-ერთ მთავარ საგნად.


არასაპარლამენტო ოპოზიციის საპროტესტო აქციების, საპარლამენტო ოპოზიციის პროტესტებისა და მრავალი კონსულტაციის შემდეგ მთავრობამ კულტურული მემკვიდრეობის კანონპროექტიდან ამოიღო დაპირისპირების მთავარი მიზეზი - მოსაკრებლის ოდენობა. 8 მაისს საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებულ კანონში კულტურული მემკვიდრეობის შესახებ მხოლოდ ის წერია, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების დაფინანსების ერთ-ერთი წყარო რეაბილიტაციის მოსაკრებელია. მოსახლეობის დიდი ნაწილი, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ზონაში ცხოვრობს, საერთოდ მოსაკრებლის წინააღმდეგ გამოდის:

[მოქალაქეთა ხმა] ”ისეთი გაჭირვებულია ხალხი, პურის ფული არ აქვს და გადასახადის გადახდას შეძლებს?”
[მოქალაქეთა ხმა] ”მოსახლეობა რა შუაშია, მთავრობამ უნდა მიხედოს ამ საქმეს თვითონ.”
[მოქალაქეთა ხმა] ”ლარსაც ვერ გადაიხდის უმუშევარი მოსახლეობა. უმუშევარი ხალხისთვის ლარიც ძნელი გადასახდელია.”

მთავრობა კი მოსახლეობისგან მხოლოდ თანამონაწილეობას მოითხოვს, რაც სარეაბილიტაციო თანხის მხოლოდ 5 პროცენტს შეადგენს. კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გოკა გაბაშვილი მოსახლეობის უარყოფით განწყობას ოპოზიციას აბრალებს:

[გოკა გაბაშვილის ხმა] ”პრინციპზე მოსაკრებლისა ოპოზიცია თანახმა იყო, მაგრამ ოპოზიცია ორ დღეში ერთხელ იცვლის პოზიციას და ახლა ამბობენ, რომ პრინციპზეც არ არიან თანახმა. ეს არის, როგორც ყოველთვის, იაფფასიანი ტყუილების სერია, რომლითაც მოსახლეობა უნდათ შეიყვანონ შეცდომაში - ისევ არასწორი ფორმულირებებით, რომ ეს არის ისტორიულ უბნებში ცხოვრების გადასახადი. ესეც ტყუილია.”(სტილი დაცულია)

ოპოზიცია სიცრუეში მთავრობასა და მმართველ პოლიტიკურ ძალას ადანაშაულებს, რომლებიც ამტკიცებნენ, რომ მოსაკრებლის პრინციპი ხორვატიის ქალაქ დუბროვნიკის რეაბილიტაციისას გამოიყენეს. ოპოზიციური ფრაქცია ”ახალი მემარჯვენეების” ერთ-ერთი ლიდერის, ფიქრია ჩიხრაძის, კომენტარი:

[ფიქრია ჩიხრაძის ხმა] ”ხელისუფლება რასაც გვეუბნებოდა, არის მტკნარი სიცრუე, რომ მოსახლეობა დუბროვნიკშიც და ყველა სხვა ადგილზეც იხდიდა გადასახადს ამ ისტორიულ ზონაში ცხოვრებისას. აღმოჩნდა, რომ მხოლოდ კომერციული სტრუქტურები იხდიან. ასევე ის სტუმრები, რომლებიც ქალაქ დუბროვნიკში ჩადიან.”(სტილი დაცულია)

ახალ მემარჯვენეებს მომზადებული აქვთ თავიანთი ინიციატივა, რომელიც რეაბილიტაციის მოსაკრებელს მხოლოდ კომერციული სტრუქტურებისთვის აწესებს. მას მთავრობის იმ კანონპროექტს დაუპირისპირებენ, რომელიც მოსაკრებლის მაქსიმალურ ოდენობას განსაზღვრავს. ასეთი კანონპროექტი უკვე სათანადო პროცედურებს გადის საქართველოს პარლამენტში და მასში წერია, რომ კულტურული მემკვიდრეობის სარეაბილიტაციო ზონაში მოსაკრებლის მაქსიმალური ოდენობა ერთ ლარსა და 50 თეთრს შეადგენს. რა გაანგარიშებებს ეყრდნობა ეს მაქსიმალური ზღვარი, არც კულტურის მინისტრსა და არც მთავრობის სხვა წევრებს დღემდე არ დაუკონკრეტებიათ.
XS
SM
MD
LG