Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის ვიზიტი საქართველოში 2 წლის გადასახედიდან


ზუსტად 2 წლის წინ, 2005 წლის 9 მაისს საღამოს, თბილისში დაიწყო ვიზიტი, რომელსაც, მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, მართებულად ეწოდა ისტორიული.


ამ ვიზიტმა დაჩრდილა ყველა ვიზიტი, რაც კი დამოუკიდებელ საქართველოში განხორციელებულა და, რაღა თქმა უნდა, დაჩრდილა 9 მაისი, როგორც მესამე რაიხის დამარცხებისა და ფაშიზმზე გამარჯვების დღე. 2005 წლის 9 მაისს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯორჯ ბუში, მეუღლესთან ერთად, თბილისში მოსკოვიდან ჩამოფრინდა. როგორ აფასებენ ქართველი ექსპერტები საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ვიზიტს 2 წლის გადასახედიდან?

[ალექსანდრე რონდელის ხმა] ”მნიშვნელობა ჰქონდა ძალიან დიდი ამ ვიზიტს. ეს იყო მსოფლიოს უდიდესი და უძლიერესი ქვეყნის პრეზიდენის ვიზიტი პატარა ქვეყანაში, რომელსაც არცთუ კარგი ურთიერთობა ჰქონდა და აქვს რუსეთთან. ეს იყო სიგნალი ამერიკის მხრიდან იმის, რომ ეს ქვეყანა შეერთებული შტატების მეგობარია, ეს ქვეყანა დემოკრატიის მშენებელია და ამიტომ მის სადარაჯოზე ვდგევართ ან, ყოველ შემთხვევაში, მხარში ვუდგევართ. ” (სტილი დაცულია)

ვიზიტი, რომლის მნიშვნელობაზე საუბარიც პოლიტოლოგ ალექსანდრე რონდელს ვთხოვეთ, როგორც უკვე ვთქვით, 2005 წლის 9 მაისს, საღამოს, დაიწყო. ძველ თბილისში პრეზიდენტ ბუშის დახვედრის ცერემონიალს მაშინ მთელი მსოფლიო ადევნებდა თვალს. თეატრალიზებული დახვედრა აბანოთუბანში, მართლაც, შთამბეჭდავი იყო, მაგრამ გაცილებით შთამბეჭდავი აღმოჩნდა შეხვედრა ვიზიტის მეორე დღეს - ქართველი ხალხის შეხვედრა ამერიკის პრეზიდენტთან თბილისში, თავისუფლების მოედანზე; ის მადლიერება, რომელიც საქართველოს მხარდაჭერისთვის საქართველოს საზოგადოებამ ამერიკის შეერებული შტატებისა და მისი პრეზიდენტისადმი გამოხატა, და რაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ქართველ ხალხს უთხრა:

[ჯორჯ ბუშის ხმა] ” თქვენ მიერ არჩეული დამოუკიდებლობის გზა არ არის იოლი, მაგრამ თქვენ არ იქნებით მარტო ამ გზაზე, ამერიკელები პატივს სცემენ თქვენს მამაცურ არჩევანს თავისუფლების მოპოვებისთვის. თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოს შენებაში ამერიკელი ხალხი თქვენს გვერდითაა... ”

[დავით დარჩიაშვილის ხმა] ”ჩვენ თუ რამე გამოგვდის, რუსეთის ჯარების გაყვანით დაწყებული, მიუხედავად მუქარანარევი განცხადებებისა, ჩვენი დამოუკიდებელი განვითარების შეფერხების შეუძლებლობით დამთავრებული ( რაც რუსეთს უნდა და ვერ ახერხებს), ამაში ძალიან მნიშვნელოვანი არის შეერთებული შტატების პოზიცია.”(სტილი დაცულია)

პოლიტოლოგი დავით დარჩიაშვილი ალექსანდრე რონდელის მიერ გამოთქმულ აზრს ავითარებს და, საქართველოში ჯორჯ ბუშის ვიზიტის მნიშვნელობაზე საუბრისას, იმ კონკრეტულ საქმეებს ასახელებს, რომლებითაც შეერთებულმა შტატებმა პრეზიდენტ ბუშის დაპირება შეასრულა. ამ საქმეებში იგულისხმება ბევრი რამ, მათ შორის, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მიერ რუსეთის მისამართით გაკეთებული მკვეთრი განცხადებები, კონგრესის მიერ შემუშავებული ” ქარტია”, რამდენიმე ქვეყნის და, მათ შორის, პირველ რიგში, საქართველოს ნატოში გაწევრიანების მხარდასაჭერად. ცალკე თემაა საქართველოსადმი ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსური მხარდაჭერა, სხვათა შორის, დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლადაც. დავით დარჩიაშვილი საქართველოს მხარდაჭერად აღიქვამს სახელმწიფო დეპარტამენტის კრიტიკულ შეფასებებსაც. პოლიტიკური და ფინანსური მხარდაჭერა თუ კრიტიკა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, მისი თქმით, კომპლექსში, არის გამოხატულება იმ ხალხის გვერდით დგომისა, რომელმაც არჩევანი დემოკრატიული განვითარების სასარგებლოდ გააკეთა:

[ დავით დარჩიაშვილის ხმა] ” ამერიკა არის ქვეყანა, რომლისთვისაც სტრატეგიული ინტერესი და თავისუფლების ინტერესი არ იმიჯნება. ასე მოიტანა ისტორიამ, ასეთ ქვეყნად ჩამოყალიბდა ამერიკა და ძალიან ბევრმა, ვისაც აქვს სურვილი სხვა ქვენაზრახვები და ნავთობის წყურვილი დაინახოს მხოლოდ, უბრალოდ, არ იცის ამერიკის ისტორია და არ იცის ამერიკული საზოგადოებრივი, აკადემიური, ფილოსოფიური აზრი რას წარმოადგენდა ისტორიულად...” (სტილი დაცულია)

”დღეს პრეზიდენტ ბუშის ინტერესსა და ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესშია მსოფლიოში იყოს რაც შეიძლება მეტი დემოკრატიის შუქურა”, - ამბობს დავით დარჩიაშვილი. ალექსანდრე რონდელის აზრით კი, ჩვენს ქვეყანაში ბევრი რამ მოგვწონს თუ არა, მათ შორის სასამართლო სისტემა, რომელიც შესაცვლელია, ყოფილ პოსტსაბჭოთა სივრცეში საქართველო, ასე თუ ისე, ინარჩუნებს მისიას, რომელსაც 2 წლის წინ, თბილისში ყოფნისას, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დემოკრატიის შუქურა უწოდა. ” რაც უფრო მეტად მომთხოვნი იქნება დასავლეთი ამ მისიის მატარებელი ქვეყნის მიმართ, უკეთესი იქნება”, - ამბობს ალექანდრე რონდელი, რომელიც შეერთებული შტატების პრეზიდენტის შეცვლის შემდეგ არ ვარაუდობს საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობაში ცვლილებას.

[ალექსანდრე რონდელის ხმა] ”ის პროცესი, რომელიც დაიწყო, - გაცივება ევროპასა და რუსეთს შორის, - ზრდის დასავლეთისთვის საქართველოს მნიშვნელობას. არა მგონია, რამე შეიცვალოს. პირიქით, დასავლეთი უფრო მოხედავს საქართველოს...” (სტილი დაცულია)
XS
SM
MD
LG